ტაქტიკოსის გამარჯვება

AutoSharing Option

ალექს მაკლიში უსაზღვროდ ამაყია: მისი ხელმძღვანელობით „ბირმინგემმა“ 55-წლიანი ჩავარდნის შემდეგ პირველად მიაღწია „უემბლის“ - ლიგის თასის ფინალში გავიდა. „სენტ ენდრიუზზე“ ბირმინგემელებმა პრემიერლიგის აუტსაიდერ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლეს და 3:1 მოუგეს. პირველი თამაში, ლონდონის „აპტონ პარკზე“ „ჩაქუჩებს“ 2:1 ჰქონდათ მოგებული. საპასუხოს ძირითად დროშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა - სტუმარი კარლტონ კოულის პირველ გოლს მასპინძელთაგან ლი ბოიერმა და როჯერ ჯონსონმა უპასუხეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც, კრეიგ გარდნერმა გამოიჩინა თავი.

მაკლიში იმიტომაც გახლავთ ამაყი, რომ თამაშს ნირი შესვენებისას განხორციალებულმა ცვლილებამ შეუცვალა: მეტ დერბიშირის

ნაცვლად სქოთმა სპეციალისტმა მოედანზე სერბი ნიკოლა ჟიგიჩი შეიყვანა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მაკლიშმა თქვა:

„დღეს ჩემს კარიერაში დაუვიწყარი რამ მოხდა. როდესაც მსაჯმა ჩასტვინა და თამაში დაასრულა საოცარი სიამაყის გრძნობა დამეუფლა. გულს მოგვეშვა ყველას: მე, ფეხბურთელებს თუ კლუბის სხვა თანამშრომლებს. დღეს დიდებული მეორე ტაიმი ჩავატარეთ, რომელმაც ჩვენს გუნდს „უემბლისკენ“ გაუკვალა გზა. პირველ ნახევარში გვარიანი შრომა დაგვჭირდა და მოწინააღმდეგეც საკმაოდ ლაღად გრძნობდა თავს. კოულმა მართლაც ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანა. ამის შემყურემ, შესვენებისას ვიფიქრე, რომ ასე თუ გაგრძელდებოდა თასიდან გავვარდებოდით და ამიტომ შევცვალე ტაქტიკა. რაც „ბირმინგემშია“ ნიკოლა ჟიგიჩს ასე კარგად არ უთამაშია. ის აგრესულად თამაშობდა. აშკარად ეტყობა, რომ მიხვდა, როგორ უნდა ითამაშო ინგლისში თუ გინდა წარმატებას მიაღწიო“.

ამრიგად, ფინალში ერთმანეთის პირისპირ „ბირმინგემი“ და „არსენალი“ წარსდგებიან. მაკლიშმა, რასაკვირველია, კარგად იცის, რომ „მეთოფეები“ ამ შეხვედრაში უპირობო ფავორიტები იქნებიან.

„რასაკვირველია, ფავორიტი „არსენალი იქნება“, მაგრამ სინამდვილეში ვინ იცის რა მოხდება. ბოლოსდაბოლოს მოედანზე თერთმეტი კაცი თერთმეტს ეთამაშება“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული