"ლივერპულის" კაპიტანს ოპერაცია ელის

AutoSharing Option
"ლივერპულის" 32 წლის კაპიტან სტივენ ჯერარდს სეზონის დასრულებისთანავე მარცხენა მხარზე ოპერაციას გაუკეთებენ.

ვეტერანს ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა, რაც სერიოზულად აწუხებს. ინგლისის ნაკრების კაპიტანი როი ჰოჯსონს 29 მაისს ირლანდიისა და 2 ივნისს ბრაზილიის ეროვნულ გუნდებთან ვერ დაეხმარება. ექიმების წინასწარი პროგნოზით, სტივს რეაბილიტაციისთვის 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2013/14 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრების პირველ ეტაპსაც დააკლდება. ივლისში მერსისაიდელები აზიასა და ავსტრალიაში აპირებენ გამგზავრებას. სტივი გუნდთან ერთად იქნება, მაგრამ მოახერხებს თუ არა ის ვარჯიშს, წინასწარ ამის თქმა ძალიან
ძნელია.

მეორე მხრივ, სამედიცინო შტაბი ირწმუნება, რომ 3 აგვისტოს, "ენფილდზე" საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" ჯერარდის საპატივცემულოდ გამართული შეხვედრისთვის ის მწყობრში იქნება.

კიდევ ერთხელ: ჩელსიდან ლივერპულში
"ლივერპულმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას "ჩელსიდან" 23 წლის დენიელ სტარიჯი 15 მილიონ ევროდ შეიძინა. თავდამსხმელი მერსისაიდელთა რიგებში შესანიშნავად ათამაშდა (15 შეხვედრაში 5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

ინგლისელი ჟურნალისტების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, "წითლებმა" "ჩელსისგან" ამ ზაფხულს კიდევ ერთი თავდამსხმელი შეიძინონ. ლაპარაკია ამჟამად "ვესტ ბრომვიჩში" მოასპარეზე რომელუ ლუკაკუზე. პრემიერლიგაში 19 წლის ბელგიელის ანგარიშზე 14 გოლია. მას ლონდონელებთან ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა რაკი "ჩელსი" უფრო მაღალი რანგის ვარსკვლავებს უმიზნებს, წესით, ლუკაკუს იოლად უნდა შეელიოს.

მოთმინება, ბატონებო!
"ლივერპულის" ვებგვერდთან ინტერვიუში მერსისაიდელთათვის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, 41 წლის სტივ მაკმანამანმა "ენფილდზე" ბრენდან როჯერსის პირველი სეზონი შეაფასა. აი, რას ამბობს ის:

"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი დავინახოთ. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ჩვენ წამყვან ინგლისურ კლუბებს სერიოზულად ჩამოვრჩით. ის, რომ გულშემატკივრებს ძალიან გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ეს სხვაობა, ერთია, მეორე მხრივ კი, სერიოზული მოთმინება გვჭირდება, რომ მიზანს მივაღწიოთ. "იუნაიტედის", "სიტისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "ვესტ ჰემთან" და "რედინგთან" ფრეებმა საქმე გაგვირთულა.

გულშემატკივარს ეხსომება, ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ როგორ ვთამაშობდით, მაგრამ ამ დონეს ჯერ კიდევ უნდა მივაღწიოთ. დარჩენილ შეხვედრებში იდეალური იქნება, თუკი ფეხბურთელები გულშემატკივარს უჩვენებენ იმას, რისი წყალობითაც ისინი მომდევნო სეზონის წინ იმედიანად
განეწყობიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტივენ ჯერარდი ზაფხულში მხრის ოპერაციას გაიკეთებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული