რაფა ბენიტესი: ბოდიში, მაგრამ...

AutoSharing Option

რაფა ბენიტესი ამბობს, რომ „ლივერპულის“ ბოლო პერიოდის ჩავარდნას მასთან საერთო არ აქვს. „დიდი ბოდიში, ბატონებო, მაგრამ მე აქ არაფერ შუაში ვარ“ - თქვა ესპანელმა მწვრთნელმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ „ინტერიდან“ გამოაგდეს.

მერსისაიდელებმა გასული სეზონი ცუდად ჩაატერეს. მათ პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავეს, რაც „ლივერპულისთვის“, რასაკვირველია ცუდი შედეგია. ასეთი დაბალი ადგილით შეურაცხყოფილმა კლუბის ხელმძღვანელობამ ბენიტესი თანამდებობიდან მოხსნა და მის ნაცვლად „ფულჰემიდან“ წამოსული როი ჰოჯსონი მიიყვანა, მაგრამ ჰოჯსონის ხელში „წითლებს“ კიდევ უფრო უკან წაუვიდათ საქმეები. ლეგენდარული გუნდი ახლა საერთოდ გასავარდნთა

ზონაში ჩაეშვა, საიდანაც მხოლოდ ჰოჯსონის მოხსნისა და კენი დალგლიშის მიყვანის შემდეგ ამოვიდა.

გაგდებული ბენიტესი კი, თავის მხრივ, ინგლისიდან იტალიაში, კერძოდ „ინტერში“ წავიდა, სადაც ჩაფლავდა და „სან სიროდან“ ახალი წლის დადგომამდე მოიშორეს.

BBC-ის Five Live Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბენიტესმა ლივერპულში მუშაობის დროინდელ ამბებზე ილაპარაკა, ჩვენ კი ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ. მთავარი პრეტენზია რომელიც ჟურნალისტებმა ესპანელ მწვრთნელს წაუყენეს ასეთი გახლდათ: მან „ენფილდ როუდზე“ ბევრი სარტანსფერო შეცდომა დაუშვა - ფეხბურთელებს არჩევდა არასწორედ. ასეთი ბრალდების პასუხად ბენიტესმა მიუგო: 

„გეთანხმებით, უშეცდომო არც მე ვიყავი. იცით, როგორ ხდება? ხანდახან გგონია, რომ კარგ ფეხბურთელს ყიდულობ და, კაცმა რომ თქვას, ის ფეხბურთელი მართლაც ნამდვილი ოსტატია, მაგრამ ან ადგილს ვერ ეგუება ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ერევა თავგზა და გამოდის, რომ შენ სატრანსფერო შეცდომა დაუშვი. მეორე მხრივ, თუ კარგად გაიხსენებთ, ჩვენ მოზომილად 10-12 მილიონ ფუნტს ვხარჯავდით, ეს კი ის თანხაა, რომელიც დიდ კლუბს უნდა ჰქონდეს. დიდ კლუბს 10-12 მილიონი ფუნტი ნამდვილად ვერ დააქცევს.

დიახ, იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც, ალბათ, არ უნდა გვეყიდა, მაგრამ დამეთანხმებით, ჩემს მიერ შეძენილი მოთამაშეების უმეტესობა „ლივერპულს“ მოერგო. ჩამოგითვლით: პეპე რეინა, გლენ ჯონსონი, მარტინ შკრტელი, დანიელ აგერი, ფაბიო აურელიო, ლუკას ლეივა, ფერნანდო ტორესი, მაქსი როდრიგესი, დირკ კუიტი... ძალიან ძლიერი გუნდი გამოდის, რას იტყვით? ახლა, ამ გუნდის ყველა უპირატესობის ჩამოთვლას აღარ შევუდგები, უბრალოდ ვიტყვი, რომ შემადგენლობას ვერავინ დაიწუნებს. როგორც ჩანს პრობლემა მენტალური ხასიათისა იყო. ვფიქრობ, კენი სწორედ მიუდგა საქმეს, ის აქცენტებს სწორად დასვამს და შედეგსაც კარგს მიიღებს.
მეორე მხრივ, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ შვიდი ფეხბურთელი როი ჰოჯსონმა და მისმა მენეჯინგ-დირექტორმა კრისტიან პერსლოუმ იყიდეს. რასაკვირველია, წარსულის ამბებზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება, მაგრამ როდესაც კაცი შვიდ მოთამაშეს ყიდულობს, ახალ პერიოდზე უკვე მან უნდა აგოს პასუხი. შვიდი კაცი, ფაქტობრივად, ახალი გუნდია. შეიძლება ითქვას ჰოჯსონმა გუნდი შეცვალა. ასე და ამგვარად, ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „ლივერპულის“ წლევანდელი ჩავარდნა ჩემთან რაიმე კავშირშია, უნდა შეწყდეს. დიდი ბოდიში, მაგრამ მე ამ ამბავთან უკვე აღარაფერ შუაში არ ვარ“.

და ინტერვიუს ბოლოს ბენიტესი ისევ დალგლიშის თემას დაუბრუნდა და იმედი გამოთქვა, რომ „კოპის მეფე კენი“ „წითლებს“ გამოაცოცხლებს და კვლავ ძველ სიმაღლეზე აიყვანს.

„მერწმუნეთ, კენის ხელში „ლივერპული“ გაცილებით უკეთ ათამაშდება, რადგან მან კლუბი შიგნიდან იცის. ის მოახერხებს ფეხბურთელებს ისე დაელაპარაკოს, რომ მათ გაიგონ სად არიან და რამხელა სიამაყეა იყო „ლივერპულის“ ფეხბურთელი. მე გლი მიგრძნობს, რომ კენი დალგლიშის დანიშვნა სწორი ნაბიჯი იყო. მე ახალ მწვრთნელს დიდ წარმატებებს ვუსურვებ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული