ჰიუზი იმან გააბრაზა, რომ იტალიელმა მას თამაშის დამთავრების შემდეგ, ხელის ჩამორთმევის დროს მზერა აარიდა, მანჩინიმ კი თავის მხრივ ძველი გაუხსენა - ნოემბერში,
და აი, კვირას, "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე", ჰიუზის გულის გასახარად, მარიო ბალოტელის მიერ გატანილ გოლს დემიენ დაფმა გოლითვე უპასუხა და "ფულჰემის" თავკაცის ყოფილ გუნდს ოთხეულში შესვლა გაურთულა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ჰიუზმა და მანჩინიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაგრამ, უცბად, უელსელი გაბრაზდა და იტალიელს რაღაც უკმეხად უთხრა. კონფლიქტი შემდეგ, გასახდელებთანაც გაგრძელებულა.
ჰიუზმა თქვა: "შესაძლოა ყველაფერი ისევ ჩემი ბრალია, მაგრამ ცოტა ძველმოდური კაცი გახლავართ და ასე მგონია, როდესაც ხელს გიწვდიან, კაცურად უნდა ჩამოართვა. ვიცი, ხანდახან ეს ძნელია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მაინც უნდა გააკეთო. როდესაც რობერტოს გუნდმა ჩემი 4:1 დაამარცხა, მივედი და მივულოცე. რა თქმა უნდა, ცუდ გუნებაზე ვიყავი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ "სიტიმ" "ფულჰემზე" უკეთ ითამაშა. დღეს კი მან ისე გამომიწოდა ხელი, რომ მგონი ვერც მიხვდა, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად რომ ითამაშა".
ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ ვის როგორ ჩამოართვა ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ მარკ ჰიუზი ასეთ რამეს პირველად არ აკეთებს. 2009 წლის დეკემბერში მას არსენ ვენგერთან ჰქონდა პრობლემა. უელსელი იმხანად სწორედ "სიტის" ედგა სათავეში. "არსენალის" ბოსმა მაშინ მისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა და დაპირისპირება მაშინაც გასახდელებთან გაგრძელდა. ამ სეზონში კი ჰიუზს ორჯერ ჰქონდა კონფლიქტი "სტოკის" თავკაც ტონი პულისთან.
მანჩინიმ კი ასე თქვა: "მან ლონდონშიც იგივე გააკეთა, ოღონდ ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. რასაკვირველია, მახსოვდა, მაგრამ აბა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ყოველთვის შედეგია. ვფიქრობ, დღეს ის გახარებული უნდა იყოს, რადგან ჩვენთან ფრედ თამაში შეძლო".
სხვათა შორის, ჰიუზმა არც კოლეგის ეს ნათქვამი დასტოვა უპასუხოდ:
"რაღაც ვერ ვიხსენებ ლონდონშიც იგივე რომ გამეკეთებინოს. მგონი რაღაც ეშლება. ყველას აქვს თავისი თავმოყვარეობა და ყველას სიამოვნებს როდესაც კარგ ნაშრომს უქებენ. აქ იმდენად ჩემზე არ ვლაპარაკობ, რამდენადაც "ფულჰემის" ყველა მოთამაშესა და თამანშრომელზე. მათთვის მანჩესტერში "სიტისთან" ფრედ თამაში მართლა დიდი შედეგი იყო".
"მანჩესტერ სიტისთვის" კი ეს ცუდი შედეგი გახლდათ. მეტიც, სტატისტიკა მეტყველებს, რომ 2011 წელს ისტლენდელებმა თამაში გააუარესეს. კერძოდ, 2010 წლის ნოემბერსა და დეკემბერში "სიტიმ" პრემიერლიგის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 10 შეხვედრაში 21 ქულა მოიპოვა, 2011-ში კი 8 მატჩში მხოლოდ 12 ქულის მოპოვება შეძლო.
მარკ ჰიუზი დააბრუნეთ ფარჩაკებო!.. :D