არის, ნეიმარის სამყოფი თანხა?

AutoSharing Option

„ჩელსის“ ბრაზილიური „სანტოსისგან“ ვუნდერკინდის, ნეიმარის ყიდვა უნდოდა და მასში 25,7 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ გეგმა ჩაეშალა. მიზეზი: ბრაზილიელებს ფული ეცოტავათ. ეს 18 წლის ყმაწვილი 45 მილიონი დოლარი გვიღირსო, შემოუთვალეს ლონდონელებს სანტოსელებმა (ეს ქალაქი სან პაულუს შტატში, ცენტრალურ ქალაქ სან პაულუდან 79 კილომეტრში მდებარეობს), მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუ „ჩელსი“ ხელმეორედ გაგზავნილ იმავე შინაარსის ფაქსში ახალ თანხას, 30,5 მილიონ დოლარს ჩაწერს, ყველაფერი მოგვარდება. ცნობისათვის: „სანტოსი“ თავდამსხმელ ანდრეზეც აცხადებდა 62 მილიონ დოლარზე ნაკლებად არავის მივყიდიო, მაგრამ აგერ, ივნისში კიევის „დინამოს“ 10
მილიონად დაუთმო. სხვათაშორის, ნეიმარის ყიდვა ლონდონის მეორე გუნდს „ვესტ ჰემსაც“ სურდა, მაგრამ ის კიდევ უფრო ცოტას, კერძოდ 18,2 მილიონ დოლარს იხდიდა და, რასაკვირველია არაფერი გამოუვიდა.
ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის „ჩელსიში“ გადასვლას მიესალმება მისი მამა, რომელსაც ივლისის დასაწყისში „ვესტ ჰემის“ ვარიანტიც იმიტომ გაეხარდა, რომ ასე მისი ვაჟი „სტემფორდ ბრიჯს“ მიუახლოვდებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, კლუბს თავისი ანგარიში აქვს. ასე და ამგვარად, იმისათვის, რომ ბრაზილიის პირველობაზე ფინტებით რობინიოს დამჩრდილავი მოთამაშე იყიდოს, „ლურჯებმა“ ჯიბეში ერთხელაც უნდა ჩაიყონ ხელი. სხვათაშორის, ნეიმარს შედეგიანობაც გასაოცარი აქვს: 33 შეხვედრაში 32 გოლი. ასეთი სტატისტიკის მქონე კაცს ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ყურადღება რომ არ მიაქცია, ხუთგზის ჩემპიონთა ქვეყანაში საკმაო ხმაური გამოიწვია.

ყოველდღიური გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული