პრემიერლიგა. XXXVI ტურის წინ: რაფაელ ბენიტესის ორი რთული ტესტი

AutoSharing Option
პრემიერლიგის დარჩენილ სამ ტურში დეტალებიღა დარჩა გასარკვევი. ცხრილის პირველი ორი საფეხურის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია.

არც უკანასკნელი ორი ადგილის მფლობელებს შეეცილება ვინმე რამეს.

მთავარი ინტრიგა ის არის, ვინ დაიკავებს მესამე ადგილს და ვინ არ დაიკავებს მეთვრამეტეს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი საგზურის ფავორიტი ერთი შეხედვით "ჩელსია", მაგრამ რაფა ბენიტესის გუნდს 4 დღის ინტერვალით ორი უმნიშნელოვანესი თამაში ელის და წინასწარ ლონდონელებზე ფსონის ჩასვლას არავის ვურჩევთ.

რაც შეეხება დარჩენის კანდიდატებს: ოთხ გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს.

ერთი სიტყვით, წინ ისევ დაძაბული დღეები გველის.

სეზონის იმედგაცრუება
"ჩაქუჩები" უკვე მომდევნო სეზონზე და სემ ელერდაისის ახალ კონტრაქტზე ფიქრობენ. დარჩენილი თამაშები მათთვის წმინდა წყლის ფორმალობაა.

წესით, მაქსიმალურად უნდა იყოს მოტივირებული "ნიუკასლი", ვინც უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ ისე შერცხვა, რომ "აპტონ პარკზე" საკუთარი რეპუტაციისთვის მაინც უნდა იბრძოლოს.

თუმცა რაც უნდა მოხდეს, "კაჭკაჭები" სეზონის უმთავრესი იმედგაცრუების იარლიყს ვერაფერს მოუხერხებენ.

სადღაც გულის სიღრმეში მაინც დარწმუნებულები ვართ, რომ ალან პარდიუს გუნდი ელიტაში ადგილს მაინც შეინარჩუნებს.

კარგ ფორმაში მყოფი აუტსაიდერი
"ასტონ ვილამ" წინა ტური ისეთ დონეზე ითამაშა, რომ ნორვიჩის "კეროუ როუდზე" მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მით უფრო, რომ პოლ ლამბერტის გუნდს სტუმრად თამაში მშვენივრად გამოსდის.

"იადონებს" კრისტიან ბენტეკეს დაჭერა გაუჭირდებათ. ახალგაზრდა ბელგიელი პრემიერლიგაში პირველი ჰეთთრიკის შემდეგ ფრთაშესხმულია. ყველაფრის მიუხედავად, ბუკმეიკერები "ვილას" იოლ მოგებას არ უწინასწარმეტყველებენ.

"ვესტ ბრომვიჩი" საშინაო შეხვედრებში აღებული ქულებით პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის გათვალისწინებით, გვეეჭვება, "უიგანმა" მიზანს მიაღწიოს.

"ათლეტებს" სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ. ყველა სხვა გზა ჩემპიონშიპისკენ მიდის. ასოციაციის თასის ფინალისტებს სამშაბათს გამოტოვებული თამაში უწევთ "სუონსისთან". შესაბამისად, ფეხბურთელებმა ამ თამაშისთვისაც უნდა შემოინახონ ძალები.

რთული გრაფიკი
რთული დროება უდგას "ტოტენჰემს". "დეზებს" 4 მაისს "საუთჰემპტონთან" აქვთ დაპირისპირება, ოთხშაბათს კი "სტემფორდ ბრიჯზე" უწევთ გასვლა.

ანდრე ვილაშ ბოაშს
ბედმა გაუღიმა, რადგან პორტუგალიელს წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ. აუცილებლად ითამაშებს ემანუელ ადებაიორი. მომჯობინდა "უიგანთან" ტრავმირებული მუსა დემბელეც, თუმცა ბელგიელი საყრდენი მწვრთნელმა შესაძლოა "ჩელსისთან" თამაშისთვის შემოინახოს.

"უაით ჰართ ლეინზე" "წმინდანებს" წინა ტურში გაძევებული დენიელ ფოქსი და გასტონ რამირესი არ ეყოლებათ.

მერსისაიდული დერბი
კვირას XXXVI ტურის ყველაზე საინტერესო თამაშები გაიმართება. თუნდაც "ლივერპული"-"ევერტონი" რად ღირს. "წითლებმა" ორიოდე დღის წინ ინგლისის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას "ფეარ პლეის" მოგების შემთხვევაშიც კი ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ტურნირში ჩართვაზე უარი უთხრეს. '

ბრენდან როჯერსისთვის შეურაცხმყოფელია მხოლოდ კუთვნილი კვოტის გამო ევროპაში გასვლა. მიზნის მისაღწევად ისინი ბრძოლას მხოლოდ მოედანზე აპირებენ და არა კაბინეტებში. როგორც იტყვიან, "ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი".

გამარჯვების შემთხვევაში სხვაობა თანაქალაქელებს შორის 2 ქულამდე დავა. "ევერტონის" დარჩენილი გრაფიკის გათვალისწინებით კი (უკანასკნელ ტურში მას "სტემფორდ ბრიჯზე" უწევს თამაში) საოცნებო მე-6 ადგილის მოპოვება შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

თუმცა არც დევიდ მოიესის გუნდს სჭირდება იმის ახსნა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს დერბიში წაგებას. სტატისტიკა სტუმრებს კარგს არაფერს უქადის. "ენფილდზე" "ლურჯებმა" უკანასკნელად 1999 წელს მოიგეს.

ბოლო აკორდი
უქმეების ცენტრალური თამაში "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება და მას, როგორც ხუმრობით ხშირად უწოდებენ ხოლმე, ალექს ფერგიუსონის საყვარელი არბიტრი ჰოვარდ ვები განსჯის.

უცნაურია, მაგრამ მიმდინარე სეზონში 41 წლის მსაჯს "იუნაიტედი"-"ჩელსის" გაძღოლა მეორედ უწევს. პირველად მან ასოციაციის თასის მე-6 ეტაპზე იმსაჯა. მაშინ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ლონდონელთა გადატვირთულ გრაფიკზე ერთი თვის წინ ბევრს წერდნენ, მაგრამ რაფა ბენიტესმა ყველა გამოცდა ჩააბარა. ჯერჯერობით მისი გუნდი ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ხუთშაბათს ევროპალიგის ფინალშიც გავიდა.

"ჩელსი" თითქოს ფინიშის სწორს გავიდა, მაგრამ ყველაზე სერიოზული ტესტები მას ახლა ელოდება: 4 დღის ინტერვალით "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემთან" დაპირისპირებები. ამ ორმა თამაშმა და წარუმატებლობამ ესპანელ მწვრთნელს შესაძლოა, მთელი ჯაფა წყალში გადაუყაროს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური
4 მაისი
ფულჰემი-რედინგი 18:00
დისკვალიფიკაცია: სტივ სიდუელი (ფულ)
ტრავმა: დიმიტარ ბერბატოვი, მაჰამადუ დიარა, აშკან დეჟაგა, საშა რიტერი, საიმონ დევისი, ნილ ეთერიჯი - ადამ ფედერიჩი, ჯიმი კებე, ჰალ რობსონ-კანუ, ჰოუპ აკპანი, ჯეისონ რობერტსი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=1-3 (13-8)

ნორვიჩი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონ რადი, სებასტიან ბასონგი, მაიკლ ტერნერი, ენდრიუ სერმანი - რიჩარდ დანი, კირან კლარკი, კარიმ ელ აჰმადი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +11=13-16 (55-62)

სუონსი-სიტი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დარნელ შიტუ, როლანდ ლამა - მაიკონი, ჯეკ როდუელი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=0-4 (8-12)

ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: დენიელ ფოქსი, გასტონ რამირესი (საუთ)
ტრავმა: იუნეს კაბული, მუსა დემბელე, ვილიამ გალასი, სანდრო - ჯეიმს ვორდ-პრაუსი, ლუკ შოუ
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 თამაში: +31=17-23 (120-92)

ვესტ ბრომვიჩი-უიგანი 18:00
დისკვალიფიკაცია: მარკ ანტუან ფორჩუნი (ვესტ)
ტრავმა: გორან პოპოვი, ჯეიმს მორისონი, კრის ბრანტი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა, ისაია ბრაუნი - ანტოლინ ალკარასი, ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, ივან რამისი, მეინორ ფიგეროა, რიო მიაიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=2-5 (14-14)

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: მატიე დებუში (ნიუკ)
ტრავმა: ჯორჯ მაკარტნი, ჯეიმს ტომკინსი, დანიელ პოტსი - ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, დავიდე სანტონი, გაელ ბიგირიმანა, ჯეიმს ტავერნიე, რაიან ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი, მასაიდო აიდარა
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +31=23-37 (132-145)

ქუინზ პარკი-არსენალი 20:30
დისკვალიფიკაცია: ბობი ზამორა - ოლივიე ჟირუ
ტრავმა: ენდრიუ ჯონსონი, შონ რაიტ-ფილიპსი, ანდროს ტაუსენდი, კრისტოფერ სამბა - ვასირიკი დიაბი, ლუკაშ ფაბიანსკი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +12=12-19 (41-55)

5 მაისი
ლივერპული-ევერტონი 16:30
დისკვალიფიკაცია: ლუის სუარესი (ლივ)
ტრავმა: ჯო ალენი, რაჰემ სტერლინგი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი - ტონი ჰიბერტი, დარონ გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 178 თამაში: +70=56-52 (245-203)

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეშლი იანგი, ნემანია ვიდიჩი, დენი უელბეკი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი -ორიოლ რომეუ, მარკო მარინი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +63=41-45 (248-192)

6 მაისი
სანდერლენდი-სტოკ სიტი 23:00
დისკვალიფიკაცია: სტეფან სესინიონი (სანდ)
ტრავმა: ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, კონორ უიკჰემი, სტივენ ფლეტჩერი - მარკ უილსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +35=24-28 (116-96)

გადადებული თამაშები
7 მაისი
უიგანი-სუონსი 22:45
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 22:45

8 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი 22:45

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 25 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 18 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 17 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული