ვეტერანი ნიჭიერთა გუნდიდან

AutoSharing Option

მაიკლ ოუენმა თავისი ყოფილი კლუბი გააკრიტიკა - იქ არიან, სადაც იმსახურებენო. ალბათ, მიხვდით, „ლივერპულზეა“ ლაპარაკი. „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ 2001 წლის ლაურეატის აზრით მერსისაიდელები მეტისმეტად არიან დამოკიდებული ორ ფეხბურთელზე, რომელთა გარეშე კარგად თამაში არ შეუძლიათ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 31 წლის ფორვარდი ამბობს: „ლივერპულელებს პრემიერლიგის ცხრილში ზუსტად ის ადგილი უკავიათ, მათ დღევანდელ მდგომარეობას რომ შეესაბამება. კლუბმა მეპატრონეები გამოცვალა, მიმდინარეობს გარდამავალი პერიოდი და ეს პირდაპირ აისახება მოედანზე. გარდა ამისა, გუნდს აშკარად აქვს ერთი სერიოზული პრობლემა: ძალიან არის დამოკიდებული ორ ვარსკვლავზე და როდესაც ისინი

ვერ თამაშობენ, ვეღარაფერს ხდება“.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ოუენი სტივენ ჯერარდსა და ფერნანდო ტორესს გულისხმობს. ძნელია არ დაეთანხმო, თუმცა „წითლების“ ფანებს თავიანთი ყოფილი გმირი აღარ უყვართ და მისი არც სიმართლე უნდათ და არც სიცრუე. ამის მაგალითად, თუნდაც კვირას ჩატარებული ფეხბურთის ასოციაციის მესამე ეტაპის შეხვედრა გამოდგება - „ლივერპულმა“ მანჩესტერში „იუნაიტედთან“ ითამაშა და როდესაც შეხვედრის მიწურულს მოედანზე ოუენი შევიდა, სტუმარი გუნდის ფანებმა მას ობსტრუქცია მოუწყვეს.
ლივერპულელი გულშემატკივარი ვეტერან თავდამსხმელს ჯეიმი კარაგერისადმი მიძღვნილ შეხვედრაზეც ცუდად შეხვდა. როდესაც გაფუჭებული ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს, ოუენმა უპასუხა:

„კარაგერისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სტვენისა და „ბუუს“ მოსმენა, რასაკვირველია, უსიამოვნო იყო, მაგრამ მე ლივერპულში ჯეიმის პატივსაცემად ჩავედი. ეს გახლდათ საქველმოქმედო შეხვედრა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ფულს ვკრებდით და ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. გაცილებით იოლი იქნებოდა კარაგერისთვის თავაზიანი უარი რომ შემეთვალა და ყველაფერი ამით დამესრულებინა. გარდა ამისა, ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ „ენფილდ როუდის“ ტრიბუნებიდან მარტო აგრესია ვიგრძენი. ზოგი ტაშს მიკრავდა, ზოგიც მისტვენდა და რაც უფრო ხურდებოდა ბურთაობა, ტაშის დამკვრელთა რაოდენობაც მატულობდა. მე ლივერპულელ ფანებს პირადად რომ შევხვედროდი, დარწმუნებული ვარ ყველასთან სასიამოვნო საუბარი მექნებოდა, მაგრამ ერთია პირადი შეხვედრა და სავსე ტრიბუნების წინ მოედანზე გასვლა - მეორე. აქ, ვერაფერს გააწყობ, დღეს მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ვარ და მთელი გულითა და სულით ამ გუნდს ვემსახურები“.

თუმცა, ტაბლოიდები წერენ, რომ ოუენისა და „იუნაიტედის“ თანამშრომლობას დიდი დრო აღარ უწერია. ფეხბურთელისა და კლუბის კონტრაქტს ვადა მაისში გაუდის და კლუბი მის განახლებას რომ აპირებდეს, უკვე დაიწყებდა მოლაპარაკებებს. ვაგლახ, მანჩესტერელები ჩუმად არიან. ამის მიუხედავად თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ სეზონს ჯილდოს გარეშე არ ჩაამთავრებს.

„დიახ, ეჭვი არ მეპარება, რომ ტიტულს მოვიპოვებთ და გარწმუნებთ, „იუნაიტედის“ დანარჩენი ფეხბურთელებიც სავსებით დარწმუნებული არიან ამაში. საქმე კი ის არის, რომ ჯერ ერთი ჩვენ ერთმანეთის ოსტატობაში არ გვეპარება ეჭვი და მეორეც, საკუთრივ გუნდისა გვწამს ძალიან. დააკვირდით: ყოველ ტურში ამა თუ იმ ნაკრების დაახლოებით ხუთი მოთამაშე ვერ ხვდება შემადგენლობაში. შემადგენლობაში კი არა, რამდენიმე სათადარიგოთა სკამზეც ვერ ხვდება. რას ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უნიჭიერესი ფეხბურთელები თამაშობენ?“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული