ცემა-ტყეპა ფეხბურთის შემდეგ

AutoSharing Option
მძიმე უქმეები გადაიტანა სრულიად ინგლისმა. გარდა იმისა, რომ "ჰილსბოროს" ტრაგედიის 24-ე წლისთავის მოლოდინი სიტუაციას განსაკუთრებით მწუხარე ელფერს აძლევდა, ისეთი ამბები დატრიალდა, მტრისას.

გაიმართა ორი უზარმაზარი ჩხუბი. ერთში, რასაკვირველია, "მილუოლის" ფანები მონაწილეობდნენ. მათ ასოციაციის თასის 1/2-ფინალში "უიგანთან" მარცხი ვერ გადაიტანეს. "მირორის" მტკიცებით, "ლომების" მხარდამჭერთა მოქმედებები იმდენად არაადეკვატური იყო (სხვა თუ არაფერი, ისინი ბოლოს ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ), რომ შეიძლება ვივარაუდოთ, გარკვეული ნაწილი ნამდვილად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ჟურნალისტების თქმით, ფანების ერთი მცირე ჯგუფი შეესწრო, თუ როგორ ყნოსავდნენ კოკაინს მათი თანამოაზრეები.

"ისინი არც კი
ცდილობდნენ, დაემალათ ის, რასაც სჩადიოდნენ. ნაწილი კოკაინს იღებდა, მეორე ჯგუფი კი იქვე მშვიდად ლუდს სვამდა," - განაცხადა "მილუოლის" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა. გეტყვით, რომ ლონდონის პოლიციამ არეულობებში მონაწილე 14 ადამიანი დააკავა, მათ შორის 12 ლონდონელი და 2 უიგანელი.

საბრძოლო მოქმედებათა თეატრი №2
ინგლისის ჩრდილოაღმოსავლურმა დერბიმ ჩვეულებრივზე უფრო ემოციურად ჩაიარა. სიტუაცია რამდენიმე ფაქტორმა დაძაბა: 1. შეხვედრის არბიტრმა ჰოვარდ ვებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, ძირითადად, მასპინძელთა საზიანოდ 2. პაულო დი კანიომ 13-წლიანი პაუზის შემდეგ გასვლაზე პირველად მოგებული დერბი და სამივე გოლი "კაჭკაჭებისთვის" გამაღიზიანებელი ჟესტებითა და მიმიკებით აღნიშნა. "სენტ ჯეიმს პარკზე" შეკრებილი გულშემატკივარი, ალბათ, ამანაც დააყენა ჩხუბის ხასიათზე.

BBC-ის ცნობით, თამაშის დასრულების შემდეგ ნიუკასლის პოლიციამ მასობრივ არეულობებში მონაწილეობის გამო 29 ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელსა და მის ცხენს მუშტებით დაესხა თავს. ის იმდენად მთვრალი იყო, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ მიეპარა ზურგიდან 2 სამართალდამცავი და წამებში გაკოჭა.

გულშემატკივრების გარდა, მსუბუქად დაშავდა 3 პოლიციელიც. ყველაფერი ეს იქიდან დაიწყო, რომ "კაჭკაჭების" ფანებმა სტადიონიდან გამოსვლის შემდეგ მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს ბოთლები, პეტარდები, აგურები და რაც მთავარია, ნაგვის პარკების სროლა დაუწყეს. ლოკალური შეტაკებები მათ შორის ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის სადგურის მისადგომებამდე გაგრძელდა. სამართალდამცავებს რამდენიმე წუთით სადგურის მთლიანად გადაკეტვაც კი მოუხდათ სიტუაციის ბოლომდე გასაკონტროლებლად.

ადგილობრივი ფანების მხრიდან იმის მცდელობაც კი იყო, რომ ქუჩაში ნაგვის ბუნკერებში ცეცხლი გაეჩინათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სანდერლენდთან" 0:3 მარცხის მერე "ნიუკასლის" ფანებმა ქალაქის ქუჩები დაარბიეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული