დიუფი - უწმაწური ვირთხა

AutoSharing Option

შაბათს „ბლექბერნმა“ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში 1:0 მოუგო, მაგრამ ეს თამაში ჩვენს ყურადღებას ვერ მიიპყრობდა მატჩის შემდეგ, გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში ფეხბურთელების ჩხუბი რომ არა. მიზეზი: ელ ჰაჯი დიუფმა ფეხმოტეხილ მოწინააღმდეგე ჯეიმი მეკის მკვდარი და ცოცხალი აგინა. ლონდონელთა მწვრთნელს ნილ უორნოკსა და მისი მოთამაშეებს თავიდან დიუფის დამცინავმა ღიმილმა დააკარგინა მოთმინება. 29 წლის სენეგალელი ორ ადგილას ფეხმოტეხილ მეკის თავზე ადგა და სიმულანტობას სწამებდა. ამის შემდეგ მოვლენები გვირაბში განვითარდა, როდესაც „ქუინზ პარკის“ ფეხბურთელებმა დიუფის სინანულის დანახვა მოინდომეს. თავად მე

კიმ კი ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, სანამ ის მოედანზე ეგდო და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა დიუფი თავს ადგა და დასძახოდა ერთი შენი და მაგ შენი ფეხისაცო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ლონდონელს ფეხი სულ სხვამ, გაელ ჟივემ მოსტეხა.

მატჩის შემდეგ უორნოკმა დიუფს უწმაწური ვირთხა უწოდა და დასძინა, ზუსტად ვიცი „ბლექბერნის“ მწვრთნელს სტივ კინს მისი თავიდან მოშორება უნდაო. „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მცველთა შორის ყველაზე ძალისმიერმა კლინტ ჰილმა კი დაიქადნა, მაგ დიუფს რაც მოუვა თავს დააბრალოსო.

მეკის ეპიზოდის შემდეგ სენეგალელს მთელი შეხვედრის განმავლობაში კონფლიქტები ჰქონდა „ქუინზ პარკის“ მოთამაშეებთან - ხან ერთი აგინებდა და ხან მეორე. რასაკვირველია, ვალში არც თვითონ რჩებოდა. ის კი არა, საფინალო სასტვენის შემდეგ მან ბრედლი ორისთვის ხელის გაკვრაც კი სცადა. მერე კი უკვე გვირაბის ამბები დატრიალდა, რომელთა შესახებ „დეილი მეილს“ თვითმხილველმა ასე უამბო:

„დიუფთან „ქუინზ პარკის“ თავდამსხმელი რობ ჰალსი მივიდა, რომ ეთქვა მისთვის, მეკის ფეხი მოტყდა და ბოდიშს ხომ არ მოუხდიდიო. დიუფმა წარბშეუხრელად უპასუხა, რომ მეკის ფეხის ამბავი არ აინტერესებს და ჰალსს უზრდელურად უთხრა თავიდან მომშორდიო. აი, აქ დაიწყო ყველაფერი. დიუფის პასუხმა ყველა გადარია. ვინ იფიქრებდა, რომ ერთმა ფეხბურთელმა მეორეზე შეიძლება თქვას, ჩემთვის მისი ჯანმრთელობის ამბავი სულერთიაო“.

უორნოკმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ბლექბერნის“ ოფიციალური პირებისგან დიუფის საქციელის გამო ბოდიში უკვე მიიღო და დარწმუნებულია, რომ კინი უზრდელ თავდამსხმელს თავიდან მოიშორებს. „ბლექბერნის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი „ქუინზ პარკის“ მოთამაშეებთან მივიდა რათა ეთქვა, რომ დიუფი სამარცხვინო ადამიანია, ხოლო გუნდის მავანმა ფანმა რადიო BBC-ში დარეკა და სენეგალელის გაგდება მოითხოვა.

უორნოკმა თქვა: „ჩემთან მოვიდა „ბლექბერნის“ წარმომადგენელი ქალბატონი და დიუფის საქციელის გამო ბოდიში მომიხადა. მან მითხრა, რომ ვერ ხვდება რაში დასჭირდა დიუფს ასეთი რამის გაკეთება. ვფიქრობ, „ბლექბერნში“ ყველანი იმავე აზრზე არიან. მე კი ჩემს ბიჭებს ასე ვუთხარი: ნუ შეიწუხებთ ამ კაცზე ფიქრით თავს. ჩვენ ის ერთხელ ვნახეთ, აი, ბლექბერნელები კი მასთან ერთად ცხოვრობენ სტივ კინი დიუფს რასაკვირველია მოიშორებს თავიდან. ძალიან გამიკვირდება ეს ფეხბურთელი მომავალ სეზონშიც „ბლექბერნში“ რომ ვნახო და საერთოდაც, რაც უფრო მალე გავუშვებთ მას ჩვენი ქვეყნიდან მით უკეთესი იქნება. დროა დიუფი თავის კონტინენტს დაუბრუნდეს“.

შეგახსენებთ, რომ ელ ჰაჯი დიუფი ის ფეხბურთელია, რომელმაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონიის საიუველირო მაღაზიიდან სამაჯური მოიპარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული