"ლივერპული": მარტინ შკრტელი წავა, თუ ბრენდან როჯერსი დარჩება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელებს შეუძლიათ მშვიდად ამოისუნთქონ - უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და კვირას, "ვილა პარკზე" "ასტონ ვილასთან" XXXI ტურის შეხვედრისთვის მზად იქნებიან პეპე რეინა და ჯეიმი კარაგერი.

30 წლის ესპანელ გოლკიპერს "უიგანთან" 2 მარტის შემდეგ აღარ უთამაშია. მას ბრედ ჯონსი ცვლიდა. 34 წლის კარაგერის ადგილი კი სასტარტოში მარტინ შკრტელმა დაიკავა და ძალიან სუსტად ითამაშა. ის, რომ ძირითადში ორივეს გამოჩენას უნდა ველოდეთ, "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდს ბრენდან როჯერსის ერთ-ერთმა ასისტენტმა მაიკლ მარშმა დაუდასტურა.

სომეხი სამიზნეში
2012/13 წლების სეზონის დასრულებამდე თვე-ნახევარზე ცოტა მეტი დარჩა.
პრემიერლიგის ფინიში 19 მაისისთვის არის დანიშნული. ბუნებრივია, გუნდები ამის მერე უფრო გააქტიურდებიან სატრანსფერო ფრონტზე. იქამდე კი იმას ცდილობენ, რომ ზაფხულისთვის საქმე წინ წაიგდონ. ერთ-ერთი, ვისაც ბოლო დღეებში ინგლისური პრესა პრემიერლიგაში გადასვლას ყველაზე ხშირად უწინასწარმეტყველებს, დონეცკის "შახტარისა" და სომხეთის ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანია.

"ლივერპული" მზადაა, მოლაპარაკებები აპრილის ბოლოს წამოიწყოს და უკრაინელებს 14 მილიონი შესთავაზოს. ნახევარმცველის ტრანსფერი 15-20 მილიონ ევრომდეა შეფასებული. მოლაპარაკებების პროცესში ფასს ცოტას, ალბათ, "შახტარიც" დააკლებს.

"ლივერპულის" გარდა, მხითარიანით დაინტერესებულ კლუბებს შორის "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" სახელდებიან. მიმდინარე სეზონში დონეცკელთა რიგებში ჩატარებულ 32 შეხვედრაში მხითარიანის ანგარიშზე 22 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 19 ბურთით ის უკრაინული პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

მარტინ შკრტელი "ენფილდზე" 2008 წლის ზაფხულიდან თამაშობს. პრემიერლიგურმა კლუბმა 5 წლის წინ "ზენიტს" სლოვაკ ცენტრალურ მცველში 10 მილიონი ევრო გადაუხადა. მას მერე მარტინი "წითლების" ძირითადის უცვლელი წევრი იყო და 200-მდე მატჩში დაიცვა მისი ღირსება.

არც ერთი მწვრთნელის დროს ფეხბურთელის სტატუსს არაფერი დამუქრებია. უსიამოვნებები იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული მატჩის (2:1) შემდეგ დაიწყო. ამის მერე შკრტელი მოულოდნელად სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა და "საუთჰემპტონთან" XXX ტურის მატჩამდე ძირითადში აღარც უთამაშია. "წმინდანებთან" კი მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ კარაგერს ტრავმა აწუხებდა.

როგორც ბრიტანული პრესა ირწმუნება, თუკი როჯერსს პოსტიდან არ გაათავისუფლებენ, სლოვაკი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ მას "ზენიტი" სიამოვნებით დაიბრუნებდა. პრობლემა მხოლოდ "ლივერპულსა" და შკრტელს შორის 2016 წლამდე გაფორმებული კონტრაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯეიმი კარაგერი: მაიკლ ოუენი იყო უდიდესი ბომბარდირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული