სიტის ჰალკი უნდა

AutoSharing Option

ჰალკი გახლავთ 24 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის ჟივანილდო ვიეირა დე სოუზას მეტსახელი. ის 2008 წლიდან „პორტუში“ თამაშობს და ახლა „მანჩესტერ სიტის“ მოსწონებია. ისტლენდელები იანვრის სარტანსფერო ბაზარზე 20 მილიონ ფუნტად სწორედ ამ 180 სანტიმეტრიანი თავდამსხმელის შეძენას აპირებენ.

ჰალკი პორტუგალიის ჩემპიონატში მეტად ეფექტურად თამაშობს და ამიტომაც მიიპყრო „სიტის“ თავკაცის რობერტო მანჩინის ყურადღება. ბრაზილიელს სტატისტიკა ასეთი აქვს: 10 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და სამჯერ მეტი მისი შემოქმედების წყალობით შეიქმნა.

თუ გახსოვთ, აქამდე სულ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ მანჩესტერელებს „ვოლფსბურგიდან“ ედინ ძეკოს გადაბირება უნდოდათ, მაგრამ

როგორც ირკვევა ბუნდესლიგის კლუბს თავდამსხმელში მაინცდამაინც 50 მილიონი ფუნტის მიღება სურს, ამ თანახად კი ისტლენდელებს 24 წლის ბოსნიელი არ უღირთ.

მოგეხსენებათ, იანვარში, „მანჩესტერ სიტიდან“ თავდამსხმელების წასვლაა მოსალოდნელი: ემანუელ ადებაიორმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ „იუვანტუსში“ გადაბარგდება, როკე სანტა კრუსმა კი გუნდი ჯერ ზუსტად ვერ დაასახელა, მაგრამ ნამდვილად წამსვლელია.


ბერბა რჩება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი გუნდიდან წასვლას გულშიც კი არ გაივლებსო, თქვა ფეხბურთელის აგენტმა. ბერბატოვი „ოლდ ტრეფორდზე“ ხანგამოშვებით „იშკილებიდან ჩამოვარდება“ ხოლმა – ასე, მაგალითად, ბოლო ტურში, „უიგანთან“ შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზეც კი არ დასვეს. საერთოდ არ შეიყვანეს თამაშის განაცხადში. „იუნაიტედიდან“ გამოსული ხმების თანახმად მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა მეტი ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა ბულგარელი ფრანგი ქარიმ ბენზემას ხურდად აქციოს ანუ „რეალს“ ბენზემაში ფული გადაუხადოს, მაგრამ რაც დააკლდება ბერბატოვით შეავსოს. გარდა ამისა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილ თავდამსხმელზე ამბობენ, რომ მისი შეძენით იტალიური კლუბები „იუვენტუსი“ და „მილანი“ არიან დაინტერესებული, გერმანიიდან კი გამზადებული კონტრაქტით „ბაიერნი“ იწევს. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბერბატოვში 2008 წელს 30,75 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
თავდამსხმელის ზემოხსენებულმა აგენტმა ემილ დანტჩევმა კი განაცხადა:
„დიმიტარი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავს ბედნიერად გრძნობს, კლუბთან 2012 წლამდე კონტრაქტით გახლავთ შეკრული და არანაირი პრობლემის წინაშე არ დგას. ქარაგმულადაც კი არავის უხსენებია, რომ ბერბატოვი „ოლდ ტრეფორდიდან“ შეიძლება წავიდეს. გარწმუნებთ, ჩემს კლიენტს სერ ალექს ფერგიუსონთან საუცხოო ურთიერთობა აქვს“.
არადა, შეგახსენებთ, რომ სეზონი ბულგარელმა საუცხოოდ დაიწყო: პირველ ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა.


გერა პანიკის წინააღმდეგ

ლონდონის „ფულჰემის“ უნგრელმა ნახევარმცველმა, 31 წლის ზოლტან გერამ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების გამო პანიკა მას და მის თანაგუნდელებს სიკეთეს არ მოუტანს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში „ფულჰემმა“ „კრეივენ კოტეჯზე“ „მანჩესტერ სიტისთან“ 4:1 წააგო და პრემიერლიგის ცხრილში გასავარდნებს მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი ბალანსით აღემატება. კრიტიკა ისმის ლონდონელთა მწვრთნელის მარკ ჰიუზის მისამართითაც. უელსელმა როი ჰოჯსონისგან წარმატების გზაზე შემდგარი „ფულჰემი“ ჩაიბარა – გასულ სეზონში გუნდმა ხომ ევროლიგის ფინალში ითამაშა, თუმცა გერა მომავალს იმედით შეჰყურებს:
„მწამს, არ ვიპანიკებთ, რადგან პანიკა არაფრის მომტანია. ის მხოლოდ გაგვიუარესებს მდგომარეობას. ახლა ჩვენთვის მთავარია გავერთიანდეთ. დღეს ცხრილში გუნდები ახლო-ახლოს არიან ერთმანეთთან და მდგომარეობის გამოსასწორებლად დროც საკმარისია. პირადად მე საკუთარი გუნდისა მწამს. ნახავთ, მომდევნო ორ შეხვედრაში ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული