უნდა თუ არა ფერგის სნეიდერი?

AutoSharing Option
უარმა თავმოყვარეობა შეულახა თუ რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა შორს დაიჭირა - ვინ თქვა ვესლი სნეიდერი მინდა, საიდან მოიტანეთო. ფერგიუსონისავე თქმით, მას არც გერმანელი ვარსკვლავის მესუთ იოზილის შეძენა მოსვლია თავში აზრად და საერთოდაც მისი ღრმა რწმენით ამჟამინდელი "იუნაიტედი" უკვე გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

ცნობისათვის: დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონისწინა შეკრებაზე კანადას მიემგზავრება, საიდანაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაშიც გადავა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ "იუნაიტედს" ხელეწიფება, როგორც პრემიერლიგის ტიტულის მოპოვება (რაც "იუნაიტედისთვის"
ისტორიაში მეთორმეტე იქნება), ასევე ჩემპიონთა თასის მესამედ მოგება - თანამედროვე ენით რომ ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკულ ტურნეში არ მიემგზავრება ის ხალხი, ვინც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი გამონაკლისა "იუნაიტედის" ახალი შენაძენი, მექსიკელი თავდამსხმელი, 22 წლის ხავიერ ერნანდესი, რომელსაც ხელშეკრულებით მართებს თავის აწ უკვე ყოფილ კლუბთან გვადალახარას "ჩივასთან" თამაში. ეს მატჩი 30 ივნისსაა დანიშნული.

ტურნეში ვერც ძველი გვარდიის რამდენიმე წარმომადგენელი გაემგზავრა. კერძოდ, ინგლისში სამკურნალოდ დარჩნენ ოუენ ჰარგრივზი, გარი ნევილი და რიო ფერდინანდი. სამაგიეროდ, მწვრთნელს მხარში უდგანან პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. სულ, ამერიკის კონტინენტზე 22 კაცი გაემგზავრა. ტურში ხუთი შეხვედრაა გათვალისწინებული. კერძოდ, ჩიკაგოში ვარჯიშის შემდეგ "იუნაიტედი" პარასკევს ტორონტოს "სელტიკს" შეხვდება. 21 ივლისს დაგეგმილი თამაში "ფილადელფია იუნიონთან", 25-ში "კანზას სიტი უიზარდთან", ხოლო 28-ში ამერიკული "მეიჯორ ლიგ სოკერის" ყველა ვარსკვლავთან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტურნე მექსიკაში ერნანდესის მშობლიურ გუნდთაბნ თამაშით დასრულდება, 8 აგვისტოს კი "უემბლიზე" უკვე "ქომუნითი შილდია" - მარტივად რომ ვთქვათ, სუპერთასის შეხვედრა: "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ჩელსი".

თუმცა, დავუბრუნდეთ "სნეიდერის საქმეს". "ლელოს" მკითხველმა კარგად უწყის, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისური პრესა დაბეჯითებით წერდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერისგან" ჰოლანდიელი ვარსკვლავის შეძენას ცდილობდა და მასში იტალიელებს 30 მილიონ ფუნტს სთავაზობდა. მოდი, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მანჩესტერელთა ინტერესის ამბავი "შავ ლურჯების" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც დაადასტურა, ხოლო მორატი წესით არ უნდა იყოს ის კაცი, საქვეყნოდ იაფფასიან ტყუილებს რომ ამბობდეს, თუმცა მას მერე, რაც სნეიდერმა უარი შეუთვალა ფერგიუსონმა ასე ბრძანა:

"ღრმად მწამს, რომ ახლა გაცილებით ძლიერი გუნდი მყავს ვიდრე გასულ სეზონში მყავდა. ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილება შეემატათ, ისინი ერთი სეზონით გაიზარდნენ. ნამდვილად არ ვიცი საიდან მოიტანეს ამბავი თითქოს სნეიდერის ყიდვა მინდოდა. როგორ შეიძლება უარი შემომითვალოს კაცმა, რომლისთვის არაფერი შემითავაზებია?"
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შოტლანდიელმა სპეციალისტმა უარყო გერმანელ ვარსკვლავთან მესუთ იოზილთან დაკავშირებული ხმებიც. შეგახსენებთ, რომ იოზილი ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ იმ შეხვედრისა, რომელშიც გერმანელთა ნაკრებმა ინგლისისას 4:1 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული