ჩვენს წერილში შევეცდებით ავხსნათ ჩილელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდის არადამაჯერებელი თამაშის მიზეზები.
ფსიქოლოგიური ფაქტორი
მანუელ პელეგრინის "სიტის" არადამაჯერებელი თამაშის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო გუნდის ფსიქოლოგიური არამდგრადობაა. ინგლისური კლუბი ვერა და ვერ შეეჩვია იმ მოდელითა და სისწრაფეებით თამაშს, როგორითაც გრანდებით თამაშობენ.
ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. უპირველესი კი ალბათ ისაა, რომ მანჩესტერული კლუბი
ტრავმები
მიმდინარე სეზონში "სიტის" არ ჩაუტარებია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩი, რომელსაც გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვედროდეს. გუნდის ლაზარეთი ყოველთვის სავსეა. ასე იყო თუნდაც "ლესტერთან" შეხვედრაში.წლების შემდეგ, მიმდინარე სეზონში, "არსენალი" როგორღაც შეეჩვია ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე თამაშს. რაც შეეხება "სიტის", ეს მისთვის ახალი ხილია და მანჩესტერელებს გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდებათ საიმისოდ, რომ ლიდერების გარეშე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გამკლავება ისწავლონ.
სტრატეგიული შეცდომა
შუა სეზონში "სიტის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დამრიგებლის პოსტს დატოვებს. მეტიც, დასახელდა მისი შემცვლელი, "ბაიერნის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.საჯაროობა და გამჭვირვალეობა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი აზრით, "სიტის" ხელმძღვანელობამ იჩქარა. რა მოტივაციით უნდა იმუშაოს პელეგრინიმ ინგლისურ კლუბში მაშინ, როცა იცის, რომ მისი საქმე დამთავრებულია?
ვფიქრობთ, ეს გარემოება ფეხბურთელებსაც ამჩნევს კვალს. მათ იციან, რომ როგორც უნდა წარმოაჩინონ ახლა თავი, სულ მალე ახალი მთავარი მწვრთნელისათვის ისევ თავიდან ექნებათ ყველაფერი დასამტკიცებელი.
გუნდური კლიმატი
შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ "სიტიში" ყველაფერი რიგზე ვერ არის. გუნდის განწყობის გადმოსაცემად იაია ტურეს ამბავი გამოდგება. არავინ დავობს იმაზე, რომ კოტდივუარელი ინგლისური კლუბის გამოკვეთილი ლიდერია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე.მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში "სიტის" პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს, იაიამ ღიად განაცხადა, რომ გუნდში დარჩენას აღარ აპირებს. ცხადია, აფრიკელი "სიტიში" ახლა მოვალეობის მოხდის მიზნითღა თამაშობს.
რა თქმა უნდა, არაერთ ფეხბურთელს უღრღნის გულს ეჭვი იმის თაობაზე, რომ როგორც უნდა ითამაშოს, მისი კარიერა "სიტიში" მაინც განწირულია, რადგან მოვა პეპი და გუნდს მაინც თავის თარგზე მოჭრის, იმ ფეხბურთელებს მოიყვანს, რომლებიც სჭირდება. ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს ვარაუდი სულაც არაა სიმართლეს მოკლებული.
მსუყე კონტრაქტის ფაქტორი
ეს ქვეთავი ჩვენს წერილში შემთხვევით არ გამოჩენილა. არაბული მილიონებით თავმომწონე "სიტიში" ბევრი იოლ ცხოვრებას შეეჩვია. როცა ნაღდ პროფესიონალთან გვაქვს საქმე, ასეთი რამ არამც და არამც არ მოხდება, მაგრამ სადაც ადამიანია, იქ სისუსტეცაა.საქმე ისაა, რომ გაირტყა რა მისთვის საოცნებო კონტრაქტი, რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად მოდუნდა და იმაზე უარესად დაიწყო თამაში, ვიდრე თამაშობდა. ისინი ფიქსირებულ ხელფასს იღებენ და უკვე ნაკლებად ადარდებთ სათამაშო ფორმა.
ეს პრობლემა აშკარად გამოსასწორებელია, რადგან "სიტის" თვით ამ შემადგენლობითაც კი გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე აჩვენებს. ეგაა, მოთამაშეები 100 პროცენტით არ იხარჯებიან.
აგუეროს არასტაბილურობა
"სიტიში" ბევრი რამ გუნდის არგენტინელ თავდამსხმელზე, სერხიო აგუეროზეა დამოკიდებული. სამხრეთამერიკელი წინააღმდეგობებითა და ტრავმებით სავსე სეზონს ატარებს, რაც მის გარჯას სერიოზულ კვალს ამჩნევს.ამაში მხოლოდ აგუერო არ არის დამნაშავე. დაიწყო თუ არა სეზონი, მას შემდეგ მას ტრავმები მწევარივით დასდევს უკან. საერთო ჯამში კი ისევ და ისევ "ქალაქელთა" შემტევი პოტენციალი ზარალდება.
იმედია, არგენტინელ სუპერშემტევს სეზონის ბოლოს მაინც შეუწყობს ხელს ჯანმრთელობა, რათა ის ფეხბურთი აჩვენოს, რომელიც შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"