„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ჰოლანდიელი ვარსკვლავი რაფაელ ვან დერ ვაარტი შიშობს, რომ ორთავა კუნთის გაწყვეტის გამო მას დეკემბერში უქმობა მოუწევს. პრემიერლიგის ბოლო ტურში „სფურზისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ვან დერ ვაარტმა იგრძნო, რომ ტკივილი, რომელიც ბოლოხანს აწუხებდა გამძაფრდა - მას თამაში აღარ შეეძლო.
ახლა, 27 წლის ჰოლანდიელი ექიმების დასკვნას ელოდება, მაგრამ ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ მეგობრებისთვის უთქვამს, ოთხკვირიანი მკურნალობა არ ამცდებაო. თუ ვან დერ ვაარტი მართლა ოთხ კვირას გამოტოვებს, იგი გააცდენს პრემიერლიგის რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის ლონდონურ დერბის „ჩელსის“
მოგეხსენებათ, რაფაელ ვან დერ ვაარტი „ტოტენჰემში“ გასულ ზაფხულს, სატრანსფერო სეზონის დახურვის დღეს გადავიდა. „რეალმა“ ლონდონელებს ის 8 მილიონ ფუნტად მოჰყიდა. ტრანსფერმა გაამართლა, ვან დერ ვაარტმა „უაით ჰართ ლეინზე“ მყისვე შინაურად იგრძნო თავი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. დღეისათვის ჰოლანდიელს 8 გოლი აქვს გატანილი, არადა, შიგადაშიგ ტრავმები აწუხებდა. რაც შეეხება ორთავა კუნთს, ის ვან დერ ვაარტს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში დაუზიანდა. „ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი ვარაუდობს, რომ ვარსკვლავის ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ხანმოკლე დასვენებამ განაპირობა.
რედნაპი ვან დერ ვაარტის გარდა რედნაპი იონ ქაბულის დიაგნოზსაც ელოდება. 24 წლის ფრანგიც „ლივერპულთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში შეცვალეს – ფერდის კუნთი იტკინა. სამაგიეროდ, „ტოტენჰემის ჰოსპიტალიდან“ მაიკლ დოუსონს უპირებენ გამოწერას – ხომ გახსოვთ, დოუსონი სექტემბრის დასაწყისში, ინგლისისა და ბულგარეთის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავდა.
ეს, რაც შეეხებოდა ტრავმებს, ახლა კი, მოდი ასე დავსვათ კითხვა: განა „სფურზის“ ბანაკში სხვა აღსანიშნავი არაფერი ხდება? ხდება და მერე როგორ... ინგლისურმა პრესამ სენსაცია უწოდა ცნობას, რომ „დეზები“ „მანჩესტერ სიტის“ ტოგოელი თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორის შეძენას აპირებენ.
ადებაიორს რომ ისტლენდიდან გაქცევა უნდა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. „სიტის“ შეფებს მისი სახელი იანვარში გასაყიდთა სიაში უწერიათ და, მართალია, „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად უპირველეს ყოვლისა სწორედ მანჩესტერელებს ებრძვის, კულუარებში ამბობენ, რომ ამ ტრანსფერს ხორცი მართლა შეიძლება შეესხას.
„სფურზის“ ბანაკიდან მავანმა ასეთი ამბავი გამოიტანა: „მანუს ყიდვის რეალური შანსი გვაქვს. ეს ამბავი წესით იანვარშივე უნდა მოხდეს, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კლუბებს გასარკვევი აქვთ: ვინ გადაიხდის ადებაიორის ხელფასს? „სიტი“ ვარაუდობს, რომ ამ ჯამაგირის მეტი წილი ჩვენ უნდა გადავიხადოთ და ახლა შესამოწმებელია, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს შეფებს ამაზე. არიან ისინი მზად ღრმად შეტოპონ ადებაიორის საკითხში?“
„არსენალის“ ოდინდელი ფორვარდი ისტლენდზე კვირაში 160 ათას ფუნტს იღებს. „ტოტენჰემში“ ყველაზე დიდი ხელფასის მქონე მოთამაშეებსაც კი ამის ნახევარი აქვთ. ადებაიორმა გასულ სეზონში ისტლენდელთა სახელით 14 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი ის რობერტო მანჩინიმ პრემიერლიგის მხოლოდ რვა შეხვედრაში ათამაშა და 5 გოლიდან 4 ევროლიგის თამაშებში აქვს შეგდებული.