ვენგერი ჩივილს აპირებს

AutoSharing Option
"არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა გაოცება და აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ მისმა ჰოლანდიელმა კოლეგამ, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა 17 ნოემბერს თურქეთთან სათამაშოდ რობენ ვან პერსი გამოიძახა. მართალია, ვან პერსი ჯერჯერობით მხოლოდ 24 კაციან სიაშია შეყვანილი, მაგრამ ვენგერისთვის ესეც დიდი მოულოდნება გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეთა" ფორვარდს ამ სეზონში აგვისტოს მერე არ უთამაშია და ისიც, ორჯერ შეცვლაზე შევიდა, მესამედ კი "ბლექბერნ როვერსთან" 35-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. ვან პერსიმ იმ დღეს კოჭი იტკინა.

ვენგერმა თქვა: "რობინ ვან პერსის
ტრავმის შემდეგ ჯერ არ უთამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდური მოქმედებისთვის ხეირიანად არ მომზადებულა. ამიტომაც, როდესაც შევიტყე, რომ ის ჰოლანდიის ნაკრებში გამოიძახეს, ძალიან გავირვებული დავრჩი".
მართლაც, 27 წლის თავდამსხმელს სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ამბობენ, რომ ის "არსენალის" სხვა ფეხბურთელებს საწვრთნელ ცენტრში ხვალ-ზეგ შეუერთდება. ეს, ერთი მხრივ, რასაკვირველია, იმას ნიშნავს, რომ ვან პერსი გამოჯანმრთელების გზაზეა, მაგრამ მეორე მხრივ ვენგერი ფიქრობს, რომ მას სრული საფუძველი აქვს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ფიფაში უჩივლოს - იმ შემთხვევაში თუ ვან პერსის 24 კაციანი სიიდან უშუალოდ, შეხვედრის მონაწილეთა სიაში გადაიყვანენ.

ჰოლანდიელთა შეკრებაზე კვლავ არ გახლავთ გამოძახებული "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი. მოგეხსენებათ, დე იონგი ვან მარვიიკმა არც ევრო 2012-ის წინა ორ შეხვედრაში გამოიძახა - ნახევარმცველმა ყველა აღაშფოთა იმ უხეშობით, რომლის გამოც "ნიუკასლ იუნაიტედის" ფრანგ ფეხბურთელს ჰატემ ბენ არფას ფეხი ორ ადგილას მოტყდა. სწორედ მაშინ გამოაცხადა "ორანიეს" ანუ ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა, რომ დე იონგს სჯის. ამჯერად, ვან მარვიიკი მანჩესტერში ჩავიდა და დე იონგს პირადად ელაპარაკა. მან თქვა:

"ჩვენ შექმნილ მდგომარეობაზე საფუძვლიანად ვილაპარაკეთ. ნაიჯელი ნაკრებს თებერვალში, ავსტრიასთან შეხვედრაში დაუბრუნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული