ედენ აზარი: მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ოღონდ მხოლოდ დადებითი კუთხით

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ჟურნალისტმა რობ დრეიპერმა "ჩელსის" ბელგიელ ვარსკვლავს, 22 წლის ედენ აზარს ინტერვიუ სთხოვა. როგორც ავტორი აღნიშნავს, ის თავად არ ელოდა, თუკი ფეხბურთელის პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე ასეთი გულწრფელი იქნებოდა. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

გულწრფელი აზარი
"დიახ, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, – აცხადებს ის, როცა ეკითხებიან, სიამოვნებს თუ არა ყურადღების ცენტრში ყოფნა. - ყველა ფეხბურთელს სიამოვნებს საკუთარი სახელის წაკითხვა საგაზეთო სათაურებში. მესმის, რომ ფეხბურთი გუნდური სახეობაა და საბოლოოდ ყველაფერი მისი ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა პრესის ყურადღების ქვეშ ყოფნა".

თუმცა აზარი ისეთ
სათაურებს გულისხმობს, როგორებიც ხუთშაბათს, ევროპალიგაზე "სპარტასთან" მისი გადამწყვეტი გოლის მერე დაიწერა. სწორედ მისმა გასროლამ გადაარჩინა "ჩელსი" მეორე ევროპული ტურნირიდან გამოთიშვას.

აზარი ერთი თვის წინ ნაკლებად საამაყო ისტორიის გმირიც გახდა, როცა ბურთის მიმწოდებელი ბიჭისთვის ფეხის მირტყმისთვის დისკვალიფიცირებული იყო. სატელევიზიო გამეორებებმა დაგვარწმუნა, რომ ედენი ბურთს უმიზნებდა. მთელი ეს გაუგებრობა 17 წლის ბიჭუნას გამო დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ თამაშის წინა დღეს წერდა საკუთარ "ტვიტერზე", რომ ლიგის თასის 1/2-ფინალში დროს მაქსიმალურად გაიყვანდა.

აზარმა საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ატეხილი ხმაური მისთვის მაინც კარგი გაკვეთილი გამოდგა: "ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამხელა კლუბია "ჩელსი". ხალხი მასთან დაკავშირებულს ყველაფერს ყურადღებას აქცევს, იქნება ეს ამბავი დადებითი თუ უარყოფითი. ასეთ დროს კი ადამიანი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს".

22 წლის ასაკში აზარმა ინგლისში თავისი თაობის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელის სახელი დაიმსახურა. ყოველ ჯერზე, როცა ის მომენტს ქმნის, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს თავისი პოტენციალის გამოსავლენად: "ბავშვობაში ალბათ ყველა ვოცნებობდით, რომ მთელი მეტოქე გუნდი მოგვეტყუებინა და ისე გაგვეტანა გოლი. რეალურად ეს ასე არ ხდება. ზოგიერთი საბოლოოდ მეკარედ ყალიბდება, ზოგი – მცველად. საბედნიეროდ, გამიმართლა და შემტევი ფეხბურთელი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცებზე მეტი შანსი მაინც მაქვს, რომ შეხვედრის ბედი გადავწყვიტო".

თამაში სახლთან ახლოს
აზარმა მშობლიური ბრენ ლე კონტი 14 წლისამ დატოვა, რათა სახლიდან სულ რაღაც 60 კმ-ში "ლილში" ეთამაშა. ამის მერე რაღაც წილად ის ფრანგიც არის. ამ ქვეყანაში ის 2011-სა და 2012-ში წლის ფეხბურთელად დაასახელეს. მას ჰყავს მეუღლე ნატაშა და 2 შვილი. ის 4 ძმას შორის უფროსია. 19 წლის ტორგანი მასთან ერთად გადავიდა "ჩელსიში", მაგრამ ამჟამად "ვარეგემში" იჯარით თამაშობს; კილიანი 17 წლისაა და "ლილის" რიგებში ირიცხება; ეტანი კი ჯერ 8 წლისაა და სამშობლოში ცხოვრობს.

ძმები საფეხბურთო ოჯახში გაიზარდნენ. მათი დედა კარინა ბელგიის ქალთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, მამა ტიერი კი ნახევრად პროფესიონალი იყო:

"დედა ჩემში მხოლოდ კარგს ხედავს. სულ იმას მეუბნება ხოლმე, რომ მოედანზე საუკეთესო ვიყავი. მამასთან საქმე სხვაგვარადაა. თამაშის გარდა, ის საფეხბურთო მენეჯერიც იყო და ჩემს თამაშს უკეთ აანალიზებს. თუკი ცუდად ვთამაშობ, არც ამას მიმალავს".

შარშან ზაფხულში აზარით ევროპული გრანდები იყვნენ დაინტერესებულები. მან არჩევანი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებზე გააკეთა: "მთავარი სხვაობა ჩემს ამჟამინდელ და ძველ კლუბს შორის არის ის, რომ აქ ნებისმიერი წაგება მიუღებელია. "ჩელსიში" უნდა გესმოდეს, რომ დიდ კლუბში თამაშობ და მოთხოვნები აქ შეუდარებლად მაღალია. მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს არის".

ძიუდოს გაკვეთილები
ადაპტაციის პრობლემათაგან ფიზიკური მომზადება ყველაზე უმნიშვნელო გამოდგა. ინგლისში მისთვის პირველი სეზონი ცვალებადი გამოდის, მაგრამ ყველა ტურნირში ერთად 34-ჯერ თამაშის დაწყება სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ამას მოწმობს. აზარს მიაჩნია, რომ ამაში მას სერიოზულად დაეხმარა ბავშვობაში მიღებული ძიუდოს გაკვეთილები:

"საკმაოდ მოძრავი ვარ. ბავშვობაში ძიუდოზე დავდიოდი, ასე რომ, ვიცი, მინდორზე როგორ უნდა დავეცე. საფრანგეთშიც იყო უამრავი დაძაბული თამაში და ამ მხრივ დიდი სხვაობა არ მიგრძვნია. მოედანზე თავისუფალი დრო იმისთვის, რომ ამოისუნთქო, არ არის. ყოველ თამაშზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო".

"ჩელსის" მთავარ მწვრთნელ რაფა ბენიტესს საკუთარი გუნდის გულშემატკივრებთან ცუდი ურთიერთობა აქვს: "მოედანზე როცა ხარ, გესმის ყველაფერი, რაც ტრიბუნებზე ხდება. მათ შორის ის, თუ ვის უსტვენენ, თუმცა ამ დროს ჩვენ ყველანი კონცენტრირებულნი ვართ თამაშზე. მენეჯერთან კი შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ბუნებრივია, რომ გულშემატკივართა აზრი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ მათი დამოკიდებულება მწვრთნელისადმი ფეხბურთელებს ხელს არ გვიშლის, რადგან ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედენ აზარმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს დაარტყა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული