დამსახურებული ვეტერანის მკურნალობამ დაგეგმილზე ბევრად უფრო დიდი დრო წაიღო და როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა იქონია. შეგახსენებთ, რომ მუხლის პრობლემების გამო პოლს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. "გარდიანის" ცნობით, სქოულზმა ფეხბურთიდან მეორედ წასვლა (ამჯერად საბოლოოდ) უკვე გადაწყვიტა და მალე ამას პირადად დაადასტურებს.
ნახევარმცველმა პირველად კარიერა 2011 წლის ზაფხულზე დაასრულა, მაგრამ "იუნაიტედს" 6 თვეში დაუბრუნდა.
მორიგი პორტუგალიელი მანჩესტერში
"მირორის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლისაბონის "სპორტინგიდან" გვინეური წარმოშობის შემტევი ნახევარმცველის, 18 წლის ბრუმას შეძენას აპირებს. გამოცემის ცნობით, "იუნაიტედის" გარდა, ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპულიც".
თანაც, "ქალაქელებმა" მოლაპარაკებები ლისაბონელებთან უკვე დიდი ხანია, წამოიწყეს. მიმდინარე სეზონში თინეიჯერი უფრო მეტად დუბლებში თამაშობს და "ეშმაკებიც" პირველ ეტაპზე მას რეზერვისტებში უპირებენ გამწესებას. ალექს ფერგიუსონი მზადაა, პორტუგალიელში 3 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ მანკუნიანელებს ლისაბონელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ინგლისის ჩემპიონებმა თავის დროზე სწორედ "სპორტინგიდან" შეიძინეს კრიშტიანო რონალდო და ლუიშ ნანიც. "ლომებს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, რის გამოც იძულებულნი არიან, წამყვანი ფეხბურთელების მთელ ჯგუფს გამოეთხოვონ.
ზეიმი 13 მაისს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვებგვერდის ცნობით, კლუბი საჩემპიონო მარშის ჩატარებას 13 მაისს გეგმავს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი. ღონისძიების დეტალებზე წყარო ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩავი: პოლ სქოულზი მსოფლიოს ბოლო დროის საუკეთესო ნახევარმცველია