იღლებიან, ჩხუბობენ და თამაშობენ

AutoSharing Option

არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ თავს ჩინებულად გრძნობს, ინგლისური გაზეთები კი დასძენენ, რომ კაცისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საჯაროდ აცხადებდა ფეხბურთის თამაში მომბეზრდაო, ასეთი რამის მოსმენა უცნაურია. მართლაც, ტევესს ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი პირადი ცხოვრება და პროფესიული ფეხბურთი ერთმანეთს ვერ ერწყმება და იგივე, ბოლოს, არგენტინულ ტელეარხ თყჩ შპორტს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიმეორა:

„სერიოზულად ვამბობ, არ ვხუმრობ“ – თქვა ტევესმა, რომელმაც იმავე ინტერვიუში განმარტა, რომ შაბათს, „ბოლტონთან“ შეხვედრის ბოლო წუთებზე „სიტის“ მწვრთნელ რობერტო მანჩინის  მოუთმენლობის გამო აუტეხა ერთი

ამბავი. იმ დღეს, თავდამსხმელმა შეცვლა ვერ აიტანა. მაგრამ თავმობეზრებისა და მანჩინისთან დაუსრულებელი კონფლიქტის მიუხედავად არგენტინელს მიმდინარე ჩემპიონატში 15 შეხვედრაში 10 გოლი აქვს შეგდებული და ისტლენდურ ტელეარხებთან და გაზეთებთან საუნრისას ამბობს, რომ აქ, თავსაც შესანიშნავად გრძნობს.

„მანჩესტერში ბედნიერი ვარ. მერწმუნეთ, ამ სიტყვებს ყასიდად არ ვამბობ. რასაკვირველია, ოჯახი როგორც ნებისმიერ ცალკე მცხოვრებ ადამიანს მეც ძალიან მენატრება, მაგრამ ამის გამო ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის თამაშს უახლოეს მომავალში თავს დავანებებ. როდესაც კაცი რაღაცის ერთგულია – მაგალითად, როგორც მე ვარ „სიტის“ ერთგული - მსხვერპლის გაღება ხდება საჭირო. ეს მსხვერპლი ხანდახან მეტისმეტად მძიმე ასატანია. თუმცა, როდესაც „სიტის“ წინაშე ჩემს ვალდებულებას შევასრულებ, შვილებთან შვილებთან სათამაშოდ ბევრი დრო დამრჩება“.

„მანჩესტერ სიტის“ სეზონი კი, ამასობაში, რთულად, მაგრამ მაინც წარმატებით მიიწევს წინ. რთულად იმიტომ, რომ გუნდში ხშირია ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებები. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მარიო ბალოტელიმ და ჯერომ ბოატენგმა დააყარეს ერთმანეთს მუშტები. მანამდე იაია ტურემ და ჯეიმს მილნერმა იჩხუბეს, ემანუელ ადებაიორმა და ვენსან კომპანიმ კი თამაშის დროს, მოედანზე წაიმამლაყინწეს. რას უნდა ნიშნავდეს ეს თუ არა იმას, რომ „მანჩესტერ სიტის“ გასახდელში ყველაფერი რიგზე ვერ არის, მაგრამ ტევესმა ასეთი მოსაზრება უარყო. მან თქვა:

„სხვა კლუბებისგან განსხვავებული ჩვენთან არაფერი ხდება. მთავარი კი ის არის, რომ „მანჩესტერ სიტის“ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ერთი მიმართულებით მიცურავს. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს. რაც შეეხება მოედანსმიღმა ამბებს, ყველაფერი, რაც ჩვენს შორის ხდება იქვე იმარხება და მატჩემბზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ.

კლუბში, რომელიც დიდი მიზნებისთვის იბრძვის, დიდი დაძაბულობაცაა. როდესაც ვიგებ, რომ ჩვენს შორის მომხდარი ამბავი ვიღაცამ ხალხში გაიტანა, ვიცი, რომ ეს ბოროტი ადამიანის გაკეთებულია. ასეთ ადამიანებს „მანჩესტერ სიტის“ წარმატება არ ახარებთ. არა უშავს. ასეთებიც ხდება. მთავარია, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ“.

ჯულიონ ლესკოტი კი, ამასობაში, უკმაყოფილოა და ისტლენდიდან წასვლაზე ფიქრობს. მიზეზი: მას მეტ შეხვედრაში სურს მონაწილეობა. გეხსომებათ, ლესკოტი „სიტიმ“ „ევერტონისგან“ 24 მილიონ ფუნტად იყიდა, მაგრამ ასეთი სოლიდური თანხის მიუხედავად მანჩინი უმალ კომპანისა და კოლო ტურეს ათამაშებს ვიდრე მას. ის კი არა, იტალიელმა მწვრთნელმა ერთი-ორჯერ ლესკოტს უწვერული ბელგიელი დედრიკ ბოიატა ამჯობინა.

„ასეთი ცხოვრება მე არ მარგებს, - თქვა 28 წლის მცველმა. - სათადარიქოთა სკამზე ჯდომას ვერ შევეგუები. ყველაფერს აჯობებს თუ გამაქირავებენ, რაც ჩემი და კლუბის ერთობლივი გადასაწყვეტია. სავარაუდოდ, „სიტის“ ბოსები მეტყვიან, თუ გეგულება გუნდი, სადაც მიგიღებენ და გათამაშებენ, მიდი და ითამაშე, თუ არადა, დარჩიო“.

გასაგებად რომ ვთქვათ, ლესკოტი „სიტის“ წინა მწვრთნელის მარკ ჰიუზის „კადრია“. უელსელის ხელში მან 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი, როგორც მოგახსენეთ, სკამზე ზის, მაგრამ ამბობს, რომ ისტლენდზე გადასვლას არ ნანობს.

„აქ, ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, ასე რომ, ვიცოდი სადაც მივდიოდი. გარდა ამისა, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე. მერედა, ამ სეზონში კოლო და ვენსანი დიდებულად თამაშობენ, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ რამდენჯერაც მოედანზე შემიშვეს, იმდენჯერ კარგად ვითამაშე. მე პროფესიონალი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ. კარგად ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ხან ასე ხდება და ხანაც ისე“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული