„ვულვერჰემპტონთან“ 1:0 წაგების შემდეგ „ლივერპულის“ თავკაც როი ჰოჯსონს რისხვის მორიგი ტალღა დაატყდა თავს.
თამაშის მიმოხილვაშივე მოგახსენეთ, რომ ტრიბუნებიდან ისმოდა ირონიული შეძახილი: ჰოჯსონი ინგლისის ნაკრებში! და, რასაკვირველია, „კოპი“ („ენფილდ როუდის“ ისტორიული ტრიბუნა, რომელზეც განსაკუთრებით მხურვალე ფანები იკრიბებიან) გუნდის მწვრთნელად კენი დალგლიშის მიყვანას ითხოვდა - ჯერ კიდევ ზაფხულზე, როდესაც „ლივერპული“ რაფა ბენიტესმა დატოვა, ხალხს მის შემცვლელად ლეგენდარული სქოთი ესახებოდა.
იმის გასააზრებლად თუ რას ნიშნავდა ამ შეხვედრის შედეგი: „ვულვზს“ „ლივერპულთან“ სტუმრად 1984 წლის იანვრის შემდეგ არ მოუგია! მატჩის ერთადერთი გოლი სტივენ უორდმა გაიტანა. საინტერესოა,
და რით უპასუხა ჰოჯსონმა განრისხებულ ფანობას? - მოთმინებისკენ მოუწოდა მათ:
„მე ტრიბუნიდან შეძახილების მოსმენას შეჩვეული ვარ. რასაკვირველია, ამაში სასიამოვნო არაფერია, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ და ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთესად გავაკეთო ჩემი საქმე. რაც შეეხება კენის, ის „ლივერპულის“ ლეგენდაა.
ერთი სიტყვით, შეძახილებთან ვერაფერს გავხდები. ასეა, „კოპს“ უკმაყოფილების გამოხატვის თავისი მეთოდი აქვს.
რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ყოველთვის მწვრთნელს ეკისრება. ეს პროფესიის შემადგენელი ნაწილია და მას არ გავურბივარ. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ფანების მხარდაჭერაა. დღეს „ლივერპულს“ ყველაზე მეტად სწორედ მხარდაჭერა სჭირდება. რაც „წითლების“ თავკაცი გავხდი, ველოდები, როდის აგუგუნდება „ენფილდ როუდი“ ისე, როგორც ისტორიულად სჩვეოდა, მაგრამ ამას ერთხელაც ვერ ვეღირსე. ბოლოს და ბოლოს ძალად ხომ არ ვაგებთ. განა ყველამ კარგად არ ვიცით, რა დონის ფეხბურთელებიც გვყავს და რისი შემძლენიც არიან ისინი? ამიტომაც, ყველას დახმარებას გთხოვთ, ამისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ თამაშის ხარისხის გარდა საკუთარი თავის რწმენა გვაკლია.
ეს ფეხბურთელები ცუდ ფორმაში ადრეც ყოფილან, მაგრამ მე საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვიცი და იმასაც ვხედავ, რომ ისინი შრომას არ იზარებენ. გუნდი დაუღალავად ვარჯიშობს, რათა მდგომარეობა გამოასწოროს. რასაკვირველია, ამწუთას ცუდი შედეგი გვაქვს - ამას ყველანი კარგად ვხედავთ, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს.
დღეს, თამაშის ტემპი იმაზე გაცილებით დაბალი იყო, ჩვენ რომ ვისურვებდით და გვინდოდა. მართალი გითხრათ ცოტა იღბალმაც ზურგი გვაქცია - წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. 0:0 უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. „ვულვზს“ გაუმართლა, რის გამოც ჩვენ ფანები კიდევ ერთხელ გავანაწყენეთ“.
ამ საღამოს ჰოჯსონისა და მისი შეგირდების მისამართით მარტო „კოპი“ როდი იძახდა მწარე სიტყვებს, არც „ვულვერჰემპტონის“ ფანებმა დააკლეს. ისინი ომახიანად გაიძახოდნენ: „ხომ გრძნობთ, რა ცუდებიც ხართ? ჩვენ სტუმრად გეთამაშებით.“
გამარჯვებულთა თავკაცმა მიკ მაკარტიმ თქვა: „კარგად მახსოვს რა მოხდა შარშან. უორდი გაგვიგდეს. პეპე რეინამ მთელი მოედანი გადმოირბინა, რათა მსაჯს მივარდნოდა და დაერწმუნებინა, რომ სტივი გასაგდები იყო. როგორც ხედავთ, სამართალმა მთელი სეზონი იცადა და ერთი წლის შემდეგ მაინც მოაღწია ჩვენამდე.“
.