არასერიოზული ხალხი

AutoSharing Option

კვირა საღამოს „ბლექბერნი“ უცნაურ სატრანსფერო ისტორიაში გაეხვია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინგლისური კლუბის ახალმა მეპატრონემ, ინდურმა ფირმა „ვენკიმ“ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „მილანის“ ბრაზილიელ ვარსკვლავ რონალდინიოს წელიწადში 6 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

გავიდა რამდენიმე საათი და ფირმამ ახლა უკვე „თვითერზე“ გამოაქვეყნა, რომ რონალდინიოს ტრანსფერმა შესაძლოა ხორცი შეისხას. შეიქმნა საყოველთაო შთაბეჭდილება, რომ ფიფას ვერსიით 2004 და 2005 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ცოტა ხანში „ბლექბერნში“ ვიხილავდით, მაგრამ უეცრად ყველაფერი ყირაზე დადგა - „ვენკის“ თანამფლობელმა ვენკატეშ რაომ საჯაროდ განაცხადა, რომ 30 წლის ბრაზილიელის ყიდვა გამორიცხულია.

საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც „ვენკიმ“ სენსაციური ამბავი „ფეისბუქზე“ დააგდო, რონალდინიო ბრაზილიისკენ მიემართებოდა, რათა იქ, „გრემიოსთან“ ეწარმოებინა მოლაპარაკება.

ფეხბურთელის აგენტმა რობერტო დე ასისმა განაცადა: „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ჩვენი მოლაპარაკებები „გრემიოსთან“. თუ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, „მილანში“ დავბრუნდებით და რონალდინიო ამ კლუბის ერთგული დარჩება“. 

შეგახსენებთ, რომ „ვენკი“ დიდი ხანი არ არის, რაც „ბლექბერნის“ პატრონი გახდა და პირველი, რაც გააკეთა მწვრთნელის თანამდებობიდან სემ ელერდაისის მოხსნა იყო.

 

ელერდაისის ადგილზე დღეს მისი ყოფილი ასისტენტი სტივ კინი მუშაობს, რომელსაც ახალი მეპატრონეები სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად ფულს დაპირდნენ, მაგრამ... ამბობენ მხოლოდ 5 მილიონსო.

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული