დაივიწყეთ ბეილი და ვან პერსი - სუარესი!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "დეილი მეილის" საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი რედნაპმა, ფეხბურთელმა, ვინც "ლივერპულის" რიგებში 1991-დან 2001 წლამდე თამაშობდა, საინტერესო სტატია შემოგვთავაზა ლუის სუარესზე. 39 წლის ექსპერტმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მერსისაიდელთა ურუგვაელი თავდამსხმელი დაასახელა. რა არგუმენტებს გვთავაზობს საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, ამას ქვემოთ წაიკითხავთ. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- სუარესს ერთადერთი რამ აშორებს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისგან - ეს მისი კონკურენტები არიან. არ ვფიქრობ, რომ "ტოტენჰემის" ან "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკიდან მას ვინმე ხმას მისცემს. მე თუ მკითხავთ, ტიტულს მხოლოდ ერთი ღირსეული პრეტენდენტი ჰყავს. ამას
იმიტომ არ ვამბობ, რომ "ლივერპულში" 11 წელიწადი გავატარე. რეალისტი ვარ და მოვლენებს საღი თვალით ვუყურებ. მოდი, მის კონკურენტებს შევავლოთ თვალი.

დავიწყოთ ბეილით. საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ენიჭება მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილური და წარმატებული ასპარეზობისთვის და არა ბოლო ორი თვის გამო. ამ გარემოებამ უელსელი ფეხბურთელი ავტომატურად უნდა გამორიცხოს პრეტენდენტთა სიიდან. ბეილმა ხომ 30 იანვარს "ნორვიჩთან" თამაშის შემდეგ აგვალაპარაკა. მას მერე მან 10 თამაშში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ განა ეს საკმარისია?

ახლა ვან პერსიზე გადავიდეთ. ჰოლანდიელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა უკანასკნელ 10 თამაშში, იქამდე კი 9 შეხვედრაში ამდენივე გოლი ჰქონდა ანგარიშზე. ის ინგლისის საუკეთესო გუნდში თამაშობს და აქვს წინაპირობა, რომ რეგულარულად იტანდეს.

სუარესი კი "ლივერპულისთვის" ნამდვილი "მისტერ საოცრება" გახდა (მულტსერიალ The Incredibles-ის გმირი. რედ). მან 39 შეხვედრაში 29-ჯერ გამოიჩინა თავი. ლუისი თამაშობს გუნდში, რომელიც გარდაქმნის ეტაპზეა, მაგრამ მაინც ახერხებს ბრძოლას მაღალი ადგილებისთვის. ურუგვაელის როლი ამ მხრივ ძალიან დიდია.

წარმოგიდგენიათ, სად იქნებოდა გუნდი ლუისის გარეშე? პირადად ამის გაფიქრებაც მზარავს. გაიხსენეთ მისი გოლი "ტოტენჰემთან" შეხვედრაში. ლორისი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ სუარესი ერთი შეხებით ახლო კუთხეში დაურტყამდა და თანაც ზუსტად. მას თავად შეუძლია არაფრისგან სახიფათო მომენტების შექმნა. ზოგიერთები ამას გამართლებას უწოდებენ, მაგრამ ყველაფერი ეს ტექნიკისა და სუარესის სათამაშო ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია.

თავდამსხმელების უმრავლესობა ელოდება, როდის მიართმევენ ბურთს, ლუისი კი თავად ეძებს მას. "ტოტენჰემთან" ჯერ კიდევ 1:2-ის დროს მან ბურთი აუტიდან ისე ჩამოაწოდა, რომ მცველისთვის, ვისაც ეს ევალებოდა, არ დაუცდია და ამით ძვირფასი დრო მოიგო.

სუარესისთვის წინა სეზონი ურთულესი გამოდგა. სკანდალებმა და დისკვალიფიკაციამ მის თამაშზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა წელს კიდევ უფრო ძლიერი და უფრო მშიერი დაბრუნდა.

სუარესი ტოპფეხბურთელია, ვისაც თავისიანები აღმერთებენ, სხვებს კი ეშინიათ. ის ებრძვის ყველას: მეტოქეებს, მსაჯებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს. ხანდახან მეჩვენება, რომ მასში პატარა ეშმაკი ზის, ვინც საბრძოლველად აქეზებს. მაღიზიანებს, როცა ვხედავ, რომ სუარესი ხანდახან თანაგუნდელებითაც უკმაყოფილოა. მისი ჟესტები სხვათა მიმართ ძალიან არ მომწონს. თუმცა არ შემიძლია გავკიცხო, რადგან ვხედავ, როგორ იბრძვის თავისი კლუბისა და გულშემატკივრების გამო.

მსგავსი ტიპაჟი იყო ერიკ კანტონა. ის ანალოგიურ ემოციებს აღძრავდა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში. ფრანგი მეტისმეტად ქედმაღალი იყო. გაიხსენეთ, როგორ გამოდიოდა თამაშზე საყელოაწეული და როგორ მოძრაობდა მინდორზე. მას სიამოვნებით ამოვცხებდი ფეხს ამისთვის, ასეთი დიადი რომ არ ყოფილიყო. საკუთარი გულშემატკივრები მას ნამდვილად დიდ პატივს სცემდნენ.

არასოდეს მიმიცია ხმა კანტონასთვის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევის დროს. თუკი ყველა ისე იმოქმედებს, როგორც თავის დროზე ამას მე ვაკეთებდი, სუარესი ამ პრიზს ვერასოდეს მოიგებს. იმედია, ეს არ მოხდება.

თუკი პროფესიონალი ფეხბურთელები მას საუკეთესოდ არ დაასახელებენ, მაშინ ასეთად ის ჩვენ, პროფესიონალმა ჟურნალისტებმა უნდა დავასახელოთ და ვაღიაროთ მისი დამსახურებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესს ხელფასი კვირაში 100 ათას ფუნტამდე გაუზარდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული