სტივენ ჯერარდი - საოცარი კარიერის დასასრული

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"საოცარი კარიერა მქონდა. მადლობელი ვარ "ლივერპულის", "ლოს ანჯელეს გელექსისა" და ინგლისის ნაკრების ყოველი წამისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან ბევრი ბრწყინვალე მომენტი მაკავშირებს ფეხბურთთან. ვამაყობ, რომ "ლივერპულის" მაისურით 700-ზე მეტი მატჩი ვითამაშე, რომელთა დიდი ნაწილი კაპიტნის რანგში მომიწია. მადლობელი ვარ, რომ კარიერის განმავლობაში დიდი ფეხბურთელების გვერდიგვერდ მითამაშია. მადლობელი ვარ ფანების მხურვალე მხარდაჭერისთვის, ისინი სულ გვერდში მედგნენ და, რაც მთავარია, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის. რაც შეეხება ჩემს უახლოეს გეგმებს, ამის შესახებ მალე შეგატყობინებთ", -
განაცხადა 36 წლის ჯერარდმა.

ჯერარდმა 19-წლიან პროფესიულ კარიერაში "ლივერპულსა" და "გელექსიში" ჯამში 729 მატჩი ჩაატარა, 185 გოლი გაიტანა და 115 საგოლე პასი გააკეთა. ინგლისის ნაკრებში მან 114 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

რომ არა ჯერარდი, ალბათ, არც ის დიდი ფინალი იქნებოდა 2005 წელს, როცა "ლივერპულმა" "მილანს" თამაში სასწაულებრივად შემოუტრიალა და 21-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა თასი მოიგო. იმ თამაშში მან ინგლისელთა პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი გუნდს პენალტიც მოუპოვა. ჯერარდი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

იმ წელს ის ძალიან ახლოს იყო "ოქროს ბურთთან", სადაც საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს "ლივერპულმა" ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო. თასის ფინალში "ლივერპული" "ვესტ ჰემთან" 2:3-ს აგებდა, როცა ჯერარდმა 32 მეტრიდან გოლი გაიტანა, რომელიც სეზონის ულამაზეს გოლად აღიარეს.

2010 წელს სტივენი "გარდიანის" მიერ შედგენილ მსოფლიო ნაკრებში მოხვდა. სტივენი "ლივერპულის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

საბოლოოდ, ჯერარდმა "ლივერპულთან" ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის თასი, სამჯერ ლიგის თასი, ერთხელ სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და უეფას სუპერთასი. 2005 წელს უეფამ ის წლის საკლუბო ფეხბურთელად დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული