ლემპარდს სკოლარი აგონდება

AutoSharing Option

ფრენკ ლემპარდმა ხალხის წინაშე კერკეტი კაკლის როლის თამაშს თავი დაანება. ის „ჩელსის“ პირველი წარომადგენელია, რომელმაც თქვა, რომ გუნდში ფსიქოლოგიური კრიზისია და ფეხბურთელები მატჩების წინ აღარ არიან დარწმუნებული მოედანზე მოსაგებად გადიან თუ წასაგებად. გაზეთ „სანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ინგლისის ჩემპიონთა ყველაზე გავლენიანმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა დაკარგეს დაუმარცხებლობის შეგრძნება, რომლის წყალობითაც გასულ სეზონში პრემიერლიგაში და ფეხბურთის ასოციაციის თასზე გაიმარჯვეს. და კიდევ ერთი: ლემპარდმა განაცხადა, რომ „ჩელსის“ წარუმატებლობა არაფერ კავშირში არ არის მწვრთნელის ასისტენტ რეი უილკინსის თანამდებობიდან გაშვებასთან. ის, რომ

„ლურჯებმა“ ცუდად თამაში უილკინსის გაშვების შემდეგ დაიწყეს, უბრალოდ დამთხვევააო, ამბობს ინგლისის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი.

„გასულ სეზონში დუბლი მოვიგეთ. შედეგს ყველამ ერთად მივაღწიეთ, რეის ჩათვლით. რეი ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. ასეთ რაღაცებს კლუბის დირექტორატი წყვეტს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ რომან აბრამოვიჩი რომ არ მოსულიყო ჩვენ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს სამჯერ ვერ მოვიპოვებდით. რასაკვირველია, ყველაფერი, რაც მოედანს მიღმა ხდება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელები ვალდებული ვართ ძალიან ბევრი რაღაც მოედნის პირას დავტოვოთ და სათამაშოდ ისე გავიდეთ. ის, რაც რეისთან დაკავშირებით მოხდა თავის გამართლებად არ გამოდგება. ჩვენ ვალდებული ვართ ყველაფრის მიუხედავად ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ“.

გასულ უქმეებზე „ლურჯებმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე გამამხნევებელი გამარჯვება მოიპოვეს - 7:0 მოუგეს „ჩემპიონშიპის“ ერთ-ერთ ქვედა გუნდ „იფსვიჩს“, მაგრამ ლემპარდი თავს არ იტყუებს. მან კარგად იცის, რომ მთავარი ფეხბურთის ასოციაციის თასი კი არა, პრემიერლიგაა, სადაც, ბოლო ტურში, მან და მისმა თანაგუნდელებმა „ვულვერჰემპტონთან“ 1:0 წააგეს. ერთი სიტყვით, მთავარია თავი ხელში აიყვანონ და ბედის ბორბალი შემოატრიალონ, რაც დასავლეთლონდონელებს სჩვევიათ. გავიხსენოთ, თუნდაც, გასული სეზონი, როდესაც „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაში „ინტერთან“ დამარცხდა და თითქოსდა ნირიც წაუხდა, მაგრამ ყურადღება მოიკრიბა და ის ორი ჯილდო მოიგო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

„შარშან „ინტერმა“ დაგვამარცხა, რასაც „ბლექბერნთან“ ფრე მოჰყვა, რის შემდგაც კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე დიდი თათბირი გვქონდა. ამ თათბირის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ დავამარცხეთ „პორტსმუთი“ (5:0), „ასტონ ვილა“ (7:1), რასაც მოვაყოლეთ და მოვაყოლეთ... ყველას ვუგებდით.

დღეს, რომ არ დაგიმალოთ, მუდმივად გვაქვს შეგრძნება, რომ მოედანზე გასვლის წინ საკუთარ თავში დარწმუნებულები არ ვართ. ჩვენ არ ვიცით, მოვიგებთ თუ წავაგებთ. დავაზუსტოთ: იმას კი არ ვამბობ, რომ რომელიმე ჩვენგანს თავდადება ან მოგების სურვილი შეუმცირდა, მაგრამ საკუთარი უძლეველობის გრძნობა დავკარგეთ და ამისთვის ვერაფერი მოგვიხერხებია“.
„ჩელსის“ დღევანდელი მდგომარეობა ლემპარდს ლუიშ ფელიპე სკოლარის „სტემფორდ ბრიჯზე“ ყოფნის ბოლო დღეებს აგონებს. ის ამბობს:

„სკოლარის „ჩელსიში“ ყოფნის ბოლო პერიოდიც სწორედ ასეთი იყო - აღარ გვქონდა რწმენა რომ მოედანზე გავიდოდით და მოწინააღმდეგეს აუცილებლად დავამარცხებდით. ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც თუ დაკარგავ, მერე მისი დაბრუნება ძნელია. ახლა, ფეხბურთელებმა მდგომარეობიდან გამოსასვლელად რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ, მწვრთნელის დავალებებს ვუერთგულოთ და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველაფერს გამოვასწორებთ. ასე თუ არ მოვიქცევით, აუცილებლად ხელი მოგვეცარება“.

ინგლისური პრესა დარწმუნებულია, რომ შექმნილმა მდგომარეობამ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობათა დაძაბვაც გამოიწვია. ასე მაგალითად, დიდიე დროგბამ და ჯონ ტერიმ საჯაროდ, მაყურებლის წინაშეც კი იკამათეს.

„როდესაც გუნდი ვერ იგებს უცნაური იქნება დიდმა, გამოცდილმა ფეხბურთელებმა ერთმანეთს მიზეზები რომ არ ჰკითხონ. დროგბაცა და ჯონიც ემოციური ადამიანები არიან. რასაკვირველია, ყველაზე კარგი იქნებოდა ფეხბურთელებს ერთმანეთთან გასახდელში ეკამათათ და ხალხისთვის თავიანთი აღელვება არ ეჩვენებინათ, მაგრამ, როდესაც გამარჯვების სურვილი გკლავს, ხანდახან ემოცია შეიძლება მოედანზეც გადმოიღვაროს. იმ დღეს ჩვენ ყველანი მოგებას ველოდით. გვეგონა „ვულვზს“ დავამარცხებდით და საჩემპიონო ბრძოლას დავუბრუნდებოდით, მაგრამ მოწინააღმდეგემ ღირსეულად ითამაშა და გამარჯვება მას დარჩა“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული