უცნაური შემთხვევა: ფეხბურთელი ციხეში შეაბრუნეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი წევრი და ყოფილი კაპიტანი, ინგლისის 18-წლამდელთა გუნდის მოთამაშე კორტნი მეპენ-უოლტერი 2013 წლის თებერვლიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზის.

მას იქ კიდევ 11 თვის გატარება მოუწევს იმის მიუხედავად, რომ დაწესებულების თანამშრომელთა აბსურდული შეცდომის გამო ის ამ დღეებში კედლებს გამოღმა აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, პოლიციამ ის უკან მიაბრძანა. "ინდეპენდენტის" ცნობით, ბრიტანეთის სასჯელაღსრულების სამსახურში გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე გვაქვს შეცდომასთან, დაუდევრობასთან თუ წინასწარ განზრახულ ქმედებასთან, ამას მხოლოდ რამდენიმე კვირაში გავიგებთ.

"მსგავსი შემთხვევები ხდება, მაგრამ ხდება ძალიან იშვიათად
და მას ჩვენ ყოველთვის მთელი სერიოზულობით ვეკიდებით," - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

კორტნი მეპენ-უოლტერი ციხეში მას შემდეგ მოხვდა, რაც ნასვამმა საკუთარი ჯიპით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 32 წლის მამაკაცი კულვალტ სინგჰი და 37 წლის ქალბატონი რაველ კაური იმსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს სერიოზული დაზიანებები მიიღეს მანქანის სალონის უკანა ნაწილში მსხდომმა 16 და 17 წლის ბავშვებმა, მაგრამ ბედად, ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. ეს ამბავი 2012 წლის სექტემბერში მოხდა.

ფეხბურთელმა აღიარა ბრალი და გამოძიებასთან თანამშრომლობასაც პირველი დღიდან დათანხმდა. ამის მიუხედავად, თებერვალზე ადრე საქმის სასამართლოში გადაგზავნა ვერ მოესწრო. გამოძიება მისი წარსულითაც დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ ფეხბურთელი რამდენჯერმე იყო დაჯარიმებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის. საბოლოოდ, ის როგორც არასრულწლოვანი, ისე გასამართლდა და ასეთი მსუბუქი სანქციაც იმიტომ დაეკისრა. სასჯელის მოხდის შემდეგ მეპენ-უოლტერს სამი წელიწადი კიდევ არ ექნება ავტომობილზე დაჯდომის უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული