წინ და უკან კოშმარი

AutoSharing Option

პეტრ ჩეხმა კარლო ანჩელოტის გაკრა კბილი - „ჩელსი“ ასეთ საშინელ დღეში არასდროს ყოფილაო. არა, უშუალოდ მწვრთნელზე 28 წლის მეკარეს არაფერი უთქვამს, მაგრამ რაც თქვა, მის ბოსტანში ნასროლ კენჭს ჰგავდა. ჩეხი უკვე 6 წელიწადია, რაც „სტემფორდ ბრიჯზეა“ და ახლის ძველთან შედარების საშუალება აქვს. განსაკუთრებით, ის ორშაბათს, „ემირეიტ სთედიუმზე“ „არსენალთან“ თამაშმა დაზაფრა. ვერც ვუტევდით და თავსაც ვერ ვიცავდითო, ხელებს ასავსავებს ჩაფხუტიანი ვარსკვლავი.

„ყველაფერი, რასაც მოედანზე ვაკეთებთ, მცდარია. ხეირიანად ვერც ვუტევთ და ვერც თავს ვიცავთ. იმას, რასაც სეზონის დასაწყისში ვაკეთებდით, როდესაც ბევრი გოლი

გაგვქონდა და თითქმის არ ვუშვებდით, ვეღარ ვაკეთებთ. პასები უზუსტოა, კომბინაციები - არასწორი.

ჩვენი შეტევების უმეტესობა თამაშგარე მდგომარეობით მთავრდება, დიდ შეცდომებს ვუშვებთ მოედნის ბოლო მესამედშიც, ჩვენი კარის სიახლოვეს“.

ჩეხი ამბობს, რომ „ჩელსი“, დაცვის თვალსაზრისით,  ისეთი საცოდავი, „არსენალთან“ შეხვედრაში რომ იყო, ბოლო 6 წლის მანძილზე არ ყოფილა. მეორე ტაიმის დასაწყისში მიკაელ ესიენისა და ფლორან მალუდას შეცდომებს დიდი შემჩნევა არ სჭირდებოდა - ორივე ეპიზოდში „არსენალმა“ უმარტივესი კონტრშეტევის საშუალება გამონახა და მეორე და მესამე გოლები გაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს კოშმარი „ლურჯებს“ 100 წამის განმავლობაში დაატყდათ თავს.

„ეს, ორი მომენტი ჩვენთვის კოშმარული და უჩვეულო იყო. რაც აქ ვთამაშობ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ორი გოლი, მით უმეტეს ამ ტიპის შეცდომების გამო, არასდროს გაგვიშვია. ეს „ჩელსისგან“ ყველასთვის უცხოა, უპირველეს ყოვლისა კი თავად ჩვენთვის“, - ამბობს გოლკიპერი.

აღსანიშნავია, რომ „მეთოფეთა“ მესამე გოლმა, რომელიც თეო უოლკოტმა გაიტანა, დასავლეთლონდონელთა შორის კამათი გამოიწვია - დიდიე დროგბამ ჯონ ტერის უსაყვედურა, მალუდას ბურთი ღონის დაუტანებლად რატომ გადააწოდეო. ინგლისურმა მას მედიამ ამ ეპიზოდს მყისვე მიაქცია ყურადღება და დაასკვნა, რომ „ჩელსიში“ პრობლემების ერთმანეთისთვის გადაბრალების მავნე წესი მკვიდრდება.

„ლურჯების“ მეპატრონემ, რუსმა მილიარდელმა რომან აბრამოვიჩმა, შვიდი წლის განმავლობაში ოთხი მწვრთნელი შეცვალა. საგულისხმოა, რომ ანჩელოტის წინამორბედთაგან ასეთი ცუდი პერიოდი არც ერთს არ ჰქონია.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული