ინგლისი. პრემიერლიგა. III ტური: სტარიჯის ცხრა ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
მანჩესტერში, ყველასათვის მოულოდნელად, თამაში "ჰალის" აქტიურობით დაიწყო. "ვეფხვებს" დებიუტშივე შეეძლოთ სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა ჯერ ნიგერიელმა სონე ალუკომ ვერ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა, ორიოდე წუთში კი დენი გრემს თამაშგარეს გამო წაართვეს გოლის სიხარული.

28 წლის თავდამსხმელი უკვე 1 100 წუთზე მეტია, უშედეგოდ ცდილობს თავისი უშუალო მოვალეობის შესრულებას. მასპინძელთაგან პირველი რეალური მომენტი ჯოლეონ ლესკოტს შეექმნა, თუმცა ალან მაკგრეგორმა "სიტის" მცველის თავური ეფექტურ ნახტომში მოიგერია კუთხურზე.

მანუელ პელეგრინიმ ინერტული ედინ ჯეკო შესვენებაზევე შეცვალა. ალვარო ნეგრედოს გამოსვლა "ქალაქელებს" უმალ დაეტყოთ. ესპანელს რამდენიმე მცდელობა
დასჭირდა "ჰალის" კარებზე გასაღების მოსარგებად. პაბლო საბალეტას პასის შემდეგ მისი თავური მიწაზე დაეცა და ბადეში გაეხვია.

მაკგრეგორს ამ მომენტში შანსი არ ჰქონდა. მეორე ნახევარში "ჰალ სიტი" შეტევაში უკვე აღარ ვარგოდა. "სიტის" მცველებმა ამით ისარგებლეს და წინ წავიდნენ. ერთ მომენტში მატია ნასტასიჩს სანტიმეტრები დააკლდა ბურთამდე, თორემ გოლი გარდაუვალი იყო.

შეხვედრას წერტილი საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტულიდან იაია ტურემ დაუსვა. მასპინძლებს საფინალო სასტვენამდე მომენტები კიდევ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

"მთავარია, მოვიგეთ, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ თამაშის ხარისხის გამოსწორება გვმართებს. პირველ ტაიმში საკუთარი ძალების რწმენა გვაკლდა, რაც, ჩემი აზრით, "კარდიფთან" მარცხის გამოძახილი იყო," - დაასკვნა "სიტის" დამრიგებელმა.



Sportall.Ge



დი კანიოს მეთოდები აღარ ჭრის
"სანდერლენდს" წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ფლეტჩერი დაუბრუნდა. შეცვლაზე შესულმა შოტლანდიელმა გაიტანა კიდეც, თუმცა "შავ კატებს" ვერაფერი უშველა. საკუთარი გუნდის უსუსურობამ პაოლო დი კანიო ცოტა დააბნია კიდეც.

"ძნელია, დღეს გაბრაზებული იყო. ჩვეულებრივ, ემოციების გადმოცემა არ მიჭირს ხოლმე, თუმცა დღეს იმდენად ცუდად ვითამაშეთ, რომ სიტყვების პოვნაც კი ძალიან რთულია
. ოშიმ წითელი ბარათის გამო თანაგუნდელებს პატიება სთხოვა. დანარჩენებიც მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან ცუდი ჩაიდინეს," - განაცხადა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა.

დი კანიოს ემოციური კომენტარის შემდეგ, ალბათ, ყველაფერი გასაგები ხდება. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ სტუმართა კაპიტან ჯონ ოშის გაძევების მიზეზი საკუთარ საჯარიმოში თანაგუნდელის შეცდომის გამოსწორების მცდელობა იყო. ირლანდიელმა წითელი "ბოლო იმედის ჯარიმისთვის" მიიღო.

პირველი გოლის სიხარული
"ნიუკასლმა" დიდებული მეორე ტაიმი ჩაატარა. "კაჭკაჭებმა" სტუმრები რომ ვერ გაანადგურეს, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა. "ფულჰემის" 27 წლის კარის დარაჯმა დევიდ სტოკდეილმა 5-6 "მკვდარი ბურთი" აიღო და მარტინ იოლის გუნდი სირცხვილისგან იხსნა.

თავის მხრივ, "კოტეჯელებმაც" მოახერხეს რამდენჯერმე ტიმ კრულის შეწუხება. მაგალითად, ჰოლანდიელს მთელი თავისი ოსტატობის დემონსტრირება დასჭირდა ბრაიან რუისის საჯარიმოს მოსაგერიებლად.

სატრანსფერო მითქმა-მოთქმის შემდეგ "კაჭკაჭების" რიგებს დაუბრუნდა იოან კაბაი. ითამაშა ახლად გამოჯანმრთელებულმა ლოიკ რემიმაც. წესით, ალან პარდიუს სამწყსომ სატურნირო მდგომარეობა მალე უნდა გამოასწოროს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჰატემ ბენ არფამ ძლიერი და ეფექტური დარტყმით გაიტანა.

ეს ის ჰიუზი არ არის
2012/13-ის სეზონი მარკ ჰიუზმა "ქუინზ პარკის" მთავარ მწვრთნელად დაიწყო, თუმცა ვერ დაამთავრა. მიზეზი "რეინჯერთა" კოშმარული შედეგები იყო. ამის გამო "სტოკ სიტიში" უელსელის დანიშვნას ბევრი შეხვდა სკეპტიკურად, თუმცა ამ ეტაპზე "მეთიხეთა" თამაშს, სამ თამაშში აღებულ ექვს ქულას ცუდი ნამდვილად არ ეთქმის.

"ჩაქუჩებმა" სტუმართა მწყობრად მოთამაშე დაცვასთან ვერაფერი გააწყვეს. მეტიც, 90 წუთის განმავლობაში ასმირ ბეგოვიჩი რეალურად ერთხელაც არ შეწუხებულა. იუსი იასკელაინენს კი საქმე არ გამოლევია. 38 წლის ფინელი მეკარე რომ არა, სტუმრები ალბათ დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ. ერთადერთი ბურთი საკუთარ აქტივს შეცვლაზე შესულმა ჯერმეინ პენანტმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით მიათვალა.

მეოთხე ფრე
სეზონის დაწყებიდან "ევერტონმა" უკვე ოთხი თამაში გამართა და ძირითად დროში ჯერ არ დამარცხებულა, თუმცა ვერც მოგებას ახერხებს. მერსისაიდელებს ლიგის თასზე ლიგა 1-ის წარმომადგენელ "სტივენეიჯთანაც" კი დამატებითი დრო დასჭირდათ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

"კარდიფთან" ფრე კი მიჯრით მეორე უგოლო პრემიერლიგური შეხვედრა გამოდგა. მასპინძლები სახიფათო მომენტებს, ტრადიციულად, კუთხურების შემდეგ ქმნიდნენ, კომბინაციურ თამაშში კი "ევერტონი" აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პირველ ტაიმში უხეშობით სახელგანთქმული გარი მედელის მიერ ლეიტონ ბეინსის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო პენალტი არ დანიშნა.

საჩუქარი დაბადების დღეზე
1994/95 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ლივერპულს" ჩემპიონატის სტარტზე მიყოლებით სამი თამაში არ მოუგია. მაშინ მერსისაიდელებმა თამაშები უფრო სოლიდური ანგარიშებით მოიგეს, თუმცა გამარჯვება გამარჯვებაა. და ეს ყველაფერი დენიელ სტარიჯის დამსახურებაა.

ჯერჯერობით ის ერთადერთია, ვისაც გოლი აქვს გატანილი. 1-ელ სექტემბერს თავდამსხმელი 24 წლის გახდა და საკუთარ თავს იმაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, ვიდრე "ლივერპულის" ფეხბურთელმა შეიძლება იოცნებოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, "ენფილდს" ეს გოლი არასოდეს დაავიწყდება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ ისე სწრაფად ვერ ვითამაშეთ, როგორც წინა ტურებში, თუმცა შედეგი ჩვენი უტეხი ხასიათის ხარჯზე მაინც მივიღეთ,"
- კმაყოფილმა განაცხადა თამაშის დასრულების შემდეგ ბრენდან როჯერსმა.

"თამაშის კონკრეტულ მონაკვეთებში ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, თუმცა მთავარი რაც იყო, ის ვერ შევძელით და ვერ გავიტანეთ. ჩემი აზრით, "ენფილდზე" სეზონის საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ,"
- დასძინა დევიდ მოიესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩრდილოეთის მეფე "მეთოფეა"
ჩრდილოლონდონური დერბი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თითქმის თანაბარი სტატისტიკის მიუხედავად, თამაშის ბოლომდე სურათი არც შეცვლილა. "მეთოფეები" უკეთ კომბინაციებს ქსოვდნენ და უფრო ხშირად ახერხებდნენ უგო ლორისის შეწუხებას. მე-7 წუთამდე მარტო სანტი კასორლას ორჯერ შეეძლო გატანა ჯარიმებიდან, თუმცა ერთხელ ფრანგმა გოლკიპერმა იყოჩაღა, მეორედ კი კარის ჩარჩოს სულ ოდნავ ააცილა.

"დეზების" მხრიდან პირველი პასუხი რობერტო სოლდადოს ანგარიშზე იყო. ესპანელის დარტყმას პერ მერტეზაკერი გადაეფარა. გოლი სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გავიდა. თეო უოლკოტის პასი ოლივიე ჟირუმ ეფექტურ გოლად აქცია, მაიკლ დოუსონი კი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

"ტოტენჰემმა" ტაიმის ბოლოს თამაში გამოასწორა და ბურთს დიდი ხნით დაეუფლა. მეორე ნახევარში შეტევების სისწრაფე არ შენელებულა. არსენ ვენგერის გუნდი ეფექტურობის თვალსაზრისით ისევ უკეთესი იყო. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


III ტური

სიტი-ჰალ სიტი 2:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (65), 2:0 ი. ტურე (90)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, ლესკოტი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე - დ. სილვა (66. ნასრი), აგუერო (76. მილნერი), ნავასი - ჯეკო (46. ნეგრედო)
ჰალ სიტი (4-3-2-1): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, ჩესტერი, კ. დევისი, ფიგეროა - ჯ. ლივერმორი, ჰადლსტოუნი, კორენი (75. ბოიდი) - ალუკო (70. ქუინი), ბრეიდი - გრემი
გაფრთხილება: ნასტასიჩი, ფერნანდინიო - ფიგეროა, კორენი, კ. დევისი
კარში დარტყმა: 18-9 (6-2) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 15-14 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 46 903

კარდიფი-ევერტონი 0:0
კარდიფი (4-4-1-1): მარშალი - კონოლი, კოლკერი, ტერნერი, ე. ტეილორი - მედელი (89. მუტჩი), გუნარსონი, უიტინგჰემი, ბელამი (79. კოუი) - კიმი (82. მეინარდი) - კემპბელი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ოსმანი, ფელაინი - მირალიაში (86. დეულოფეუ), ბარკლი, პიენაარი - იელავიჩი (68. კონე)
გაფრთხილება: კონოლი - ბარკლი
კარში დარტყმა: 5-16 (1-3) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 4-4 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 27 344

ნიუკასლი-ფულჰემი 1:0
გოლი: 1:0 ბენ არფა (87)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, იანგა-მბივა, კოლოჩინი, სანტონი - ანიტა (65. კაბაი), სისოკო, მარვო (74. რემი), ბენ არფა - სისე, შ. ამეობი (65. გუფრანი)
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - რიტერი (73. ბრიგსი), ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - სიდუელი (89. როდალიეგა), პარკერი, რუისი, კაჩანიკლიჩი - ბერბატოვი, ბენტი (82. ტაარაბტი)
გაფრთხილება: კაბაი, ბენ არფა - პარკერი, რიისე
კარში დარტყმა: 34-5 (9-2) კუთხური: 13-2 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 46 402

ნორვიჩი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 რედმონდი (68)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - უიტეკერი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო - ბ. ჯონსონი, ფერი, რედმონდი, სნოდგრასი - ელმანდერი (76. ჰაუსონი), ვან ვოლფსვინკელი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - ჩემბერსი, ფონტე, ლოვრენი, ფოქსი - ვანიამა, შნაიდერლინი (72. ს. დევისი) - ლალანა (62. გ. რამირესი), ვორდ-პრაუსი, ოსვალდო (78. ჯ. როდრიგესი) - ლამბერტი
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 18-13 (4-2) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 1-6 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 819

ვესტ ჰემი-სტოკ სიტი 0:1
გოლი: 0:1 პენანტი (82)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი - დიამე (88. ელიოტი), ნოუბლი (84. კოლისონი) - ჯარვისი, ნოლანი, დაუნინგი (64. მორისონი) - მაიგა
სტოკ სიტი (4-1-4-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - ადამი (76. უელანი) - ნზონზი, უილსონი, უოლტერსი, ეთერინგტონი (76. პენანტი) - კ. ჯონსი
გაფრთხილება: რიდი, კოლინსი - კემერონი
კარში დარტყმა: 9-20 (0-5) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 34 946

კრისტ. პალასი-სანდერლ. 3:1
გოლები: 1:0 გებიდონი (9), 1:1 ს. ფლეტჩერი (65), 2:1 გეილი (79), 3:1 ოკიფი (90+2)
კრისტალ პალასი (4-2-3-1): სპერონი - უორდი, გებიდონი, დელენეი, მოქსი - დიკგაჩოი, პანჩეონი - გეილი (83. უილბრეჰემი), კამპანია (54. უილიამსი), ჟედინაკი - შამახი (83. ოკიფი)
სანდერლენდი (4-4-1-1): ვესტვუდი - ჩელუსტკა, დიაკიტე, ოში, კოლბეკი - ვონი, ლარსონი, ჯაკერინი (61. მავრიასი), ა. ჯონსონი - ჟი (46. ს. ფლეტჩერი) - უიკჰემი
გაფრთხილება: დელენეი -
გაძევება: - ოში (79)
კარში დარტყმა: 16-10 (5-5) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 22 671

ლივერპული-იუნაიტედი 1:0
გოლები: 1:0 სტარიჯი (4)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - გ. ჯონსონი (79. უისდომი), შკრტელი, აგერი, ხ. ენრიკე - ლუკასი, ჯერარდი - კოუტინიო (84. ლ. ალბერტო), ასპასი (60. სტერლინგი), ჰენდრსონი - სტარიჯი
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ფ. ჯონსი (37. ვალენსია), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, კლევერლი, გიგზი (73. ხ. ერნანდესი), იანგი (63. ნანი) - უელბეკი, ვან პერსი
გაფრთხილება: ასპასი, ლუკასი - კლევერლი, ვან პერსი, კერიკი, იანგი
კარში დარტყმა: 16-14 (5-4) კუთხური: 2-7 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 15-15 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 44 411

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 ბ. დევისი (22), 0:2 პ. ერნანდესი (83)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი (75. როსენბერგი), სინკლერი (75. ბერაინო), მორისონი (46. დორანსი) - ლონგი, ანელკა
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, უილიამსი, ჩიკო, ბ. დევისი - შელვი, კანიასი - პ. ერნანდესი, რუტლეჯი (71. პოსუელო), მიჩუ - ბონი (67. დე გუზმანი)
გაფრთხილება: მაკაული, იაკობი, დორანსი, ოლსონი - მიჩუ, რანხელი, პოსუელო
კარში დარტყმა: 11-16 (1-4) კუთხური: 2-5 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 22 000

არსენალი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 ჟირუ (23)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - უილშირი (43. ფლამინი), რემსი - კასორლა, როსიცკი (79. მონრეალი), უოლკოტი (90+2. სანია) - ჟირუ
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი - კაპუ (79. სანდრო), პაულინიო - ტაუსენდი (75. ლამელა), შადლი, დემბელე (69. დეფო) - სოლდადო
გაფრთხილება: როსიცკი, ფლამინი - დეფო, სოლდადო
კარში დარტყმა: 17-18 (5-4) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 15-14 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 60 071

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 3 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 2 - რობინ ვან პერსი, დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ფრეიზერ კემპბელი (კარდიფი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი), ალვარო ნეგრედო, იაია ტურე (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

14 სექტემბერი:
მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასი, ასტონ ვილა-ნიუკასლი, ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ჰალ სიტი-კარდიფი, სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი, სანდერლენდი-არსენალი, ტოტენჰემი-ნორვიჩი, ევერტონი-ჩელსი.

15 სექტემბერი:
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი.

16 სექტემბერი:
სუონსი-ლივერპული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული