უბედური გაზა

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, 43 წლის პოლ გესქოინი კვლავ სარეაბილიტაციო ცენტრში დაწვა – ასე მას უმკურნალებენ კიდეც და საშობაოდ ციხეში ჯდომასაც გადარჩება. წარსულის დიდ ვარსკვლავს, რომელსაც გასულ ხუთშაბათს კოკაინი უპოვნეს, პირდაპირ განუცხადეს, რომ ეს მისთვის ერთადერთი გამოსავალია.

დიახ, პოლიციელებმა გაზა შინ, ტახტზე მიგდებული ნახეს და ოფიციალური კლასიფიკაციით A კლასის ნარკოტიკიც აღმოუჩინეს. პოლიციელებს მის სახლში რა უნდოდათ? ვეტერანის ძმაკაცმა დარეკა 999-ზე. ის შეშინდა, როდესაც პოლი გათიშული დაინახა და დამხმარე ხალხის გამოძახება არჩია. ძმაკაცმა იფიქრა, რომ „ნიუკასლ იუნაიტედის“ „ტოტენჰემჰოთსპურისა“ და კიდევ რამდენიმე გუნდის
ვარსკვლავი დიდი დოზისგან მოკვდებოდა.

ამ ამბამდე ორი დღით ადრე კი პოლ გესქოინს სასამართლოში ჰქონდა საქმე: მას დაუმტკიცეს, რომ საჭესთან მთვრალი იჯდა (თავადაც აღიარა) და სამთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა. შეგახსენებთ, რომ გაზა თავისი MG სპორტს-ით გააჩერეს და აღმოაჩინეს, რომ დაშვებულზე ოთხჯერ მთვრალი იყო. ცნობისათვის: ნოემბერში გესქოინი ამისგან სრულიად დამოუკიდებელ საქმეზე ერთხელაც უნდა გამოცხადდეს სასამართლოში. დამოუკიდებელ საქმეზეო ვამბობთ, თორემ ლაპარაკი აქაც საჭესთან ნასვამობაზეა.

ამბობენ, რომ ხუთშაბათის ამბავმა გაზას კიდევ ერთი პრობლემა შეუქმნა: სახლის პატრონი გასახლებას უპირებს – ლეგენდარული ფეხბურთელი ჩრდილოეთ ტინისაიდში კერძოდ ბარედონში ქირაობდა სახლს.

პარასკევი გაზამ ნიუკასლის საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ კი, მეგობრებმა რამდენადაც ცნობილი გახდა, ბოსკოუმბში კლინიკა „პროვიდენს პროჯექტში“ წაიყვანეს. ეს მათ პოლის პატიმრობიდან დახსნის მიზნით გააკეთეს.

ხსენებული კლინიკა გესქოინისთვის უცხო არ არის, აქ მან გასული ზაფხული გაატარა. იქ მკურნალობა კვირაში 600 ფუნტი ღირს, რაც ძვირია თუ იაფი ვერ გეტყვით – ალბათ, გააჩნია ვისთვის როგორ. მავანმა ახლობელმა ტაბლოიდებს უთხრა:
„გაზა ცუდ დღეშია. ის სულ ერთსა და იმავე ანკესზე ეგება და კვლავ კლინიკური მკურნალობა სჭირდება. ერთი და იგივე ამდენჯერ რომ გამეორდება უკვე ძნელია თქმა დაძლევს კი ოდესმე პრობლემას?“

შეგახსენებთ, თუმცა შეხსენება რად უნდა, რომ პოლ გესქოინი მას მერე ხვდება კლინიკებში, რაც 2004 წელს საბოლოოდ დაანება თავი ფეხბურთის თამაშს. გაზამ ფეხბურთელობით დაგროვებული ქონება 14 მილიონი ფუნტიც ქარს გაატანა. ამ წლების განმავლობაში, მას სამჯერ გაუჩერდა გული, მაგრამ ექიმებმა სამივეჯერ იყოჩაღეს და ის ამქვეყნად დაუბრუნეს. აგვისტოში სიმთვრალის გამო, ავტოავარიაში ნეკნები და ცხვირი გაიტეხა. ორი წლის წინ ის თავსაც იკლავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული