ამბავი სერბთა და მანჩესტერელთა

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტი“ შთამბეჭდავ საზაფხულო ვაჭრობას განაგრძობს: მან „ლაციოს“ ალექსანდრ კოლაროვში 17 მილიონი ფუნტი ანუ 20,3 მილიონი ევრო შესთავაზა და იტალიიდან თანხმობა მიიღო. ასე და ამგვარად, სერბი მცველი ისტლენდელთა თავკაცის რობერტო მანჩინის მეოთხე შენაძენი გახდება. მანამდე მანჩინიმ ზუსტად ერთსა და იმავე ფასად შეიძინა დავიდ სილვა და იაია ტურე (28,7 მილიონი ევრო) და ჯერომ ბოატენგი (11,9 მილიონი ევრო). და სანამ „სიტი“ ხარჯავს და ხარჯავს არაბ მეპატრონეთა მილიონებს, იმავ ქალაქის მეორე გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ კოლაროვის თანამემამულისა და ნაკრებში თანაგუნდელის ნემანია ვიდიჩის დაკარგვის პირასაა

— ვიდიჩით სერიოზულად გახლავთ დაინტერესებული მადრიდის „რეალი“.

„ლელოს“ მკითხველს კარგად ეხსომება, რომ ვიდიჩის „ოლდ ტრეფორდიდან“ წასვლაზე ჯერ კიდევ შარშანდლიდან ლაპარაკობდნენ. ამბობდნენ, რომ სერბი ფეხბურთელის მეუღლე მანჩესტერულ ცხოვრებასა და ზოგადად ქალაქს ვერანაირად ვერ შეჰგუებია და თვალი გაქცევაზე უჭირავს. და ვიდიჩების ოჯახს სწორედ ამ დროს მოუსწრო მადრიდულმა წინადადებამ — „რეალის“ ახალ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ვიდიჩი სასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთ პირველ ნომრად ჰყოლია შეყვანილი. მადრიდელთა პორტუგალიელ თავკაცს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უპირველეს ყოვლისა დაცვის გაძლიერება აქვს განზრახული და ამ გეგმაში ვიდიჩმა, შესაძლოა, დიდი ადგილი დაიკავოს.

ნიშანდობლივია, რომ ვიდიჩის აგენტმა პაოლო ფაბრიმ თავი შეიკავა იმის განცხადებისგან, რომ ვიდიჩი მომავალ სეზონშიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. მან, ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ერთი ხნის წინ თქვა, რომ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ფაბრი: „ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დრო ვთხოვეთ, ბევრი რამ გვაქვს მოსაფიქრებელი. ნემანიას დასვენება უნდა. ის ვარაუდობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა“
და, აჰა, ჩემპიონატიც დასრულდა.

რეალი და მანჩესტერის გუნდები კიდევ ასე ებმიან ერთმანეთს: „სიტის“ გაუმართლა, რომ „რეალს“ „ჩელსიდან“ ეშლი კოული მიჰყავს. კოულის ტრანსფერი რომ არა, მადრიდელები კოლაროვის ყიდვას შეეცდებოდნენ და სერბი მაინც ისტლენდზე გადასვლას აირჩევდა თუ არა, კაცმა არ იცის.
მართლალია, სერბეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში გერმანიის, განისა და ავსტრალიის შემდეგ ბოლო ადგილი დაიკავა, კოლაროვმა მაინც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დასტოვა. ის გახლავთ მაღალი და მძლავრი მცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნახევარმცველობაც შეუძლია და შორეული დარტყმებითაც იპყრობს ყურადღებას — სერბი რობერტო კარლოსიც კი შეარქვეს. კოლაროვს შეტევაში ჩართვა უყვარს. იგი საერთაშორისო ასპარეზზე 2007 წლიდან გამოჩნდა, როდესაც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული