ზაფხულზე ქალბატონს სპალეტი ჩაიბარებს

AutoSharing Option
სანკტ პეტერბურგის “ზენიტის” იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი მომავალი სეზონიდან “იუვენტუსს” ჩაიბარებს. ასეთი სპეკულაციები გაჩნდა გუშინ რუსულ ვებგვერდებზე. მათი მტკიცებით, ტურინელები მოლაპარაკებათა პროცესს უახლოეს 1 თვეში დაასრულებენ, რათა ზაფხულისთვის თავი მშვიდად დაიგულონ და სწორედ 52 წლის სპეციალისტთან ერთად დაგეგმონ ახალი სეზონის. “ლუჩანომ უკვე გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება, - განუცხადა ჟურნალისტს ერთ-ერთმა იტალიელმა აგენტმა. – ვერ ვიტყვი, რომ მას “ზენიტში” რამე არ აკმაყოფილებს, მაგრამ ისეთი კლუბისგან სამსახურის შეთავაზება, როგორიც “იუვენტუსია”, იშვიათი შანსია და მასზე უარს ბევრი ვერ იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში შედარებით
მცირე ანაზღაურებას სთავაზობენ, მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. გარწმუნებთ, “იუვეს” ბოსები მოლაპარაკებათა პროცესს მალე ზენიტელ კოლეგებთანაც დაიწყებენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კომპრომისი მალე მოინახება. “ქალბატონის” ხელმძღვანელების აზრით, ლუიჯი დელ ნერის თანამდებობაზე უკეთესი ალტერნატივის მოძებნა უბრალოდ შეუძლებელია. მათ მშვენივრად ახსოვთ ლუჩანოს შედეგიანი მუშაობა “რომაში” და დარწმუნებულნი არიან, რომ ის წარმატებებს მათთანაც მიაღწევს”.

ყოველივე ამის შემდეგ ჟურნალისტები სპალეტის დაუკავშირდნენ და კომენტარი სთხოვეს. ის თავდაპირველად შეეცადა თავი აერიდებინა პირდაპირი პასუხებისთვის, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ეს ხმები ყოველგვარ საფუძველ მოკლებულია და რომ ის მთლიანად “ზენიტზეა” კონცენტრირებული. “არანაირი წინადადება “იუვენტუსისგან” არ მქონია, - განაცხადა სპელეტიმ. – არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩემი ფიქრები ახლანდელ კლუბს დასტრიალებს თავს”. ასეთი უარის მიღების მიუხედავად ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ ახალი წლის შემდეგ ის უკვე იმყოფებოდა იტალიაში, სადაც “ბიანკონერის” წარმომადგენლებს შეხვდა და სავარაუდოდ მოლაპარაკებათა პირველი რაუნდიც სწორედ მაშინ გაიმართა. იანვარში მისი გადაბირება “ინტერსაც” უნდოდა, თუმცა “ნერაძურიმ” ლეონარდოსთან მოლაპარაკება მალე მოახერხა და სპალეტის კანდიდატურა ამიტომ მოიხსნა დღის წესრიგიდან. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს “ზენიტის” წარმომადგენლებმა.

თემის დასასრულს გეტყვით, რომ სპალეტისა და “ზენიტს” შორის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის იანვარში გასდის.
“რომასთან” გასვლით შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტები “იუვენტუსის” რომაელ ნახევარმცველ ალბერტო აკვილანის მიადგნენ და გამოჰკითხეს, თუ რას გრძნობდა ის მშობლიურ ქალაქში მისი აღმზრდელი კლუბის წინააღმდეგ თამაშისას. გეტყვით, რომ ალბერტომ ფეხბურთის თამაში “რომას” საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და პროფესიული კარიერის დიდი ეტაპიც იქ გაატარა. ის 2009 წელს 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “ლივერპულში” გადავიდა, სადაც აშკარად ვერ გაამართლა და იჯარის წესით სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდა. აი, რა განუცხადა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს: “თამაშამდე ტოტისა და დე როსის კარგა ხანს ვესაუბრე. დავურეკე სხვა ყოფილ თანაგუნდელებსაც. “ოლიმპიკოზე” ასპარეზობა ჩემთვის განსაკუთრებული ემოციაა, თუმცა დაიწყო თუ არა შეხვედრა, ეს გრძნობა სადღაც გაქრა და თავში მხოლოდ “იუვეს” ინტერესები მიტრიალებდა. ყველანი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ კარგად გვეთამაშა და ეს მოვახერხეთ კიდეც. მოგებამ ყოველ ჩვენგანს განუმეორებელი სიხარული მიანიჭა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ყოველ დარჩენილ შეხვედრას ასეთი განწყობით შევხვდეთ და ყოველი ამოცანა წარმატებით გადავჭრათ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ზაფხულში ყველაფერი გაირკვევა. იმედია, ისევ “ბიანკონერის” დავუბრუნდები, კლუბს, რომელმაც იტალიაში თამაშისა და ნაკრებში დაბრუნების შანსი მომცა”.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული