ფეხბურთი უკონტაქტო თამაში ყოფილა

AutoSharing Option

მიფიცხებოდა მშვიდად არაბეთის მზეს, ვინ რჯიდა შვებულებას რომ წყვეტდა და ინგლისური ფეხბურთის ბედლამში გამორბოდა - „ლივერპულის“ ახალი მწვრთნელი კენი დალგლიში პირველივე დღეს გადარიეს. საქმე ასე იყო: ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ლივერპულმა“ „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:0 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 32-ე წამზე პენალტით რაიან გიგზმა გაიტანა.

 

დალგლიშმა, რომელსაც ორშაბათიდან „ჩელსიში“ ნამუშევარი სტივ კლარკი გაუწევს ასისტენტობას, თავი ვერ შეიკავა და მატჩის შემდეგ მსაჯი ჰოვარდ ვები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ჯერ ერთი, პენალტის ეპიზოდში თუკი დანიელ აგერი დიმიტარ ბერბატოვს საერთოდ შეეხო, ეს სულ

ოდნავი და უმნიშვნელო შეხება გახლდათ და 32-ე წუთზე მაიკლ ქერიკის ბიძგებისთვის სტივენ ჯერარდის გაძევება გადაჭარბებული ჩანდა.

„ეს პენალტი კი არა, მასხარაობა იყო, - თქვა დალგლიშმა - ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე და თუ წესი არ შეუცვლიათ, მაშინ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა. ვერც მეორე ეპიზოდში შევამჩნიე რამე ისეთი წითელი ბარათით რომ უნდა დასჯილიყო. თამაშის წინ გასახდელში მითხრეს, რომ ბოლო წლებში ფეხბურთი მაინცდამაინც არ შეცვლილა. გავეხუმრე, მე ფეხბურთი უკონტაქტო სპორტი მახსოვს მეთქი. თურმე, სწორედ მხსომებია. დღეს, ორი მცირედი კონტაქტის გამო მსაჯმა თამაში წაგვაგებინა. არადა, ჯერ გოლი გაგვიტანეს, მერე უმცირესობაში დაგვტოვეს და მაინც რა ვაჟკაცურად ითამაშეს ჩემმა ფეხბურთელებმა“.

და რა შთაბეჭდილება დარჩა ნახსენებ ორ ეპიზოდზე გამარჯვებულთა თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონს? ფერგი რისი ფერგი იქნებოდა თავისი გუნდის პოზიცია კბილებით რომ არ დაეცვა, მით უფრო რომ საქმე კერკეტ მოწინააღმდეგეს ეხებოდა. თუმცა ისიცაა, მან მხოლოდ გაძევების ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი:

„რად უნდა ლაპარაკი, რომ ჯერარდი მოედნიდან გასაგდები იყო. ჯარიმის მომენტში ის მიწაზე არ იდგა. ის, საერთოდ, უხეში ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ამჯერად მსაჯს შანსი არ დაუტოვა“.

პენალტზე დიმიტარ ბერბატოვმა ილაპარაკა: „რასაკვირველია პენალტი იყო. აგერის შეხება საკმარისი იყო საიმისოდ, რომ წონასწორობა დამეკარგა და წავქცეულიყავი“.

ცნობისათვის: სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მანჩესტერის პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და წვრილმანი ხულიგნობა გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული