სკუდეტო
ფორმალურად "იუვენტუსი" ჯერ კიდევ არ გამხდარა ჩემპიონი, მაგრამ თქმა არ სჭირდება, რომ ტურინული გრანდი მორიგ სკუდეტოს მოიპოვებს. მომდევნო ტურში, "ვეკია სენიორა" "რომას" ესტუმრება და დიდია შანსი, რომ ჩემპიონი "სტადიო ოლიმპიკოზე" გახდეს. გამარჯვება სკუდეტოს მოგების ტოლფასია, თუმცა "იუვეს" შესაძლოა ფრეც ეყოს - თუ "ნაპოლიმ" "ტორინოს" ვერ მოუგო გასვლაზე, "იუვესთვის" ქულაც საკმარისი იქნება. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ტრიუმფისთვის
თუ ისე მოხდა, რომ "იუვემ" რომში წააგო - მაშინ სკუდეტოს 37-ე ტურში, საკუთარ სტადიონზე იზეიმებს - "ვეკია სენიორას" მეტოქე "კროტონე" იქნება. აქვე ვთქვათ, რომ ბოლო ტურში "იუვენტუსი" "ბოლონიას" ესტუმრება და 99%-იანი ალბათობით, იმ დროისთვის უკვე დაბევებული ექნება საჩემპიონო ტიტული.
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 35 27 4 4 71-23 85
---------------------------------------------------------------
2. რომა 35 25 3 7 79-32 78
3. ნაპოლი 35 23 8 4 81-36 77
ჩემპიონთა ლიგა
გასაგებია, რომ "იუვენტუსი" მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ისიც ვიცით, რომ საუკეთესო სამეულში "რომა" და "ნაპოლი" მოხვდებიან. მართალია, "ლაციო" შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდს მესამე ადგილამდე 7 ქულა აშორებს და დარჩენილ 3 ტურში ამ ფორის აღმოფხვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, თუ რომელი გუნდი დაიკავებს მეორე ადგილს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გავა. ამ დროისთვის მეორე ადგილზე "რომაა" და "ნაპოლის" ერთი ქულით უსწრებს.
რა შეიძლება მოხდეს დარჩენილ შეხვედრებში? - ორივე გუნდს დაახლოებით თანაბარი სირთულის კალენდარი აქვს. მართალია, "რომას" "იუვენტუსთან" უწევს ურთულესი მატჩი, მაგრამ სამაგიეროდ, შემდეგ ორი შედარებით იოლი პაექრობა აქვს გასვლაზე "კიევოსთან" და სახლში "ჯენოასთან". ამ ორ შეხვედრაში რომაელებმა უპირობოდ 6 ქულა უნდა მოიპოვონ, აი, "იუვენტუსთან" კი პროგნოზების კეთება უმადური საქმეა...
"ნაპოლის" "იუვენტუსთან" არ უწევს ჯახი, მაგრამ 3 რთული პაექრობა ელოდება: "ტორინოსთან" გასვლაზე, "ფიორენტინასთან" სახლში და "სამპდორიასთან" გასვლაზე. ტურინსა და გენუაში მოგება იოლი საქმე არასდროს ყოფილა, "ფიორენტინა" კი ყველგან ანგარიშგასაწევი ძალაა. ერთი ცხადია, თუ "ნაპოლიმ" თუნდაც ერთ შეხვედრაში დაკარგა ქულები, დიდი ალბათობით, მესამე ადგილზე დარჩება, ეს კი "რომას" მცირე უპირატესობას ანიჭებს.
თ მ ფ წ ბ ქ
2. რომა 35 25 3 7 79-32 78
---------------------------------------------------------------
3. ნაპოლი 35 23 8 4 81-36 77
---------------------------------------------------------------
4. ლაციო 35 21 7 7 70-42 70
ევროპალიგა
2 ადგილი და 4 პრეტენდენტი: "ატალანტა", "მილანი", "ინტერი" და "ფიორენტინა". რაც შეეხება "ლაციოს", რომაელებმა უკვე დაიბევეს ევროსაგზური და მომდევნო სეზონში იტალიას ევროპალიგაზე წარმოადგენენ.დარჩა კიდევ 2 საგზური, რომელთაგან ერთს, დიდი ალბათობით, "ატალანტა" მოიპოვებს. ბერგამოელებს ბრწყინვალე სეზონი აქვთ და სასწაული უნდა მოხდეს, რომ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დათმონ. "ატალანტა" უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს და ბერგამოელები ამ ფორის განიავებას ნამდვილად არ აპირებენ. მომდევნო ტურში საინტერესო მატჩია - "ატალანტა" უშუალო კონკურენტ "მილანს" ხვდება და თუნდაც ფრე ჯანპიერო გასპერინის გუნდისთვის საკმარისი იქნება ევროსაგზურის დასაბევებლად. მარცხის შემთხვევაშიც, "ატალანტა" ევროპალიგაზე გასვლის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად დარჩება, რადგან ცხრილში ისევ მე-5 ადგილზე იქნება და ორ შედარებით სუსტ გუნდთან მოუწევს პაექრობა: "ემპოლისთან" და "კიევოსთან"...
მოკლედ, "ლაციოსთან" ერთად, ევროპალიგაზე "ატალანტაც" გავუშვით და ვინ იქნება მესამე გუნდი? - წესით, ევროპალიგის მესამე საგზური იტალიის თასის მფლობელს ერგება, მაგრამ თასის ფინალში "იუვენტუსი" და "ლაციო" გავიდნენ, ეს გუნდები კი ისედაც იასპარეზებენ ევროარენაზე - შესაბამისად, ევროპალიგის მესამე საგზურს სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს.
ამ დროისთვის, მე-6 ადგილზე "მილანია" და თანაქალაქელ "ინტერს", ისევე, როგორც "ფიორენტინას", 3 ქულით უსწრებს. ფავორიტად "როსონერი" უნდა მივიჩნიოთ, რადგან სულ 3 ტურია დარჩენილი და "მილანი" კონკურენტებს ამდენივე ქულით უსწრებს - ვინჩენცო მონტელას გუნდი მომდევნო ტურში "ატალანტას" ესტუმრება, შემდეგ "ბოლონიას" მიიღებს და ბოლო ტურში სარდინიაზე ჩავა "კალიარისთან" სათამაშოდ. რაც შეეხება "ინტერს", სტეფანო პიოლის გუნდი "სასუოლოს" და "უდინეზეს" უმასპინძლებს, "ლაციოს" კი ესტუმრება.
თუ ისე მოხდა, რომ მილანურმა გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულა დააგროვეს, პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს მიენიჭება - თუმცა, აქ სრული თანაფარდობაა, რადგან ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და ორივეში გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს. ანუ ამოქმედდება ბურთების შეფარდება, აქ კი "ინტერს" აშკარა უპირატესობა აქვს - ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "ნერაძურის" +19 გოლი აქვს, "მილანს" კი +10. შესაბამისად, თუ დარჩენილ 3 ტურში "ინტერმა" 3-ქულიანი ფორა აღმოფხვრა, მე-6 ადგილზე აინაცვლებს, თუმცა ეს არ იქნება ადვილი.
"ფიორენტინას" შანსები ყველაზე ნაკლებად ფასობს, რადგან ფლორენციელებს რთული კალენდარი აქვთ - პაულო სოუზას გუნდი მომდევნო ტურში "ლაციოს" უმასპინძლებს, შემდეგ კი მეორე ადგილზე დაგეშილ "ნაპოლის" ესტუმრება, იქ მოგება კი ურთულესი საქმეა.
აქვე ვთქვათ, რომ მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფში ჩაჯდებიან, მე-6 ადგილზე გასულ გუნდს კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა...
თ მ ფ წ ბ ქ
4. ლაციო 35 21 7 7 70-42 70
5. ატალანტა 35 19 8 8 59-40 65
---------------------------------------------------------------
6. მილანი 35 17 8 10 52-42 59
---------------------------------------------------------------
7. ინტერი 35 17 5 13 63-44 56
8. ფიორენტინა 35 15 11 9 57-49 56
გა-დარჩენისთვის ბრძოლა
"პესკარამ" და "პალერმომ" სერია A-ში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგეს და ეს გუნდები მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებენ. დიდი ალბათობით, მესამე უიღბლო "კროტონე" იქნება, რომელმაც ბოლო ტურებში კი აკრიფა ქულები, მაგრამ კონკურენტებმაც იყოჩაღეს და შესაბამისად, ისევ გასავარდნ ზონაში რჩება, თანაც ისე, რომ "ემპოლისგან" 4 ქულა აშორებს. 3 ტურში 4 ქულის ამოქაჩვა ურთულესი იქნება და თანაც მაშინ, როდესაც წინ "იუვენტუსთან" და "ლაციოსთან" გაქვს შეხვედრები. მოკლედ, სატურნირო ცხრილით და დარჩენილი შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, "კროტონე" განწირული ჩანს და დიდი ალბათობით, ეს გუნდიც დაქვეითდება. შესაბამისად, ლევან მჭედლიძის "ემპოლი" მომდევნო სეზონსაც იტალიური ფეხბურთის ელიტაში გაატარებს.
ბომბარდირთა დავა
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დაძაბული ფინიში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში, დიდი ხანია არ გვინახავს. ჯერჯერობით, ლიდერი ედინ ჯეკოა, რომელმაც "მილანთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 27 გოლს მოუყარა თავი. მეორეზეა ანდრეა ბელოტი, რომლის აქტივში 25 შედეგიანი დარტყმაა. შემდეგ მოდიან გონსალო იგუაინი, მაურო იკარდი და დრის მერტენსი 24-24 გოლით - ბელგიელმა ბოლო ტურში დუბლი შეასრულა და ასევე ინარჩუნებს ბომბარდირთა დავაში გალიდერების შანსს.
იქვე ახლოა ჩირო იმობილე, რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი - ლიდერ ჯეკომდე 5 გოლი უკლია, მაგრამ ბოლო ტურებში "ლაციო" ისე შედეგიანად ათამაშდა, რომ მიზერულ შანსს ჩიროც ინარჩუნებს. მოკლედ, ჩემპიონატის ფინიშზე ბომბარდირებს დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...
სერია B
როგორც აღვნიშნეთ, "პესკარამ" და "პალერმომ" უკვე დატოვეს იტალიური ფეხბურთის ელიტა და მათ გზას მალე "კროტონეც" გაუყვება. რომელი გუნდები დაიკავებენ მათ ადგილებს?სერია B-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, შემდეგ კი პლეი ოფები დაიწყება. სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ აღზევდებიან სერია A-ში - მიზანთან ახლოა სპალ-ი, გუნდი, რომელიც ბოლოს სერია A-ში შორეულ 1967/68 წლების სეზონში ასპარეზობდა. არად, სპალ-ი საკმაოდ დიდ ქალაქს, ფერარას წარმოადგენს, რომელშიც 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. შედარებისთვის, ბერგამოში 120 ათასი ადამიანი ბინადრობს, უდინეში მოსახლეობა 100 ათასს აღწევს, ემპოლიში - 50 ათასს, ხოლო სასუოლოში - 40 ათასს. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პატარა, პროვინციული ქალაქის ან სოფლის გუნდის წარმატებაზე არ გვიწევს ლაპარაკი...
სპალ-ი, ანუ Societa Polisportiva Ars et Labor სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა - უახლოეს მდევარ "ვერონას" 3 ქულით უსწრებს, მესამე ადგილზე მყოფ "ფროზინონეს" კი - 4 ქულით. დარჩენილ ორ ტურში ამ ფორის შენარჩუნება არ უნდა იყოს რთული საქმე.
მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული "ვერონასა" და "ფროზინონეს" შორის - ამ დროისთვის, ვერონელები 1 ქულით წინ არიან, დარჩენილ ორ ტურში კი გუნდებს დაახლოებით თანაბარი სირთულის კალენდარი აქვთ.
სერია A-ში აღზევებული მესამე გუნდი პლეი ოფის გზით გამოვლინდება - რეგულარული სეზონის შედეგად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებენ, მათი მეტოქეების ვინაობა კი ორი დუელით გამოვლინდება, რომელთა წყვილებს მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდები დააკომპლექტებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"