„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილს კვლავ 5 ქულით რომ ლიდერობს, რასაკვირველია, დიდწილად დიმიტარ ბერბატოვის დამსახურებაა. აი, „ბლექპულთან“ გადადებულ შეხვედრაშიც მან გამოიჩინა თავი - ორი გოლი გაიტანა. მერედა, მოგეხსენებათ, როგორ იყო: მასპინძელთა მართლაც შესანიშნავი გუნდი მრისხანე სტუმრებს 2:0-ს უგებდა, მაგრამ თამაში მაინც სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭების სასარგებლოდ, 3:2 დასრულდა.
ბულგარელმა, რომელსაც ამ სეზონში, მოედანზე, ყველაფერი მეტისმეტი სიმსუბუქით გამოსდის, ბომბარდირთა დავაშიც წინ წაიგდო საქმე - უკვე 19 გოლი აქვს გატანილი, მის მდევარ კარლოს ტევესს კი - 14. ბერბატოვმა თქვა:
„ჩვენ მენტალურად ძლიერი გუნდი
„ბლუმფილდ როუდზე“ ჩატარებული შეხვედრის გახსენებისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ ეპიზოდში მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ და კაცმა რომ თქვას, დიდი შანსია, მართლებიც იყვნენ...
შესვენებისას ფერგიუსონმა მოედანზე ვეტერანი რაიან გიგზი შეიყვანა, რასაც 20 წუთში მეორე ცვლილება მიაყოლა - უეინ რუნის მაგივრად მოედანზე მექსიკელი ხავიერ ერნანდესი შეუშვა, რომელმაც მალე გოლიც შეაგდო. მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა თქვა:
„პირველ ტაიმში უნიათოდ ვთამაშობდით და ჩარლი ადამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდით. ამ ბიჭის მარტო ერთი კუთხური ღირს 10 მილიონი ფუნტი. მოკლედ, მასპინძლებს ჩვენი სისუსტით კიდევ უფრო მეტად სარგებლობაც შეეძლოთ. როგორც ჩანს, საკუთარ სიძლიერეში ზედმეტად ვიყავით დარწმუნებული, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ შეხვედრებში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია ყველაფერი ყირაზე დააყენო. ამ შემთხვევაში თამაშის სურათი შესვენების შემდეგ მოედანზე რაიან გიგზის შესვლამ განაპირობა.“
ბოლოს კი ფერგიმ მესამე გოლზე გაამახვილა ყურადღება. ეს გოლი ბერბატოვმა 88-ე წუთზე გაიტანა:
„იმ ეპიზოდში მე დიმიტარს ვუყვიროდი, ბურთი „ჩიჩარიტოს“ (ერნანდესს) გადააწოდე-მეთქი, მაგრამ ის იმდენად არის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, რომ თავად გაიტანა გოლი.“
მაშ, დიმიტარ ბერბატოვი საუკეთესო ფორმაშია? - ეს კითხვა ამ ბოლო დროს ხშირად ისმის და თავად ბულგარელ ფორვარდსაც მოუწია მასზე პასუხის გაცემა. მან თქვა:
„იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ეს არ არის. საუკეთესო ფეხბურთს მე კიდევ ვითამაშებ.“
მოგეხსენებათ იყო ერთი სამწუხარო ეპიზოდიც, როდესაც მანჩესტერელთა 20 წლის განაპირა მცველი რაფაელი მერლონ ჰეერვუდთან შეჯახების შემდეგ მოედნიდან გაიყვანეს. ის სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.
.