მოსახლეობის წინაშე თვით ტელეკომპანიის დირექტორი ბერნი ფრენსისი გამოვიდა შეკრული კოპებით. მან თქვა, რომ პირადად
„კეისმა და გრეიმ ჩვენი ეთიკის, ბიზნესისა და მეპატრონეებისთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს, რითაც ფართო აუდიტორია შეურაცხყვეს“.
საინტერესოა, რომ წყვილმა თანამსაჯ ქალზე, რომლის გვარიც არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის მსგავსად გამოითქმის, მაგრამ სხვანაირად იწერება, შეურაცხმყოფელი სიტყვები გადაცემის დაწყებამდე თქვეს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და მიკროფონები ჩართული ყოფილა. თუმცა, მოდი, ნუღარ ვიმარჩიელებთ და ციტატა მოვიტანოთ. აი, რა თქვეს კეისმა და გრეიმ:
კეისი: აჯობებს ვინმე თუ ჩავა დაბლა მას ოფსაიდის წესს აუხსნის.
გრეი: წარმოგიდგენია? ქალებმა არ იციან რა არის თამაშგარე.
კეისი: რა თქმა უნდა არ იციან.
გრეი: მაშ რატომ ჰყავთ ქალი თანამსაჯი? მის გამო დღეს ვიღაც ძალიან დაზარალდება.
კეისი: გარანტიას გაძლევ, რომ სწორედ ასე მოხდება. ნახავ, რა დღეში ჩააგდებს კენი დალგლიშს. პირველად ხომ არ ხდება? გახსოვს ადრეც გვყავდა ერთი თანამსაჯი ქალი, ვენდი ტომსი...
გრეი: უი, უი... ისიც რა უიმედო ვინმე იყო...
მოგვიანებით, გრეიმ BBC5-ზე ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ საშინლად შეცდა, რადგან პროფესიონალიზმი სქესზე არ არის დამოკიდებული. ტელევიზორში გამოიყვანეს ჟურნალისტის და სუზანიც, რომელმაც ყველაფერი ძმის პროფესიონალიზმით ახსნა - ფეხბურთი მეტისმეტად უყვარს, საქმისადმი პროფესიული მიდგომა აქვს, შეცდომებს ვერ ეგუება და მკაცრად სჯის, თუმცა ამჯერად ზედმეტი მოუვიდაო.
„ტვიტერზე“ ხმა აიმაღლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა ვარსკვლავმა რიო ფერდინანდმაც, მაგრამ ისტორიას სხვა გაგრძელებაც მოჰყვა: კეისისა და გრეის წინააღმდეგ ახლა საკუთრივ მათმა ტელეკომპანიამ გაილაშქრა. როგორც ჩანს, კომპანიის შეფებმა „სექსისტი“ ჟურნალისტებისგან მაქსიმალური გამიჯვნა გადაწყვიტეს. SKY Sport-მა საჯაროდ გამოიტანა ჩანაწერი, სადაც გრეი მოედნის კიდესთან მდგომ რეპორტიორს (მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს კომენტარს რომ სთხოვენ) ენდი ბარტონს ელაპარაკება. ამ ლაპარაკის დროს ჟურნალისტები იმავე თემას უტრიალებენ და ოფსაიდის წესს არჩევენ, უფრო სწორად კი იმას, რომ ქალები თამაშგარეს ვერ ხვდებიან. კერძოდ ასეა: ბარტონი გრეის კიდევ ერთი კოლეგის ნათქვამს ეუბნება (ის კოლეგაც შორიახლოს დგას), რომ მესის ქალის კვალობაზე მსაჯად არა უშავს. ამაზე გრეი პასუხობს: „არ დაუჯერო“. შემდეგ კოლეგა, რომელიც შორიახლოს დგას კიდევ რაღაცას ამბობს, გრეი კი აწყვეტინებს:
„მე მას სტადიონიდან ვუყურებ. რას გეტყვი, იცი? ქალებს თამაშგარისა არაფერი გაეგებათ“.
რაც შეეხება კეისს, მან მესის პირადად დაურეკა და მოუბოდიშა. ამბობენ, თანამსაჯმა ჟურნალისტს იოლად აპატია და საერთოდაც, თუკი მთელ ამ ისტორიას ვინმე ნაკლებად განიცდის, სწორედ სიან მესიაო.
.