შური, ფარული ძალები და არაობიექტური კაცი

AutoSharing Option

ინგლისში სექსიზმის თემა მძვინვარებს: ენდი გრეის გადადგომის ამბავი უკვე „მოგვიძველდა“, შემდეგ კი გრეის მისი მეწყვილე რიჩარდ კეისიც მიჰყვა. განსხვავება ის არის, რომ გრეი გააგდეს, კეისი კი თვითონ წავიდა. 53 წლის ტელეწამყვანმა talkSPORT-ისთვის მიცემულ რადიოინტერვიუში ბოდიში მოუხადა თანამსაჯ ქალ სიან მესის, რომლის კრიტიკითაც დაიწყო სკანდალი, და დასძინა, რომ გრეის გაგდების შემდეგ სამსახურში ვეღარ დარჩებოდა.

„მე სიანს კვირას დავურეკე და მოვუბოდიშე. ახლა ვაცნობიერებ როგორ ვცდებოდით მე და ენდი, როდესაც ქალების პროფესიულ უნარ-ჩვევებს ვაკრიტიკებდით. სხვათა შორის, მაშინ სიანს ვკითხე დამრთავდა თუ არა ნებას

სახალხოდ გამომეცხადებინა ჩვენი საუბრის შესახებ და მეთქვა, რომ ჩვენს შორის ყველაფერი გარკვეულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მან უარი მითხრა, მეორე დღიდან კი მსოფლიო გადაირია“ - თქვა კეისმა, მაგრამ ისიც დასძინა, რომ შესაძლოა ყველაფერი შურის ბრალია. ის და ენდი გრეი ხომ მეტად პოპულარული წამყვანები იყვნენ. მან თქვა:

„წარმატება შურს იწვევს. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩანაწერები, რომლებიც ტელევიზიით გაუშვეს შერჩეული იყო. ამოკრეფილი იყო კადრები, სადაც მე და ენდი ვჩანდით ცუდ ადამიანებად. რასაც ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობს ყველაფერი ეთერში რომ გაუშვა, ამ ქვეყანაში სამსახურში აღარავინ დარჩება“.

talkSPORT-თან საუბრისას კეისმა ისიც თქვა, რომ „ფარულმა ძალებმა“ მას ამდენი დღის განმავლობაში ბოდიშის მოხდის საშუალება არ მისცეს და ასხვა მაუწყებელში მისვლაც ამიტომ დასჭირდა. ამ ბრალდებაზე Sky Sports-ის ხელმძღვანელებმა ხელები გაასავსავეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

სკანდალის კიდევ ერთი განშტოება: კეისმა და გრეიმ „სექსისტური“ ფრაზები „ვესტ ჰემის“ ქალი ვიცე-თავმჯდომარის კარენ ბრეიდის მისამართითაც თქვეს. როგორც კეისი ამბობს, მან ორჯერ სცადა მასთან დაკავშირება, უნდოდა მისთვისაც მოეხადა ბოდიში, მაგრამ ბრეიდიმ არ უპასუხა.

„რიჩარდი ისე ამბობს არ მიპასუხაო, გეგონება ჩაიზე მპატიჟებდა და მე ყურმილი არ ავიღე. თუ დაკვირვებით წაიკითხავს ბოლო დღეების გაზეთებს მიხვდება, რომ „ვესტ ჰემის“ ახალ ოლიმპიურ სტადიონზე გადაყვანის ვარიანტებზე მუშაობით ვიყავი დაკავებული. ჩემთვის „ვესტ ჰემისა“ და ოლიმპიური სტადიონის მომავალი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე მისი. სამწუხაროა, რომ ადრინდელ გულისტკენას კეისმა ახალი შეურაცხყოფა დაამატა. მე თუ მკითხავთ, მან მარტო მე კი არ უნდა მომიხადოს ბოდიში, არამედ ყველა ქალს. ის, რაც მან ილაპარაკა იმას ნიშნავს, რომ მე და ჩვენს სფეროში მომუშავე ყველა ქალი უუნარონი ვართ“.

დაბოლოს, ვინ შეცვლის სამსახურიდან გაყრილ-წასულებს? ერთი, როგორც ირკვევა, გარი ნევილი იქნება. ის ენდი გრეის მიკროფონს მიუჯდება. „მანჩესტერ იუნაიტედის“ განაპირა მცველი, რომელიც ამ სეზონის ბოლოს ფეხბურთის თამაშს თავს ანებებს ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრში ამ სკანდალის გამო არ მოქცეულა. მასზე, როგორც მომავალ ტელეწამყვანზე ადრეც ლაპარაკობდნენ. ბოლო ხანს 35 წლის ვეტერანი ეკრანზეც ჩანდა, ოღონდ სხვა გადაცემაში, 37 წლის ჯეიმი რედნაპთან ერთად.
გარი ნევილის კანდიდატურამ აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა. ცნობილია, რომ მას „ლივერპული“ სძულს, რაც თავისი საქციელით ბევრჯერ დაუმტკიცებია და მავანნი შიშობენ, რომ მისი წაყვანილი გადაცემაც არაობიექტური იქნება. მეორენი ამტკიცებენ, რომ თუ მას რიჩარდ კეისის ადგილას „ლივერპულის“ ყოფილ ფეხბურთელს, მის დღევანდელ მეწყვილე რედნაპს მიუსვამენ, ის ყველაფერს გააწონასწორებს. ზოგადად, ნევილი თავისებური ზნის ადამიანია და პროვოკაციულ გამოხდომებს არასდროს ერიდება. ასე მაგალითად, მისი ავტობიოგრაფიული წიგნი სავსეა საკამათო და წინააღმდეგობრივი თავებით, ხოლო „მალტის ტაიმზში“, სადაც მესვეტედ მუშაობს, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის კარლოს ტევესის შესახებ დაწერა მწარედ - მოგეხსენებათ, „სიტი“ მისი „იუნაიტედის“ თანაქალაქელი და მოქიშპე გუნდია.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული კარიერის შემდეგ გარი ნევილი მულტიმილიონერი და ცნობილი ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშს თავს რომ დაანებებს Sky Sports-ის გარდა სხვა სამსახურებიც შესთავაზებენ თავიანთ კონტრაქტებს. აქ იგულისხმება როგორც ტელეკომპანიები ასევე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და, რასაკვირველია, საკუთრივ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სადამ მან შესაძლოა ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში მოსინჯოს ძალები.
ილია ბაბუნაშვილი 
    
 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული