გაძევებამ "სიტის" ბრძოლისუნარიანობა ვერ დაუთრგუნა, მაგრამ თამაშის ხარისხზე, როგორც ჩანს, იმოქმედა – ლონდონელმა სტუმრებმა შეხვედრა ბოლომდე თავიანთ გემოზე აკონტროლეს და შთამბეჭდავ გამარჯვებამდე მიიყვანეს. მეტიც, "არსენალმა" თავს ფაბრეგასის პენალტის აცილების უფლებაც კი მისცა – პრემიერლიგის ცხრილის
"არსენალის" კაპიტანმა თქვა: "ისინი თხუთმეტნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ კი თერთმეტნი, მაინც მოვიგებდით. როდესაც "არსენალი" ასე თამაშობს, მისი გაჩერება შეუძლებელია. ასეთ დროს მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს. ხანგამოშვებით მართლაც საოცარ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ამ დონის შეხვედრაში მაღალ ტემპს რომ შეინარჩუნებ, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი ხდება"
პენალტის აცილების მიუხედავად ისტლენდზე გამარჯვებაში 23 წლის კაპიტანმა დიდი როლი ითამაშა. ახლა, "არსენალი" "ჩელსის" ხუთი ქულით ჩამორჩება, რაც ფაბრეგასის აზრით კარლო ანჩელოტის ბიჭებმა გაფრთხილებად უნდა მიიღონ.
"იმაზე ლაპარაკი, ვინ არის ფავორიტი და ვინ არა ჯერ ძალიან ადრეა. ორი აზრი არ არსებობს, "ჩელსი" მეტად ძლიერია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებთან ჯერ სათამაშო აქვს. ჩვენ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და შევხედავთ, როგორ გაართმევენ "ლურჯები" თავს მათთან ბრძოლას. კვირის გამარჯვებაზე კი ერთხელაც მოგახსენებთ, რომ ძალიან კარგ გუნდს მშვენიერი ფეხბურთით ვაჯობეთ და ეს გვახარებს".
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში სამირ ნასრიმ გახსნა, თუმცა "სიტიმ" ძალა მოიკრიბა და გათანაბრებასთან ახლოს იყო. შემდეგ, ალექს სონგმა იმავ ნასრის მონაწილეობით უფრო დააწინაურა ჩრდილოლონდონელები, მესამე კი ნიკლას ბენდტნერმა შეაგდო.
"არსენალის" თავკაცს არსენ ვენგერს ამ შეხვედრაში ყველაზე მეტად თავისი გუნდის დასრულებული იერსახე მოეწონა.
"ის, რომ სწორედ აქ, ისტლენდზე გავიმარჯვეთ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი შედეგები საკუთარი თავის რწმენაზე მოქმედებს ძალიან კარგად. რასაკვირველია, მოწინააღმდეგის ფეხბურთელის გაძევებამ უპირატესობა მოგვანიჭა, მაგრამ ამის გამო ეიფორია არ მოგვძალებია. ჩვენ გონიერება და სიმშვიდე შევინარჩუნეთ. ძალიან მომეწონა, რომ შეხვედრის სირთულეებს ბრძნულად მივუდექით და ისე გადავჭერით".
ხოლო "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ მსაჯის მარკ კლეტენბერგის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით ბოიატა მარუან შამახის წაქცევისთვის გასაძევებელი არ იყო:
"ნიუკასლთან" შეხვედრაში ჩვენ გოლის გატანის აშკარა შანსი გვქონდა, მაგრამ ტევესი წააქციეს, მსაჯმა კი დამრღვევს ყვითელი ბარათი აკმარა. დღეს, "არსენალის" თავდამსხმელმა ბურთს ფეხი კი გაჰკრა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, მისი შენარჩუნება მოეხერხებინა. ის ჩვენს მეკარეს მიუვიდოდა, არბიტრმა კი წითელი ბარათი აგვიფრიალა".