კარდიფი-მანჩესტერ სიტი 3:2. გამოხმაურება: ხასიათების ჭიდილი

AutoSharing Option
პირველ ტურში "ნიუკასლთან" "მანჩესტერ სიტიმ" ძალიან ძლიერად ითამაშა, მაგრამ საფეხბურთო ექსპერტების შეფასებები მაინც თავშეკავებული იყო. თუმცა საქმეს არც კომპლიმენტების გარეშე ჩაუვლია.

კარგი დასაწყისი მისასალმებელია, თუმცა "ქალაქელებმა" პირველივე გასვლითი შეხვედრა ჩააგდეს, თანაც ჩემპიონატის დებიუტანტ "კარდიფ სიტისთან".

ეს მაშინ, როდესაც შეხვედრაში სწორედ ექსჩემპიონებმა გახსნეს ანგარიში. საოცარია, რომ ბურთს "სიტი" აკონტროლებდა, თუმცა თამაშში ჩართვა უფრო ხშირად ჯო ჰარტს უწევდა.

თავის მხრივ, არც ინგლისის ნაკრების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე და მარცხში მანაც თავისი წილი დაიდო. მეორე გოლი 26 წლის კარის დარაჯის აშკარა შეცდომის გამო
გავიდა.

თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

მატჩის შემდგომ
მანუელ პელეგრინი ("მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი): "კარდიფთან" თამაში საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. თითქმის მთელი პირველი ტაიმი მეტოქე თავს 10 კაცით იცავდა და ამის გამო საჯარიმოსთან მიახლოება და გატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჯეკოს გოლის შემდეგ "კარდიფმა" თამაში გამოასწორა და ორ საგოლე სიტუაციაში გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

გამათანაბრებელი გოლის ანალიზი ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ამ ეპიზოდში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მთელ გუნდს ერთიანად უნდა ეზრუნა და არა მხოლოდ მცველებსა და მეკარეს.

მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო დამნაშავე, ორჯერ კუთხურების შემდეგ გოლის გაშვება უპატიებელია.

ჩვენ პირველ ტურზე ბევრად უფრო სუსტად ვითამაშეთ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან ცუდები ვიყავით.

ფეხბურთელები კონცენტრირებულები იყვნენ გოლის გასატანად, თუმცა საბოლოოდ სტანდარტულმა მდგომარეობებმა დაგვღუპა.

ფეხბურთში ასეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება გადამწყვეტი ხდება ხოლმე. მართალია, წავაგეთ, თუმცა მაინც მგონია, რომ მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. წავაგეთ იმიტომ, რომ ყურადღება მოვადუნეთ. მომდევნო კვირაში ამ შეცდომების აღმოფხვრაზე გულდასმით ვიმუშავებთ".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



იაია ტურე (მანჩესტერ სიტი): "წაგება ან ფრე მისასალმებელი არასდროს არის, თუმცა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ეს ჩემპიონატის მხოლოდ დასაწყისია.

ახლა მთავარია, მართებული დასკვნები გავაკეთოთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა ვითამაშოთ მომდევნო ტურებში.

პრემიერლიგაში არც ერთი შეხვედრის მოგება არ იქნება იოლი. იმედგაცრუების მიუხედავად, შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ და მხოლოდ წინ ვიაროთ.

აშკარაა, კუთხურებისას ყურადღება მოდუნებული გვქონდა და ეს ანგარიშის გახსნის შემდგომ მოხდა. ცუდია, რომ რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ.

მეტოქეზეც მინდა ორიოდე სიტყვის თქმა: "კარდიფი" ნამდვილად ღირსეული მეტოქე აღმოჩნდა. ის ორგანიზებულად ახერხებდა თავის დაცვას".

მალკი მაკაი ("კარდიფ სიტის" მწვრთნელი): "ჩემმა ფეხბურთელებმა ალალად დაიმსახურეს ეს შედეგი. შარშან ჩემპიონშიპი ულაპარაკოდ მოვიგეთ და რამდენიმე რეკორდი დავამყარეთ, მაგალითად, საუკეთესო შედეგი გვქონდა შინ დაგროვილი ქულების მიხედვით.

საკუთარი ძალების რწმენა, რომელიც დღეს ლიგის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ შევიძინეთ, ის ფაქტორია, რომელიც მომდევნო უქმეებზეც გამოგვადგება და იმის შემდეგაც. დიახ, ჩვენ დავიმსახურეთ აქ ყოფნა.

"კარდიფი" ის ციხესიმაგრეა, რომლის შენებაც შარშან დავიწყეთ. საფინალო სასტვენის შემდეგ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრის საოცარი ზეიმის მოწმენი გავხდით. ატმოსფერო საოცარი იყო ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე.

დღეს ძალიან ამაყი ვარ, რადგან დავამარცხეთ მოწინააღმდეგე, რომელიც მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ეს ჩემი გუნდის განსაკუთრებულ ხასიათს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული