"იუვე" ვიდალს შეუთანხმდა

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "იუვენტუსის" ღირსებას ჩილელი ფეხბურთელი, არტურო ვიდალი დაიცავს. 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლევერკუზენის "ბაიერში" ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

გერმანელები ვიდალის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ტურინელებს კი 10-ის გადახდა სურდათ - კომპრომისის მისაღწევად შეხვედრა დაინიშნა, რომელსაც ფეხბურთელის პირადი აგენტი, "ბაიერის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი და მისი ტურინელი კოლეგა ჯუზეპე მაროტა დაესწრნენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და შეთანხმებაც შედგა, რომლის მიხედვითაც ვიდალი "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას, გერმანული კლუბის
ბიუჯეტი კი 12 მილიონი ევროთი შეივსება. მიოღწეული შეთანხმების შემდეგ, მაროტა კმაყოფილებას ვერ მალავდა:

"ვიდალი ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და წლების განმავლობაში, ბუნდესლიგაში ბრწყინავდა. მისი გადაბირების ინიციატორი ანტონიო კონტეა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შეთანხმება მიღწეული და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ვიდალი "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ვაგრძელებთ, რათა მომდევნო სეზონში კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას ვგეგმავთ, რომელთა გვარები პრესაშიც აქტიურად მუსირებს".

"იუვენტუსის" და "ბაიერის" ურთიერთობა მხოლოდ არტურო ვიდალის ტრანსფერით არ შემოიფარგლება - გერმანული კლუბი მოჰამედ სისოკოს გადაბირებით არის დაინტერესებული და დიდია შანსი, ეს გარიგებაც შედგეს. თავად სისოკოს აქვს იმის სურვლი, რომ ძალები ბუნედესლიგაში მოსინჯოს და ეს არც პრესასთან საუბრისას დაუმალავს. "იუვე" რომ მისი გაყიდვით დაინტერესებულია, ამის შესახებაც არაერთხელ ითქვა, ასე რომ, მთავარია მხარეები ფასზე შეთანხმდნენ. "გაძეტას" ინფორმაციით, ლევერკუზენელებმა ტურინელებს სამი მილიონი ევრო შესთავაზეს და პასუხს უახლოეს დღეებში მოისმენენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული