ასოციაციის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: რა ელის სერხიო აგუეროს?

AutoSharing Option
ის, რომ "მანჩესტერ სიტი" ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, ერთი თემაა. მეორე გარემოება, რომელმაც მთელი საფეხბურთო საზოგადოება აალაპარაკა, სერხიო აგუეროს უხეშობაა.

79-ე წუთზე 24 წლის არგენტინელმა დავიდ ლუისთან ორთაბრძოლის წაგების შემდეგ ბრაზილიელი ძირს დასცა და წინასწარი განზრახვით, ტყუპი ფეხი ჩაარტყა.

კრის ფოისა და მის ასისტენტებს ეს ეპიზოდი მხედველობიდან "გამორჩათ". ვერ გეტყვით, როგორ მოახერხეს ამის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, სათანადო რეაქცია არ ყოფილა.

როგორც შემდგომ აღმოჩნდა, აღნიშნულ ინციდენტზე არც მატჩის შემდგომ ოქმში ჩაწერილა რამე. ასე რომ, სადისციპლინო კომისიას თავისუფლად შეუძლია აგუეროს დასჯა.

გაზეთებმა
უკვე გაიხსენეს, რომ სერხიოსთვის ეს პირველი მსგავსი ქმედება არ არის. ანალოგიურად მოიქცა ის "ვესტ ჰემთან" (3 ნოემბერი, X ტური) "ტოტენჰემთან" (11 ნოემბერი, XI ტური) "უიგანთან" (28 ნოემბერი, XIV ტური) შეხვედრებშიც.

VideoSportall.Ge
14.04.13. ჩელსი - მანჩესტერ სიტი 1:2


აი, რა თქვა დაზარალებულმა დავიდ ლუისმა თამაშის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში:

"ამ ეპიზოდზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. პირადად მე არ შემიძლია ვამტკიცო, რომ წინასწარი განზრახვა იყო, რადგან ამ დროს სერხიოსკენ ზურგით ვიდექი.

აგუერო დიდებული ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ ის ვალდებულია, იყოს გულწრფელი და საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეს, რომ მასაც არ მოსწონს ასეთი უხეში ფეხბურთი. მის ადგილას საჯაროდ ბოდიშს მოვიხდიდი, რადგან მენდომებოდა, რომ ადამიანებმა მხოლოდ კარგი დაინახონ ჩემში.

დარწმუნებული ვარ, ის ბრაზმა სულ რამდენიმე წამით შეიპყრო. სწორედ ამიტომ მე მას ყველაფერს ვპატიობ".

შედეგების შეჯამება
თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა მეტოქის ძალას და ფინალში გასვლა გულწრფელად მიულოცა, მაგრამ მას არც სამსაჯო ბრიგადის შეცდომებზე მითითება დავიწყნია.

რაფაელ ბენიტესი (ჩელსი)
"ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით მეორე გოლის მიღების შემდეგ. ერთი ბურთი მხოლოდ ფერნანდო ტორესის გამოსვლის შემდეგ გავქვითეთ.

აქედან მოყოლებული, გუნდი ბევრად უფრო კონცენტრირებული, მიზანმიმართული და საკუთარ ძალებში თავდაჯერებული გახდა. უკეთ დავიწყეთ ბურთის კონტროლიც.

სამწუხაროა, რომ მეორე გოლი ვეღარ გავიტანეთ, არადა, ამის შანსი ნამდვილად გვქონდა. ამას გარდა, პენალტი გვეკუთვნოდა და ვენსან კომპანი წითელ ბარათსაც იმსახურებდა.

ამ შემთხვევაში კი ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. "სიტის" დამსახურებას ნამდვილად არ ვაკნინებ, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია. მაგალითად აგუეროს ეპიზოდიც კმარა.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ავუხსენი, რომ მათ ხასიათი უნდა გამოევლინათ და რაც დაგეგმილი გვქონდა, ის განეხორციელებინათ, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც ვეღარ შევაბრუნეთ.

ისღა დაგვრჩენია, რომ პრემიერლიგის დარჩენილ შეხვედრებზე გადავიტანოთ აქცენტი. აუცილებელია, სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა".

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი)
"არ ვფიქრობ, რომ "ჩელსისთან" ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ. მეორე გოლის შემდეგ ისე გამოვიყურებოდით, თითქოს საქმე უკვე მოთავებული გვქონდა. მას მერე კი, რაც "ჩელსიმ" სხვაობა შეამცირა, თამაშის ხასიათი რადიკალურად შეიცვალა.

საბოლოოდ გამარჯვება მაინც დავიმსახურეთ, მაგრამ თასზე ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. "უიგანთან" 90 წუთის განმავლობაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენი მომავალი მეტოქე ბოლო ხანს მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს.

თუკი ტიტულის დაუფლება გვინდა, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო მეკარე კოსტალ პანტილიმონის გარჯა. ის ჩვენთან იმიტომ თამაშობს, რომ შეუძლია იმის კეთება, რაც დღეს გვიჩვენა. ის ითამაშებს ალბათ ფინალშიც".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული