ენდი ქეროლი სასამართლომ დაინდო

AutoSharing Option
„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ენდი ქეროლი იოლად გამოძვრა – მას სასამართლოში დაუმტკიცეს, რომ ადამიანი სცემა, მაგრამ ამისათვის მხოლოდ ათას ფუნტიანი ჯარიმა არგუნეს. რასაკვირველია, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ეს ათასი ფუნტი მთლად ათასი არ გამოვიდა, რადგან დამატებით, საკომპენსაციოდ ქეროლს 2500-ის გადახდაც მოუწევს, მაგრამ „კაჭკაჭების“ ფორვარდი ღარიბი კაცი არ არის და ასეთ თანხებს გაწვდება.

ჩხუბი, რომლის გამოც დაზარალებულს სახე დაუზიანდა და საავადმყოფოში დასჭირდა მკურნალობა გასული წლის 7 დეკემბერს ქალაქ ნიუკასლის „ბლუ ბამბუ“ კლუბში ატყდა. სხვათაშორის, ქეროლი თავიდან ცდილობდა ფიზიკური ძალადობა საერთოდ
არ დაბრალებოდა, შემდეგ კი იმ ვარიანტზე შეჩერდა, რომ მავან მაიკლ კუკს სახეში სასმელი შეასხა და ამ დროს ჭიქაც მოარტყა... შემთხვევით. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელს იმ ადამიანის დასახიჩრების განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ საეჭვოა ეს მისტერ კუკისთვის შეღავათი იყოს, რადგან მას სახე გაეჭრა.

თუმცა, გნებავთ ასე თქვით და გნებავთ ისე, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ქეროლს კუკის სახეზე ჭიქა მოუხვდა (განა განზრახ მოარტყა) და როგორც უკვე მოგახსენეთ, საკმაოდ მსუბუქად დააჯარიმა.

და რამ გამოიწვია ეს ამბავი არ განიტერესებთ? იმან, რომ გვიან ღამით, როდესაც „ბლუ ბამბუში“ უკვე ყველა მთვრალი იყო (სასამართლომ ისიც დაადგინა ვის რამდენი ჰქონდა დალეული და რომელი საათიდან სვამდა, რაც, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის აბსოლუტურად უინტერესოა) კუკმა ქეროლის გვერდით მდგომ ქალს შემთხვევით კაბაზე სასმელი გადაასხა. ქალმა ლანძღვა დაუწყო, რაზეც კუკი გაბრაზდა და ჭიქაში რაც ესხა მთლიანად შეასხა. აი, აიმს მერე ჩაერია საქმეში ფეხბურთელი და გააკეთა ის, რაც უკვე მოგახსენეთ.

ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი წვრილმანისა და ციტატის მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ ამით არსი არ შეიცვლება. ამიტომ, სჯობს, ის გავიხსენოთ, რომ ქეროლს კიდევ ერთი, დამოუკიდებელი ამბის გამო ელის სასამარტლო პროცესი: ყოფილი მეგობარი გოგონა, თინეიჯერი, აბრალებს, რომ სხვა ქალთან წაუსწრო და როდესაც საყვედური უთხრა ფეხბურთელმა ის გალახა. ქეროლი ბრალდებას უარყოფს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული