პრემიერლიგა. XXV ტურის წინ: ჰოლანდიური დუელი "სტემფორდ ბრიჯზე"

AutoSharing Option
ტური იწყება მატჩით, რომელიც შესაძლოა, მიმდინარე სეზონის გარდამტეხი დუელი გამოდგეს. კლაუდიო რანიერის "ლესტერი" კვლავაც პრემიერლიგის მოულოდნელ ლიდერად გვევლინება და მასზე 3 ქულით ქვემოთ მყოფ "მანჩესტერ სიტის" სტუმრობს.

"მელიებმა" სასწაულის ირწმუნეს და დაუჯერებელზე ოცნებას აგრძელებენ. ვინ იცის, თუ გუნდმა ეს თამაში მოიგო, ლესტერშირელთა სუპერსენსაციური ჩემპიონობა, ამის თამამად და ხმამაღლა თქმა ან ვარაუდი, უკვე აღარ ჩანდეს ისე დაუჯერებლად. პირველ წრეში მატჩი უგოლოდ დასრულდა და თითქოს, ამის საწინააღმდეგო არცერთ გუნდს არ ჰქონდა არაფერი.

ახლა კი "სიტის" მხოლოდ მოგება თუ დააკმაყოფილებს. ბევრის აზრით, გუნდი
ამ სეზონში მთავარი ფავორიტი იყო და არის კიდეც. ეს სტატუსი, მასპინძლის რანგში ყოფნა და სატურნირო მდგომარეობა პელეგრინის ბიჭებს სხვაგვარად თამაშის შანსს არც უტოვებს.

"ლესტერი" კი, ალბათ, თავიდანვე მეორე ნომრის ამპლუას მოირგებს და კონტრშეტევებზე შეეცდება ბედის ცდას, ეს რანიერის გუნდს კარგად გამოსდის, თანაც ჯეიმი ვარდიმ და რიად მაჰრეზმა ჯადოქრობები განაახლეს. ლესტერშირელებმა "ლივერპულთან" საუცხოოდ ითამაშეს.

ფრანჩესკო გვიდოლინი "სუონსის" მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. "კრისტალ პალასს" უკვე 7 ტურია, არ უმარჯვია, აქედან 5 შემთხვევაში გუნდმა გოლიც კი ვერ გაიტანა და მიყოლებით 5 წაგება აქვს... ალან პარდიუს საკადრო პრობლემებთანაც უწევს ჭიდილი, მაგრამ როგორმე გამოსავალი უნდა იპოვნოს.

აურია "სტოკმაც", მარკ ჰიუზის ბიჭებს 3 ტურია, არ მოუგიათ და გოლიც არ გაუტანიათ, გამოვარდნენ როგორც ლიგის, ასევე ასოციაციის თასებიდან. წარუმატებელი სერიის შეწყვეტა ცხრილში მეზობელ "ევერტონთან" შეიძლება, მაგრამ ადვილი არ იქნება, რადგან თუ "კანფეტებს" თამაში წაუვათ, მათი ჯობნა ძალიან ძნელია. პრობლემა ისაა, რომ რობერტო მარტინესის გუნდს სტაბილურად არაფრით მისდის თამაში და ამიტომაცაა ჯერ კიდევ ათეულს მიღმა.

"ასტონ ვილა" ბოლო საფეხურს ტკეპნის, ხოლო გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს მყოფი გუნდი "ნორვიჩია". ბირმინგემელები "იადონებს" 10 ქულით ჩამორჩებიან და თუ ისინი "ვილა პარკზე" დაამარცხეს, კიდევ შეიძლება გადარჩენის ილუზიების ცოტა ხნით შენარჩუნება. ალექს ნილი კი, ალბათ მიხვდება, რომ ნათან რედმონდის და უესლი ჰულაჰანის ადგილი სათადარიგოთა სკამზე არ არის და ორივეს ათამაშებს.

"ლესტერისგან" შერცხვენილი "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება და, როგორც ჩანს, ამ სეზონშიც ვერ შევა ოთხეულში. ყოველ შემთხვევაში, თუ "ენფილზე" "სანდერლენდსაც" ვერ მოუგო, ამის თქმა უკვე უფრო ომახიანად შეგვეძლება.

"სანდერლენდის" მტერი და მეზობელი "ნიუკასლიც" საჭიროებს ქულებს. სტივ მაკლარენი წუწუნებდა, პროგრესი გვქონდა ახლაკი ისევ უკან წავედით და დროა, ერთხელაც შემოვბრუნდეთ სწორი გზისკენო. მეტოქე მძიმეა, ტონი პულისი სანამ 40 ქულას არ დააგროვებს თითო ქულას ბოლომდე ჩაეჭიდება და არც "კაჭკაჭებთან" დათმობს რამეს.

საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს "უაით ჰართ ლეინზე". "ტოტენჰემისა" და "უოტფორდის" ჭიდილი პირველ წრეშიც მშვენიერი გამოდგა და, წესით, კლუბებმა იმედები არც ამჯერად უნდა გაგვიცრუონ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს უცილობლად მოსაგები აქვს, რადგან უშუალო კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან. სულ სხვა გეგმები აქვს კიკე სანჩეს ფლორესს, რომლის გუნდმაც თითქოსდა დაძლია კრიზისი.

"წმინდანებს" 4 ტურია გოლი არ გაუშვიათ (3 მოგება, 1 ფრე). თანაც, ამ პერიოდში სახუმარო მეტოქეები არ ჰყოლიათ. დაბრუნებული მეკარე ფრეიზერ ფორსტერიც საუცხოოდ გამოიყურება. თავდამსხმელებმა უნდა მოუმატონ და თუ ჩარლი ოსტინი მწყობრში იქნება, ალბათ, ახალწვეულსაც მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

ამასობაში, ერთად ვნახავთ მართლა დაეწყო თუ არა "არსენალს" ის, რაც იანვარ -თებერვალში ემართება ხოლმე. "მეთოფეებს" უკვე 4 ტურია, არ მოუგიათ და მე-4 ადგილამდეც ჩამოქვეითდნენ. გამომცდელიც არ არის სახუმარო - "ბორნმუთი", რომელიც მართლაც აღარ ხუმრობს და, ყველა ტურნირს თუ ავიღებთ, ბოლო 14 თამაშში ედი ჰაუს "ალუბლებს" ოდენ 2 აქვთ წაგებული. აქედან ერთი სწორედ "არსენალთან", მეორე კი - "ვესტ ჰემთან".

ტურს კი "სტემფროდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "მანჩესტერის" პრესტიჟული დაპირისპირება დააგვირგვინებს. "ჩელსის" უკვე 10 მატჩია, არ წაუგია (ყველა ტურნირზე), 5 მოგება და 5-იც ფრე. "წითელმა ეშმაკებმა" კი წინა ტურში ის თამაში აჩვენეს, ფანები დიდხანს რომ ელოდნენ და კარგ ხასიათზე არიან.

დანარჩენი ჰოლანდიელებმა - გუს ჰიდინკმა და ლუი ვან გალმა ერთმანეთში გაარკვიონ. ერთი ის ვთქვათ, რომ თასის მატჩებსაც თუ დავამატებთ, მანჩესტერელებს "ლურჯები" უკვე 9 შეხვედრაა, არ დაუმარცხებიათ.

შაბათი. 6 თებერვალი
სიტი-ლესტერი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანგალა, ბონი, კომპანი, დე ბრუინი, ნასრი - ჯეიმსი, შლუპი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 69 თამაში: +29 =17 -23 (123-106)

სუონსი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ვიქჰემი
ტრავმა: - ლედლი, კაბაი, გეილი, აპია, საკო, ბოლაზი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1 =3 -1 (4-3)

სტოკი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილსონი, კემერონი, გივენი, შოუკროსი, ადამი - ჰოვარდი, ბეშიჩი, მირალასი, ბრაუნინგი, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 115 თამაში: +31 =31 -53 (124-192)

ასტონ ვილა-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰატონი, სანჩესი, კოზაკი, ჟესტედი, ადამა ტრაორე, ამავი -
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +18 =13 -12 (65-58)

ლივერპული-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოუტინიო, როსიტერი, სტარიჯი, შკრტელი, ორიჯი, გომესი, ინგსი - ლარსონი, ქაბული
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +67 =32 -50 (244-211)

ტოტენჰემი-უოტფორდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერტონგენი, ნ’ჟიე - ჯილმარტინი, დოილი, ჰობანი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +9 =3 -5 (28-20)

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლბეკი, მბაბუ, ანიტა, სისე, აიდარა, ობერტანი, კრული - ბრანტი, მაკმანამანი, მორისონი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 107 თამაში: +39 =29 -39 (172-175)

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დევისი, როდრიგესი, გარდოში - ჯენკინსონი, სახო, ლანსინი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +21 =19 -21 (83-81)

კვირა. 7 თებერვალი
ბორნმუთი-არსენალი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტანისლასი, რენტი, გრადელი, უილსონი, მინგსი - უილშირი, როსიცკი, კასორლა
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (0-2)

ჩელსი-მანჩესტერი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რემი, ფალკაო - იანგი, შვაინშტაიგერი, ჯონსი, როხო, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+2 =4 -0 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 143 თამაში: +43 =42 -58 (181-233)

ბომბარდირები: 18 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 15 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Moigo lesterma, yvela grands mougo. Imsaxurebs chempionobas
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული