"მეთოფეთა" აზიური ტურნე

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად "არსენალი" ხანგრძლივ აზიურ ტურნეში გაემგზავრება. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "მეთოფეთა" ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. Saitama Summer Cup-ის ეგიდით, 22 ივლისს ლონდონელები "ურავა რედ დაიმონდს" შეხვდებიან.

26-ში - "ნაგოია გრამპუს ეითსს". იაპონიამდე არსენ ვენგერის შეგირდები ინდონეზიას ეწვევიან, სადაც ჯაკარტაში 13 ან 14 ივლისს 90-ათასიან "გელორა ბუნგ კარნოზე" პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ, ოღონდ ვისთან, ცნობილი ჯერ არ არის. თამაშის გარდა, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პირისპირ შეხვედრაც არის დაგეგმილი.

ინდონეზიაში "არსენალი" უკანასკნელად 1983 წელს იმყოფებოდა. რაც შეეხება იაპონიას, ლონდონელები
ამ ქვეყანას 2011 და 2012 წლებშიც სტუმრობდნენ. "მოხარული ვარ, რომ იაპონიაში ვბრუნდები, ქვეყანაში, სადაც დაუვიწყარი ორი წელიწადი გავატარე, იქამდე, ვიდრე "არსენალში" დავინიშნებოდი. ვიცი, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს "ნაგოიას" საკუთარ "ტოიოტა არენაზე" ან "ურავას". ჩემპიონატის თამაშების დროს ამ გუნდების თამაშებზე ზღვა ხალხი დადის. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იაპონელი გულშემატკივრები თბილ დახვედრას მოგვიწყობენ," - განაცხადა არსენ ვენგერმა.

ხუთი მილიონი სოშოს
Goal.com-ის ინფორმაციით, "არსენალმა" საფრანგეთის ლიგა 1-ის "სოშოს" 22 წლის მარჯვენა მცველ სებასტიენ კორშიაში 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რის შემდეგაც მხარეები სატრანსფერო თანხაზე იოლად შეთანხმდნენ. ახალგაზრდა ფრანგი "ემირიტსზე" თანამემამულე ბაკარი სანიას შემცვლელად განიხილება, ვინც სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას ალბათ "პარი სენ-ჟერმენში" განაგრძობს.

თებერვალში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორშიას გადაბირებას ზაფხულზე მიუნხენის "ბაიერნი" შეეცდებოდა. მიუნხენელებს ის ფილიპ ლამის დუბლიორად სჭირდებოდათ. სიმართლე ითქვას, სებასტიენს არც ლონდონში აქვს გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მას სასტარტოსთვის ბრძოლა კარლ ჯენკინსონთან მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"არსენალი" - ფავორიტი ასმირ ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული