გუშინ, "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი სიცილიური კლუბის პრეზიდენტს გაესაუბრა და სწორედ ამ საკითხზე ჩამოუგდო სიტყვა. მაურიციო ძამპარინიმ შემდეგი განაცხადა:
"რა ხდება პასტორესთან დაკავშირებით? - არგენტინელზე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად, სავარაუდოდ მასთან განშორება მოგვიწევს. თუ მკითხავთ, რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ ხავიერი ჩვენთან დარჩეს, ჩემი პასუხი იქნება: ერთი. დიახ, 99% პასტორე ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში გადავა,
ძამპარინის 50 მილიონი ევრო უნდა და ამ თანხის სანაცვლოდ პასტორეს ეშმაკსაც მიყიდის - თუმცა, თავად ფეხბურთელს ყველაზე მეტად "მილანის" ვარიანტი ხიბლავს. აი, რას ამბობს არგენტინელი პლეიმეიქერი: "სიმართლე გითხრათ, ზუსტ ინფორმაციას არ ვლობ თუ რომელი გუნდები არიან ჩემით დაინტერესებულნი; მით უმეტეს, ნაკლებად მაინტერესებს ვინ რამდენს იხდის. სიცილიაში თავს კარგად ვგრძნობ და დარჩენაც რომ მომიწიოს, წინააღმდეგი არ ვიქნები. თუმცა, კარგად მესმის, რომ ამის შანსი საკმაოდ მცირეა და სავარაუდოდ, კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება მომიწევს.
ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადავიდოდი "მილანში", სადაც ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ განვითარდე და ტიტულები მოიგო. თანაც, "როსონერის" აშკარად აკლია ტიპური პლეიმეიქერი, ამ პოზიციაზე ალეგრიმ არაერთი მოთამაშე გამოსცადა დაწყებული კევინ პრინც ბოატენგიდან, დამთავრებული რობინიოთი. მოკლედ, "სან სირო" ის სტადიონია, სადაც სიამოვნებით ჩავატარებდი საშინაო შეხვედრებს".
პასტორემ არ დამალა, რომ მისთვის ყველაზე სასურველი "მილანში" გადაბარგება იქნება. მაგრამ, არიან კი მზად ლომბარდიელები საიმისოდ, რომ სიცილიური კლუბის ბიუჯეტში 50 მილიონი ევრო გადარიცხონ? - შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სილვიო ბერლუსკონის კომპანიას იტალიის სასამართლომ 560 მილიონი ევრო ჯარიმა დააკისრა, რამაც "მილანის"'პრეზიდენტის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. მართალია, უკვე არაერთხელ ითქვა, რომ კომპანია "მონდანდორის" პრობლემები "როსონერის" სატრანსფერო პოლიტიკაზე ასახვას არ ჰპოვებს, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ ვითარებაში დონ სილვიომ ერთ ფეხბურთელში ხუთი ათეული მილიონი ევრო გაიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"