„ჩელსიმ“ ინგლისური საფეხბურთო სამყარო გააოგნა: „ლივერპულს“ ფერნანდო ტორესში 35 მილიონი ფუნტი შესთავაზა... და, რასაკვირველია, უარი მიიღო. ეს ამბავი მერსისაიდელთა პრეს-მდივანმა დაადასტურა:
„ფერნანდოს შესახებ „ჩელსისგან“ მართლა მივიღეთ წინადადება, მაგრამ უარი შევუთვალეთ. ეს ფეხბურთელი არ იყიდება“.
მაგრამ, ამბობენ, რომ ინგლისის ჩემპიონთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ასე იოლად არ დანებდება და „ენფილდ როუდზე“ ახალ წინადადებასს გააგზავნის - გასულ ზაფხულს ფერნანდო ტორესსა და „ლივერპულს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ესპანელის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ფუნტი ჩაწერეს. ცნობილია, რომ დასავლეთ ლონდონელები დიდი ხანია ტორესის ნიჭის თაყვანისმცემლები არიან და
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონი „ჩელსიმ“ ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ მერე სერიოზული ჩავარდნა მოუვიდა, საიდანაც ახლაღა აღწევს თავს. აბრამოვიჩი ამ ჩავარდნამ ძლიერ გაანაწყენა და გუნდის გადახალისებაზე დაიწყო ფიქრი. „ლურჯების“ მთავარი თავდამსხმელი დიდიე დროგბა უკვე 33 წლის არის, ასე რომ, წინა პლანზე ბუნებრივად გამოდის ახალი ფორვარდის შეძენა.
მეორე მხრივ, „ლივერპულის“ ახალი ამერიკელი მეპატრონეებიც ჯიუტი ხალხი ჩანს და ტორესის დათმობას არ აპირებენ. მსოფლიოს ჩემპიონი „ლივერპულმა“ 2007 წელს მადრიდის „ატლეტიკოსგან“ იყიდა და მას მერე „ენფილდის“ გმირია. მიმდინარე სეზონში არც ტორესის საქმეები მიდის სახარბიელოდ - 26 წლის თავდამსხმელი მუნდიალის ფინალში დაშავდა და მას შემდეგ ვერა და ვერ აღიდგინა ჩვეული ფორმა, თუმცა მას მერე, რაც „ლივერპულის“ თავკაცის თანამდებობაზე როი ჰოჯსონი კენი დაგლიშმა შეცვალა, ტორესი „იშტაზე მოვიდა“ და 4 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.
თუკი აბრამოვიჩს ლივერპულში ტორესის თაობაზე ახალი წინადადების გაგზავნა მართლა სურს, უნდა იჩქაროს, რადგან ეგრეთწოდებული სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს საღამოს 11 საათზე იხურება. ფერნანდო ტორესის მერსისაიდური კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ესპანელი კვირაში 110 ათას ფუნტს იღებს, მაგრამ ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „ჩელსი“ ამ ჯამაგირს იოლად გაუორმაგებსო.