"რედინგი": მაკდერმოტი გაათავისუფლეს

AutoSharing Option
"რედინგის" მესაკუთრემ, რუსმა ბიზნესმენმა ანტონ ზინგარევიჩმა ორშაბათს საღამოს 51 წლის ბრაიან მაკდერმოტს კარისკენ მიუთითა, რისი მიზეზიც ჩემპიონატში ზედიზედ 4 წაგება გახდა. 12 მარტს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა შაბლონური განცხადებით დაადასტურა:

"საფეხბურთო კლუბი "რედინგი" გაცნობებთ, რომ ბრაიან მაკდერმოტი ტოვებს გუნდს. კლუბის მფლობელი მწვრთნელს დიდ მადლობას უხდის მისი ხელმძღვანელობით მიღწეული წარმატებებისთვის, მოყოლებული 2009 წლის დეკემბრიდან. ბრაიანის დახმარებით "რედინგმა" ისტორიაში მეორედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, მათ შორის, შარშანდელი სეზონის მიწურულს გამარჯვებათა სერიის წყალობით. მიუხედავად ამისა, ანტონ ზინგარევიჩი მივიდა დასკვნამდე, რომ შექმნილ ვითარებაში სამწვრთნელო
შტაბში ცვლილებებია საჭირო".

მენეჯმენტი ახალი დამრიგებლის ძებნას უკვე შეუდგა. Reading Post-ის მტკიცებით, პირველი, ვისაც სეზონის ბოლომდე "არისტოკრატების" გაწვრთნა შესთავაზეს, "ჩელსის" ყოფილი თავკაცი რობერტო დი მატეოა. 42 წლის იტალიელი ლონდონურმა კლუბმა გასული წლის 20 ნოემბერს გაათავისუფლა და მას მერე უმუშევარია. "უილიამ ჰილი", დი მატეოს გარდა, კიდევ რამდენიმე კონკურენტზე იღებს ფსონს: პაოლო დი კანიოზე (1,5), ნაიჯელ ადკინსზე (5,5), დიკ ადვოკაატზე (21,0). უქმეებზე "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" "რედინგს" აკადემიის მწვრთნელი იმონ დოლანი გაიყვანს.

პრესაში ატეხილ აჟიოტაჟს კლუბის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ და ერთადერთი, რაც უარყვეს, დიკ ადვოკაატის შესაძლო დანიშვნაა. 65 წლის ჰოლანდიელი ამჟამად "ეინდჰოვენთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. ჩელსი-რედინგი. გამოხმაურება - მოგება სკანდალის ფონზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული