რამდენი გაიარა ალექს სონგმა?

AutoSharing Option

ერთი სასეირო ამბავი უნდა გიამბოთ: დეკემბერში, ლონდონში, „არსენალისა“ და „სტოკ სიტის“ შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადაიდო. და იცით, რა მოხდა მას მერე, რაც მოთამაშეებს გამოუცხხადეს, რომ თამაში აღარ ჩატარდება? „მეთოფეთა“ ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, კამერუნელმა ალექს სონგმა სტადიონიდან ხუთი საათი ფეხით იარა სანამ ტაქსის გადაეყრებოდა. 23 წლის აფრიკელმა, ყინვაში, დაახლოებით 8 მილი გამოიარა. ცნობისთვის: ერთი მილი 1,6 კილომეტრია.

„დაუჯერებელი რამ მოხდა – თქვა სონგმა – ჩვენ სტადიონზე მივედით, სადაც გვითხრეს, რომ თამაში არ ჩატარდებოდა. ბიჭებმა ჩვენ-ჩვენს მანქანებს მივაშურეთ და

სახლებში წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ისეთი ამინდი იყო, რომ... ორსაათიან საცობში ამოვყავი თავი. ერთი მეტრითაც არ დავძრულვართ წინ. ამდენი ვეღარ მოვითმინე, ვიფიქრე, აქ მთელი დღე დგომას გამოსავლის მოძებნა აჯობებს-მეთქი და სტადიონზე მივბრუნდი.

 

მანქანა იქ, სადგომზე დავაყენე და გადავწყვიტე სადმე, ქუჩაში ტაქსი გამეჩერებინა. გამოვედი სტადიონის ტერიტორიიდან. მოვდიოდი, მაგრამ საქმეში ხარ? მე დაჟინებით მივიწევდი წინ, მაგრამ ტაქსის ნასახიც არ იყო. ამ სიარულში „ემირეიტს“ იმდენად გამოვცდი, რომ უკან დაბრუნებას უკვე ნამდვილად აღარ ჰქონდა აზრი. ნერვებს, განსაკუთრებით, ის მიშლიდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრენტ კროსისკენ მივუყვებოდი ქუჩას, რომელიც მანქანით უნდა გამომევლო. საქმე ის არის, რომ შემოვლითი გზები კარგად არ ვიცი და შეიძლება სადღაც სულ სხვაგან ამომეყო თავი.

საბოლოოდ, ოთხი თუ ხუთი საათი ვიწვალე – აბა, თოვლში ჩქარა ხომ ვერ ივლი ადამიანი. ძალიან უცნაური შუადღე იყო, მოვდიოდი და ვერავინ მცნობდა. ასეთი რამ, მგონი პირველად მოხდა. ბრენტ კროსზე ტაქსის კომპანია დავინახე, მივედი, მაგრამ იქ ბიჭმა მითხრა, დღეს ერთი მანქანაც არ გვყავსო. ვთხოვე რამენაირად დამხმარებოდა. მან ვიღაცას შინ დაურეკა, ორმაგი ფასის გადახდა მომთხოვეს. ოღონდ სახლში მიმიყვანეთ და რამდენსაც მეტყვით იმდენს გადაგიხდით-მეთქი, ვუთხარი კომპანიის წარმომადგენელს.

 

მძღოლს სახლიდან ჩვენამდე დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა. გახარებული ჩავუხტი მანქანაში და შინისკენ გავწიე. სახლში მისულს ისე გამიხარდა, გეგონება ცხრა მთას იქიდან დავბრუნდი. სასწრაფოდ მივიღე შხაპი და დავიძინე.


მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. თუკი მსგავს სიტუაციაში კიდევ ამოვყოფ თავს, სტადიონზევე დავრჩები, იქ გავათენებ ღამეს.“

 

ალექს სონგის ტრაგიკომიკური ამბის შეტყობის შემდეგ ინგლისურმა ტაბლოიდებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ „ემირეიტ სთედიუმიდან“ ბრენტ კროსის სავაჭრო ცენტრამდე 7,7 მილი ანუ 12.3 კილომეტრია.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული