ეკონომიკა ეკონომიური უნდა იყოს

AutoSharing Option

„არსენალის“ სარფმა 2010 წელს 56 მილიონ ფუნტს მიაღწია, მაგრამ გუნდის მწვრთნელი არსენ ვენგერი ამბობს, რომ ამის მიუხედავად იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფულის ხარჯვას არ აპირებს. ფრანგი სპეციალისტის ამ განცხადებამ ჩრდილოლონდონელთა ფანები სახტად დატოვა. ისინი შემადგენლობის გაძლიერებას ელოდნენ.

ვენგერმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, რატომ აღარ ყიდულობს დიდ ვარსკვლავებს ასე უპასუხა:


„იმიტომ, რომ გუნდის ბიუჯეტს პატივს ვცემთ. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ არიან კლუბები, რომლებიც 100-150 მილიონ ფუნტს ხარჯავენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ავყვებით. „არსენალმაც“ იგივე რომ გააკეთოს, ფინანსურად გასკდება, ამიტომ შესაძლებლობებიდან

გამომდინარე ვმოქმედებთ. ვიცი, ხალხს ჩვენი ეს პოლიტიკა ძალიან აოცებს, მაგრამ ჩვენ მათი გაგვკვირვებია. გასაოცარი სწორედ ის არის, რომ ფანები მათი კლუბის ბიუჯეტისადმი ჩვენს ფრთხილ დამოკიდებულებას ვერ აფასებენ. წარმოიდგინეთ, ასარჩევად რომ იყოს საქმე: ცხრილში ორი ქულით მეტი თუ 150 მილიონი ფუნტის ზარალი... რომელს ამჯობინებდით? იქნებ, ვინმეს მართლაც ორი ქულა ერჩივნოს, მაგრამ მაშინ ასე შემოვატრიალებ კითხვას: 150 მილიონის სწორ დაბანდებას ხომ არ გვირჩევდით?“


სხვათა შორის, „არსენალი“ ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელიც ჯერ კიდევ ოთხივე შეჯიბრებაში მონაწილეობს და უახლოეს 34 დღეში 11 მატჩის გაძლება მოუწევს.

გაუგებარია 22 წლის დანიელი თავდამსხმელის ნიკლას ბენდტნერის გუნება-განწყობის ამბავი. ის ბოლო დროს წასვლაზე ალაპარაკდა:


„სეზონის ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი. ვნახავთ, რა პოზიციაზე ვიქნები გუნდში ან თავად გუნდი სად იქნება პრემიერლიგის ცხრილში“.

საქმე ის გახლავთ, რომ მას მერე, რაც ტრავმა მოიშუშა, 195 სანტიმეტრის სიმაღლის ფორვარდი „მეთოფეთა“ ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი აღარ არის.

სამაგიეროდ, ჩინებულ ფორმაშია და ყინჩადაც ბრძანდება ფრანგი ვარსკვლავი სამირ ნასრი, რომელიც რიხიანად აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ჩელსის“ შეხვედრაში „ჩელსი“ გაიმარჯვებდა. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრა კვირას „სტემფორდ ბრიჯზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ ყინვისა და დიდთოვლობის გამო გადაიდო. თავად „არსენალმა“ „იუნაიტედთან“ ერთი კვირით ადრე წააგო, მაგრამ ნასრის აზრით, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს და ჩემპიონობის შანსი ყველას აქვს.

„ვფიქრობ, ჩემპიონის ტიტული ყველა ლიდერისთვის ხელის გაწვდენაზეა. ბევრს ლაპარაკობდნენ „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშზე, ამბობდნენ, რომ ფავორიტი „იუნაიტედია“, მაგრამ მართალი გითხრათ, ამ მატჩში გამარჯვებულად მანჩესტერელებს ვერ ვხედავდი. კიდევ, დაჟინებით იმეორებენ, რომ „იუნაიტედის“ დიდი უპირატესობა გამოტოვებული თამაშია. არც ეს სამი ქულა მგონია გარანტირებული. „ბლექპული“ „კერკეტი კაკალია“ და იოლად არავის მოაგებინებს.

რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობისთვის საკმარისი ოსტატობაც გვაქვს და წინა წლებისგან განსხვავებით ამ სეზონში უფრო დაღვინებულებიც ვართ. ვნახოთ, როგორ ჩავატარებთ შობა-ახალი წლის თამაშებს და მერე უფრო ნათელი გახდება ყველაფერი, თუმცა პირადად მე საკუთარი შესაძლებლობების რწმენით ვარ აღვსილი“.

ბევრის აზრით მიმდინარე სეზონში „არსენალის“ საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ სამირ ნასრია. საქმე ის გახლავთ, რომ „მეთოფეთა“ ტრადიციული ლიდერი სესკ ფაბრეგასი ხშირად არის დაშავებული და ძველებურად ვეღარ თამაშობს.

„მე მხოლოდ იმას ვცდილობ, მწვრთნელს და თანაგუნდელებს დავუბრუნო რაც მათ მომცეს. სეზონის წინ შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, ტრავმებს გადავურჩი და შესაბამისად, დღითი დღე ვაუმჯობესებ თამაშს. ძალიან დიდი როლი შეასრულა იმან, რომ გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანეს. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მტკიცედ, კიდევ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვიყავი“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული