პრინცის დაუჯერებელი ამბავი

AutoSharing Option
სერია ა-ს 2010/2011 წლების გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა უდავოდ კევინ პრინც ბოატენგი გახლავთ, რომელმაც "მილანთან" ერთად სადებიუტო სეზონში სკუდეტო მოიპოვა. ამასთან, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოგვევლინა.

ერთი სიტყვით, 24 წლის განელ ნახევარმცველს შეუძლია, რომ გასული სეზონი აქტივში ჩაიწეროს. "გაძეტა დელო სპორტმა" ბოატენგთან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- "მილანთან" ერთად პირველივე სეზონში გახდი იტალიის ჩემპიონი, ამასთან, ხარ გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა. საერთოდ, თუ აცნობიერებ რა ხდება შენს თავს?
- წლინახევრის წინ, ვინმეს რომ ეთქვა
ჩემთვის "მილანში" ითამაშებ და ტიფოზების კუმირი გახდებიო, ნამდვილად გიჟად ჩავთვლიდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მართლაც ასე მოხდა. სეზონის განმავლობაში ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა, ამ ზაფხულს კი ყველაფერს ვაცნობიერებ და ჩემ მეუღლეს სულ ამ სიტყვებს ვუმეორებ: ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ მართლაც ერთად შევძელით ის, რომ გულშემატკივრების მხრიდან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ, ბავშვებისთვის კი მისაბაძი გავხდი. არადა, ბავშვობის და თინეიჯერობის წლებში მშობლები შვილებს ჩემთან მეგობრობას უშლინდნენ, მგონი სხეულზე გამოსახული ტატუების გამო ცუდი ბიჭის იმიჯი მქონდა. მართლაც ამაყი ვარ იმით, რომ სრულიად საპირისპირო რამ დავამტკიცე.

- "მილანის" ყურადღება 2010 წლის მუნდიალზე ასპარეზობით მიიქციეთ, ალბათ ყოველთვის კარგად გემახსოვრებათ სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი...
- რა თქმა უნდა და არა მარტო იმიტომ, რომ ამ მუნდიალმა "მილანისკენ" გამიხსნა გზა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ჩემპიონატმა ჩემი კონტინენტი დადებითად წარმოაჩინა. აქამდე ყველას ეგონა, რომ მთელი აფრიკა სიღარიბესა და სიღატაკეში ცხოვრობს, თუმცა დაინახეს, რომ არც მთლად მასეა საქმე. ვნახეთ ძალიან კარგად ორგანიზებული ტურნირი, შესანიშნავი სტადიონები და ქალაქების ბრწყინვალე არქიტექტურა. აფრიკული მუნდიალი ყოველთვის მემახსოვრება.

- თუ არ ვცდებით, ნელსონ მანდელასთანაც გქონდათ შეხვედრა...
- დიახ, ნამდვილად არ გეშლებათ და ეს დღეც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. მანდელა სიმშვიდის, მშვიდობის და სამართლიანობის განსახიერებაა, რომელმაც ნამდვილად შეცვალა მსოფლიო უკეთესობისკენ. მანდელას და მის მეუღლეს სულ რამდენიმე წუთით ვესაუბრე, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეც უკეთესი გავხმდარიყავი.

- შეგეძლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში გეთამაშა, მაგრამ განა აირჩიეთ, რატომ?
- ნახევრად გერმანელი ვარ და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, ისტორიული სამშობლოსკენ გადავიხარე. ამ ნაბიჯმა იმის საშუალება მომცა, რომ ახლოს ვყოფილიყავი ჩემს ფესვებთან და უკეთ გამეგო რა არის ნამდვილი აფრიკა. ერთი წუთითაც არ მინანია, რომ არჩევანი განას სასარგებლოდ გავაკეთე.

- ერთხელ განაცხადეთ, რომ თქვენი კუმირი პელეა, ნუთუ გაქვთ მისი თამაშები ნანახი?
- ჩანაწერები მაქვს ნანახი და ჩემი თქმა არ სჭირდება იმას, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ფრაგმენტებითაც კარგად ჩანს თუ რა საოცარ ტექნიკას ფლობდა და როგორ ეპყრობოდა ბურთს. დღეს კი ჩემ აღფრთოვანებას კრიშტიანო რონალდო იწვევს, რომელსაც ძალიან ახლოს ვიცნობ.

ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს პორტუგალიელზე, ქედმაღალი და ვარსკვლავური დაავადებით შეპყრობილი ჰგონიათ, სინამდვილეში კი უბრალო ადამიანია და რაც მთავარია, ძალიან შრომისმოყვარე. ყოველთვის ორჯერ უფრო მეტი დატვირთვით ვარჯიშობს, ვიდრე მწვრთნელები ავალებენ. ამიტომ არის, რომ მოედანზე ყველაფერი შეუძლია.

- შევცვალოთ თემა. იცით, რომ სექს-სიმბოლო ხართ?
- არ ვიცი ეს წოდება ვინ მომანიჭა, მაგრამ რადგან ასე ამბობთ, ე.ი. სადღაც რაღაც მაგდაგვარი დაიწერა. პრინციპში, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ესეც პოპელარობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ისე, მას შემდეგ, რაც "მილანში" გადმოვედი, 6-7 კილო მაქვს დაკლებული და ქალებისგანაც მეტ ყურადღებას ვგრძნობ. თუმცა, დაოჯახებული ვარ და ჩემი გული მხოლოდ ერთ ქალს ეკუთვნის.

- ფეხბურთს დავუბრუნდეთ. მზად ხართ ნებისმიერ ადგილზე ითამაშოთ, სადაც მწვრთნელი დაგავალებთ?
- რა თქმა უნდა. მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი დამავალებს და ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. გასულ სეზონში, მასიმილიანო ალეგრიმ გამთამაშებლადაც მათამაშა და ამ როლის შესრულება ძალიან მომეწონა. გამოგიტყდებით და დიდი სურვილი მაქვს, რომ ფორვარდების უკან მომავალშიც ვიასპარეზო. ვნახოთ, იმედია ასეც იქნება...

- ე.ი. გირჩევნია, რომ ამ ზაფხულს "მილანში" სესკ ფაბრეგასი გადმოვიდეს და არა ხავიერ პასტორე...
- ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდში, ყველას ხელგაშლილი შევეგებები, მაგრამ პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, "მილანი" ისედაც შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდია და აღარავინ გჭირდება. გვყავს გამოცდილი, შუა ასაკის და ახალგაზრდას ფეხბურთელები, რომელთა სინთეზსაც ალეგრი ძალიან კარგად ახერხებს. ასე რომ, ახალი ფეხბურთელების საჭიროებას ვერ ვხედავ.

- რომელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა?
- სკუდეტო, რადგან ამ ტროფეისთვის კვირაში ერთხელ გვიწევს ასპარეზობა. თანაც, სერია ა ისეთი ჩემპიონატია, სადაც თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო. კალჩოში იოლად არაფერი მოდის და როდესაც ყოველ კვირას თითოეული ქულისთვის ასეთი შრომა გიწევს, სკუდეტოს თავისთავად ედება განუზომელი ფასი.

- ჩემპიონთა ლიგა და "მილანი" განუყოფელი მცნებებია, რა სჭირდება გუნდს იმისთვის, რომ ვთქვათ "ბარსელონას" კონკურენცია გაუწიოს?
- ჩემპიონთა ლიგა სპეციფიური ტურნირია, იქ შეიძლება ყველაფერი ერთ შეხვედრაში, ან სულაც ერთ წუთში გადაწყდეს. ასე რომ, "ბარსასთან' კონკურენცია ოცნების სფერო ნამდვილად არ არის. ერთი კონკრეტული შეხვედრის მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება, მათ შორის კატალონიურ გრანდთანაც და ეს არაერთხელ დამტკიცებულა. თუნდაც 2009/2010 წლების სეზონი გავიხსენოთ, როდესაც ლიგა "ინტერმა" მოიგო და გზად პეპ გვარდიოლას გუნდი ჩამოიცილა.

- და მაინც, ესპანური ფეხბურთი საუკეთესოა ევროპაში?
- ესპანურ ფეხბურთს საუკეთესო დროება უდგას და შეიძლება დავეთანხმო კიდეც ამ მოსაზრებას. თუმცა, ჩემი პირადი აზრით, იტალიის ჩემპიონატში თამაში და თავის წარმოჩენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ლა ლიგაში. მართალია, ესპანურ ფეხბურთს შიგნიდან არ ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ გრანდებს უფრო უადვილდებათ თამაში. მაგალითად, "ბარსელონა" და "რეალი" ხშირად იგებენ ხუთი, ან ექვსბურთიანი უპირატესობით, რაც იტალიაში წარმოუდგენელია.

- ანუ, იტალიური ფეხბურთი მაინც ყველაფერს გირჩევნიათ...
- ესპანეთში ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და მაგალითად, "ბარსელონას" იერიშებისთვის თვალის დევნება ერთი სიამოვნებაა; ინგლისში სწრაფი ტემპია, სტადიონებზე საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ მეორე მხრივ, იშვიათად ნახავ ლამაზ ფინტს, ან გრძელ სოლორეიდს, თანაც იქ მწვრთნელები ფაქტობრივად არ ფიქრობენ ტაქტიკა-სტრატეგიაზე; აი კალჩო კი იდეალურია, იტალიაში ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი.

- სკუდეტოს შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ აპირებთ ცეკვას?
- ვიცოდი, რომ საცეკვაო ნომერზე აუცილებლად ჩამომიგდებდით სიტყვას და აი ისიც... სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ გავბედავდი და 85 000 ადამიანის თვალწინ საცეკვაო ნომერს შევასრულებდი, თუმცა შევძელი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ალბათ კიდევ ვიცეკვებ, თუმცა აუცილებლად სხვა ნომერს, რომ მოსაწყენი არ გავხდე.

- რა არის ცხოვრებაში მთავარი?
- ალბათ ტატუები, რომელთა რაოდენობა ჩემს სხეულზე წლიდან წლამდე იზრდება. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი მთავარია შენს გარშემო მყოფი ადამიანები თავს ბედნიერად გრძნობდნენ და ამით შენც ხარობდე. არ უნდა დავკარგოთ რწმენა ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი და შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული