ჟოზე მოურინიოს "მეორედ მოსვლა" ლონდონის "ჩელსიში"

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ლონდონს კვირას, საღამოს ეწვია და განაცხადა, "ჩელსისთან" ურთიერთობას უახლოეს დღეებშივე გავარკვევო.

პორტუგალიელმა 4-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. 3 ივნისს შედგა მისი პრეზენტაციაც.

"აღფრთოვანებული ვარ იმითი, რაც მოხდა. წარმატებები, რომელსაც ის რეგულარულად აღწევს და ამბიციები მას ჩვენთვის იდეალურ კანდიდატურად აქცევდა. ჩვენ გვჯერა მისი", - განაცხადა "ჩელსის" აღმასრულებელმა დირექტორმა რონ გურლეიმ.

უკვე ცნობილია, რომ მოურინიოს ყველაზე მეტად თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს. "ჩელსიში" რადამელ ფალკაოსა და ედინსონ კავანის კანდიდატურებზე ფიქრობდნენ. პირველმა "მონაკოს" მიაშურა, მეორე კი, ალბათ, "რეალში" ამოჰყოფს თავს.

"განსაკუთრებულ კაცს"
თავისი კანდიდატურები უკვე შეგულებული ჰყავს: ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) და სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ამას გარდა, სწორედ ჟოზემ უნდა დაუსვას წერტილი "ლევერკუზენიდან" ანდრე შიურლეს ტრანსფერსაც. თუკი ის 22 წლის გერმანელთან თანამშრომლობას არ ინდომებს, ანდრე გერმანიაში დარჩება.

თავდასხმის გარდა, ლაპარაკია "ბენფიკადან" ნახევარმცველ ნემანია მატიჩისა და "პორტუდან" მცველ ელიაკიმ მანგალას შეძენაზეც.

მოურინიო "კობემის" ბაზაზე ჯერ არ გამოცხადებულა და პირველი გაუგებრობა უკვე მოხდა. მას სამწვრთნელო შტაბის ხელახლა დაკომპლექტება სურს. მათ შორის არის მეკარეთა მწვრთნელი სილვიო ლოუროც.

ამ ცნობამ პეტრ ჩეხის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან 30 წლის ფეხბურთელი ბოლო წლებია, წარმატებით თანამშრომლობს კრისტოფ ლოლიშონთან. "ჩელსის" გოლკიპერსა და გუნდის ახალ დამრიგებელს შორის ამის გამო, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი მოხდეს.

ფრანგული პრესის ცნობით, "რეალ სოსიედადიდან" "რენში" გადასული ფილიპ მონტანიე ლოლიშონს თავისთან უხმობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული