დიდი გლოვა, ყინვა და ბრძოლა

AutoSharing Option

მთელი საფეხბურთო ინგლისი 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის გარეშე დარჩენას გლოვობს, მაგრამ ამის გამო პრემიერლიგის მორიგი ტური სულაც არ დაიჩრდილება. ტური სამ დღედაა გაწერილი და ცენტრალური მატჩის გარეშე ჩაივლის, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატში ხომ რიგითი შეხვედრები ძალზედ იშვიათია და ამჯერადაც არაერთ შეკითხვას გაეცემა პასუხი.

“ჩელსიმ”, რომელიც პრემიერლიგის გათამაშების ცხრილს თავიდანვე დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში, გასულ ტურში ლიდერობა “მანიუს” გადაულოცა და საინტერესოა, როდემდე გასტანს კარლო ანჩელოტის გუნდის უსახური სერია. “არისტოკრატები” “ევერტონთან” საშინაო მატჩში უპირობო ფავორიტები კი არიან, მაგრამ წესით, ლივერპულელებისგან დიდ წინააღმდეგობას უნდა წააწყდნენ.

ანჩელოტი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაში სლოვაკური “ჟილინას” ძლევამ მის ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა. “ვფიქრობ, რთული პერიოდი უკვე დავძლიეთ. გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვა ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მჯერა, “ევერტონსაც” დავამარცხებთ და ლიდერობასაც სულ მალე დავიბრუნებთ”, - აცხადებს “ჩელსის” იტალიელი თავკაცი.

მან იქვე თქვა, რომ დღეს აუცილებლად ითამაშებენ ჯონ ტერი და მაიკლ ესიენი, რომელთა მოედანზე გასვლაც მიკროტრავმების გამო იყო სათუო. სამაგიეროდ, ანჩელოტი არ აპირებს ფრენკ ლემპარდისა და იური ჟირკოვის ჯანმრთელობით გარისკვას და მათ დასვენებას აპირებს.

“იუნაიტედი” ერთი კვირის წინ მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნებას “ბლექპულთან” გასვლით დაპირისპირებაში შეეცდება. “მანჩესტერის” ფორმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია - გასულ ტურში “ბლექბერნის” 7:1 განადგურება ყველაფერზე მეტყველებს. ცხადია, ამ მატჩში ხუთი გოლის გამტანი დიმიტარ ბერბატოვი ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებს და მეტოქეს მომჯობინებულ, მაგრამ არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ უეინ რუნისთან ერთად შეუტევს. “ეჭვიც არ მეპარება, რომ “ბლექბერნის” ძლევით გამოწვეული ემოციებისგან ჩემი ფეხბურთელები მალევე გათავისუფლდნენ და “ბლექპულის” წინააღმდეგაც ძალების სრული მობილიზებით ითამაშებენ”, - ამბობს სერ ალექს ფერგიუსონი.

“იუნაიტედსა” და “ჩელსის” სტარტიდანვე ყოჩაღად მისდევს “არსენალი” და ერთი კვირის წინ თანაქალაქელს გაუთანაბრდა კიდეც. არსენ ვენგერის გუნდი ბოლო დროს აშკარად ფორმაში შევიდა, რასაც წინა ტურში სტუმრად “ასტონ ვილას” 4:2 დამარცხებაც მოწმობს. ამას “მეთოფეებმა” ინგლისის ლიგის თასზე “უიგანთან” 2:0 გამარჯვებაც მიაყოლეს და დღევანდელ დერბის ჩინებული განწყობით ხვდებიან. ვენგერი ამბობს, რომ მისი გუნდის წევრებმა ამ მოგებებით 20 ნოემბერს “ტოტენჰემთან” საშინაო მარცხით გამოწვეული სიმწარე დაივიწყეს. შეგახსენებთ, იმ დერბიში ვენგერის გუნდი 2:0 იყო დაწინაურებული, მაგრამ შემდეგ “დეზებისგან” სამი უპასუხო ბურთი მიიღო.

“არსენალის” დამრიგებელმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ წარმოუდგენელია, ოქროს მედლებზე არ ფიქრობდეს. მით უფრო, საამისო საფუძველი ნამდვილად აქვს. “არსენალი” ხომ სულაც არ თამაშობს პრემიერლიგის ორ უმთავრეს ფავორიტზე ნაკლებხარისხიან ფეხბურთს.


“მანჩესტერ სიტი” სამეულს მცირედით ჩამორჩება და რომ არა წინა ტურში “სტოკთან” ბოლო წუთზე დაკარგული ორი დასანანი ქულა, მეორე-მესამეადგილოსნებს მასზე მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა ექნებოდათ. შუა კვირაში რობერტო მანჩინის გუნდმა ევროპის ლიგაზე ავსტრიული “ზალცბურგი” გაანადგურა და ხასიათი ამით გამოიკეთა. “ზალცბურგთან” მანჩინიმ უმეტესად, რეზერვისტები ათამაშა და “ბოლტონთან” შეხვედრისთვის წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა. ვნახოთ, როგორ დაასრულებენ “ქალაქელები” წარმატებულად დაწყებულ კვირას. “ბოლტონი” რომ მიმდინარე სეზონში ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, ამაში სატურნირო ცხრილიც დაგარწმუნებთ...

ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, სადაც “ტოტენჰემის” სახელი უკვე მრისხანედ ჟღერს, პრემიერლიგაში ჰარი რედნაპის გუნდის პოზიციები ჯერჯერობით, არცთუ სახარბიელოა. თუმცა ლონდონელებს ბოლოდროინდელ პროგრესს ვერ დავუკარგავთ. “ტოტენჰემმა” ხომ ბოლო სამივე პრემიერლიგური მატჩი მოიგო, სადაც “არსენალსა” და “ლივერპულს” აჯობა. შუალედში კი ჩემპიონთა ლიგაზე “ვერდერის” განადგურება იყო. მოკლედ, ჩემპიონობისა და ჩემპიონთა ლიგაში გამსველი ადგილებისთვის დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

ამ ყოველივესთან ჯერჯერობით, საერთო არაფერი აქვს “ლივერპულს”, რომელმაც ბოლო ოთხი პრემიერლიგური შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ორშაბათს არცთუ ხელწამოსაკრავ მოწინააღმდეგეს დაუხვდება.

P.S. წუხელ გაირკვა, რომ "ბლექპულის" "ბლუმფილდ როუდზე" ყინვის გამო თამაში შეუძლებელია. ამიტომ "ბლექპული"-"მანჩესტერის" დაპირისპირება მოგვიანებით გაიმართება.


დღეს
არსენალი-ფულჰემი 19:00
ბირმინგემი-ტოტენჰემი 19:00
ბლექბერნი-ვულვზი 19:00
ჩელსი-ევერტონი 19:00
მანჩესტერ სიტი-ბოლტონი 19:00
უიგანი-სტოკი 19:00
ბლექპული-მანჩესტერ იუნ. გადაიდო


ხვალ
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 17:30
სანდერლენდი-ვესტ ჰემი 20:00


ზეგ
ლივერპული-ასტონ ვილა 23:55


1. მანჩესტერი 15 8 7 0 35:16 31
2. ჩელსი 15 9 2 4 29:10 29
3. არსენალი 15 9 2 4 32:17 29
4. სიტი 15 7 5 3 20:12 26
5. ტოტენჰემი 15 7 4 4 23:20 25
6. ბოლტონი 15 5 8 2 28:22 23
7. სანდერლენდი 15 4 8 3 19:18 20
8. სტოკი 15 6 2 7 19:19 20
9. ნიუკასლი 15 5 4 6 23:22 19
10. ლივერპული 15 5 4 6 17:19 19
11. ბლექპული 15 5 4 6 23:29 19
12. ვესტ ბრომვიჩი 15 5 4 6 20:26 19
13. ბლექბერნი 15 5 3 7 18:25 18
14. ბირმინგემი 15 3 8 4 16:18 17
15. ასტონ ვილა 15 4 5 6 17:24 17
16. ევერტონი 15 3 7 5 17:19 16
17. ფულჰემი 15 2 9 4 15:18 15
18. უიგანი 15 3 5 7 11:26 14
19. ვულვზი 15 3 3 9 17:27 12
20. ვესტ ჰემი 15 2 6 7 14:26 12

ბომბარდირები: 11 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 9 - ტევესი (მანჩესტერ სიტი), ქეროლი (ნიუკასლი); 8 - კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 - დევისი (ბოლტონი), დროგბა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 -  ბეილი (ტოტენჰემი), დემპსი (ფულჰემი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული