სკანდალისტი იტალიელი "შავ კატებს" 2015 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს. მან გუნდს პირველად უკვე უხელმძღვანელა ვარჯიშზე. "პაოლო აღფრთოვანებული შეხვდა იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ წინაშე დგას. მას სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოჰკიდოს საქმეს ხელი. დარჩენილ თამაშებში რაც შეიძლება მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, გუნდში პაოლოს მოსვლის
შეგახსენებთ, რომ დი კანიო რამდენიმე დღის წინ "რედინგში" ბრაიან მაკდერმოტის შემცვლელად განიხილებოდა. მასზე უარი "არისტოკრატთა" ბოსმა ანტონ ზინგარევიჩმა თქვა.
აქტიური საფეხბურთო კარიერა პაოლო დი კანიომ რამდენიმე სახელოვან კლუბში გაატარა, მათ შორის - "ლაციოში", "ნაპოლიში", "იუვენტუსსა" და "მილანში". 1996 წელს მან ბრიტანეთს მიაშურა, სადაც საერთო ჯამში 8 სეზონი ითამაშა და ისევ სამშობლოს დაუბრუნდა. 2011 წელს მან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და 1,5 წელიწადი ლიგა ერთის "სუინდონს" წვრთნიდა, საიდანაც ამა წლის თებერვალში დაითხოვეს.
ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კლუბმა დი კანიოსა და მის ასისტენტებს ბაზაზე უკანონოდ შეღწევაში დასდო ბრალი. საბოლოოდ აპენინელები სისხლის სამართლებრივ დევნას გადაურჩნენ. ეს სკანდალი არც პირველი იყო დი კანიოს ცხოვრებაში და გარწმუნებთ, არც უკანასკნელი იქნება. მას სხვანაირად, უბრალოდ, არ შეუძლია.
... და პირველი სკანდალიც სანდერლენდში
სწორედ მისი იმიჯის დამსახურებაა, რომ BBC-ის ცნობით, "სანდერლენდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა. როგორც ჩანს, პოლიტიკოსს არ სურს, მისი სახელი ასოცირდებოდეს ადამიანთან, რომელსაც ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის ტატუ აქვს. აქვე მოკლედ აგიღწერთ მისი კარიერის ყველაზე ხმაურიან სკანდალებს:
"იუვენტუსში" ასპარეზობისას ფიზიკურად გაუსწორდა ჯოვანი ტრაპატონის. "მაესტროს" ხელი ისე ჰკრა, რომ ის რამდენიმე მეტრში სპორტულ ჩანთებზე დაეცა. "სკუადრა აძურაში" დანიშვნის შემდეგ კი ტრაპმა თქვა, რომ პაოლოს იმ შემთხვევაშიც არ მიიწვევდა, თუკი უცნობი ვირუსი სერია A-ში მოთამაშე ყველა იტალიელ თავდამსხმელს იმსხვერპლებდა.
დი კანიოს ძველი ცოდვები
"შეფილდ უენსდიში" დი კანიომ იუკადრისა როი ატკინსონის ბრალდება არაპროფესიონალიზმსა და დაუმსახურებლად მაღალ ხელფასზე. ამის გამო მან მთელი გუნდის თვალწინ მწვრთნელს გასახდელში საქმე გაურჩია და შეახსენა, რომ ის ყოველდღიურად იმასაც კი არ კადრულობდა, რომ გუნდის ვარჯიშისთვის ეხელმძღვანელა და ამ საქმეს ასისტენტებს ავალებდა. მოგვიანებით პაოლო იხსენებდა, რომ მან ამით გუნდს დიდი სამსახური გაუწია და კიდევ ერთხელ შელახულ საკუთარ იმიჯს სწორედ ამის გამო არ დაეძებდა.
იმავე "შეფილდში" ასპარეზობისას, "არსენალთან" მატჩისას, მას პატრიკ ვიეირასა და მარტინ კიოუნთან შელაპარაკება მოუვიდა. უკანასკნელი მას ოდნავ შეეხო, რის გამოც პაოლომ ჩხუბი ატეხა. არბიტრმა პოლ ელკოკმა მას წითელი ბარათი უჩვენა. ამან ჩვენი გმირი წყობილებიდან გამოიყვანა და მსაჯს ხელი ჰკრა. საფეხბურთო ასოციაციამ მას 11-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
"ვესტ ჰემი"-"ასტონ ვილას" შეხვედრაზე დევიდ ჯეიმსმა მას სიმულაციაში დასდო ბრალი. დი კანიო კი ადგა და ამის გამო მას მატჩის შემდგომ კომენტარში "დებილი" და "კრეტინი" უწოდა. ყველასდა გასაოცრად, ისინი მალე შერიგდნენ.
დაბოლოს, ყველას ახსოვს 2005 წელს სააგენტო ანსა-სთვის გაკეთებული ცნობილი კომენტარი: "მე ფაშისტი ვარ, მაგრამ არ ვარ რასისტი".
მაგრამ იყო ესეც...
სკანდალები და გაუგებრობები ერთია, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს დი კანიოს ის საქციელიც ახსოვს, რის გამოც მას "ფეარ პლეის" სპეციალური პრიზი გადასცეს. 2000 წელს, "ევერტონი"- "ვესტ ჰემის" შეხვედრის ბოლო წამებზე, მან საკუთარი გუნდის შეტევა გააჩერა, როცა დაინახა, რომ მეტოქის მეკარე მინდორზე გონებადაკარგული იწვა. მისი თქმით, ამით უძვირფასესი წამები დაიზოგა, რამაც ექიმებს ფეხბურთელისთვის დროული დახმარების აღმოჩენის საშუალება მისცა. "გუდისონ პარკი" მას ამ საქციელის გამო ფეხზე წამოუდგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სანდერლენდის" ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, რადგან "ფაშისტ" პაულო დი კანიოსთან ვერ იმუშავებს